სიახლეები

ქოლგების შემკეთებელი ბათუმიდან

24.05.2018 • 5612
ქოლგების შემკეთებელი ბათუმიდან

ბათუმში, „რესპუბლიკურ“ საავადმყოფოსთან ახლოს მდებარე სკვერში, დაბალ სკამზე ერთი კაცი ზის. წინ პატარა ურიკა უდგას, რომელზეც ძველი, ნახევრად დაშლილი ქოლგები და ხელსაწყოები ალაგია. ეს 70 წლის ილია ხრიმიანია, ბათუმში ქოლგების ერთ-ერთი უკანასკნელი შემკეთებელი.

ქალაქში, სადაც ხშირად წვიმს და მის არაოფიციალურ სიმბოლოდ დღემდე ხშირად ქოლგიან დელფინს მიიჩნევენ, ქოლგა აუცილებელი ნივთია. საბჭოთა დროში, როცა გამძლე და თან ლამაზი ქოლგის შოვნა საკმაოდ ძნელი იყო, გაფუჭებულ ქოლგას აუცილებლად აკეთებდნენ მანამ, სანამ მისი შეკეთება შესაძლებელი იყო. ხელოსნები, რომლებიც ამ საქმეს მისდევდნენ, ქალაქში ბევრი იყო.

ერთი ქოლგის რამდენჯერმე შეკეთება ჩვეულებრივ ამბად მიიჩნეოდა პოსტსაბჭოთა ბათუმშიც. მერე ბაზრობებსა და მაღაზიებში სხვადასხვა ფერის, ხარისხისა და ფასის ქოლგები გამოჩნდა. ქოლგის შემკეთებლებს საქმე შემოაკლდათ და თანდათან გაუჩინარდნენ. დღეს მხოლოდ ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე თუ წააწყდებით ძველ აბრას, რომელზეც ქოლგაა მიხატული. ამ აბრით მიხვდებით, რომ აქ, წლების წინ, ქოლგების შემკეთებელს იპოვიდით.

ილია ხრიმიანი 23 წელია ქოლგებს აკეთებს. ამ საქმეს მას შემდეგ მიჰყო ხელი, როცა 90-იან წლებში სამსახურის გარეშე დარჩა. „ჯერ მანქანათმშენებელ ქარხანაში ვმუშაობდი, მერე – ჯარში. 1992 წელი იყო და ყველა სამსახური დაიხურა, არც პენსია, არც სამუშაო და ვიფიქრე, რომ ეს საქმე უნდა დამეწყო. ხელიდან ყველაფერი გამომდის, მუშაობა ყოველთვის მიყვარდა და უკვე ამდენი ხანია აქ ვზივარ, ვმუშაობ. სამუშაო ხან არის, ხან – არა, რას იზამო“, – ამბობს.

ილია ხრიმიანი

მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღის პირველი საათიდან ხუთ საათამდე. მოაგორებს ურიკას და ელოდება, როდის მოუტანენ ქოლგებს შესაკეთებლად. შეკვეთები ახლა ბევრი არ არის, მაგრამ მე მყოფნისო – ამბობს. წუხს, რომ ხშირად ქოლგას უტოვებენ, წასაღებად კი აღარ მოდიან. ქოლგების ხარისხი არ მოსწონს, ძალიან სუსტი ქოლგებია და არც მეპატრონეები უვლიან კარგად, ძლიერ ქარში ქოლგას შუაში უნდა მოჰკიდო ხელი, თორემ ტარი გატყდება, ქოლგის მოვლა ბევრმა არ იცისო – ჯავრობს.

მობილური ტელეფონი არ აქვს. ამბობს, რომ არც სჭირდება, „მე თუ ვეტყვი ადამიანს, ხვალ ამ საათზე აქ ვიქნები, არ მოვატყუებ, მთავარია თვითონ მოვიდესო“, – მეუბნება.

შეკვეთების მოლოდინში სკამზე ზის და ქუჩას გაჰყურებს. ფიქრობს წარსულზე, მომავალზე, ოჯახზე. მეუბნება, რომ საკუთარი აზრი აქვს სიმდიდრეზე: „სულ მდიდარი ადამიანიც არ ვარგა, ჭიქაში წყალს რომ ასხამ, ბევრი თუ მოგივიდა, გადმოვა ჭიქიდან, ასეა ცხოვრებაც, ბევრი ფული არ არის საჭირო, ცხოვრებას რევს. მე ღმერთმა ეს საქმე მომცა, ამით უნდა ვიცხოვრო და 180 ლარი პენსიით, რომელიც ბანკიდან სახლში მისვლამდე მთავრდებაო“, – იცინის.

შაბათ-კვირას ჩაქვში მიდის, სადაც მიწის ნაკვეთი აქვს და მიწაზე მუშაობს. „ბევრი არაფერი მოდის, მაგრამ გული არ მიჩერდება, თან მუშაობა მომწონს და არ მინდა მალე მოვხუცდე, ახალგაზრდა მინდა ვიყო დიდხანსო“, – მიმხელს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: