განათლება,მთავარი,სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო

05.03.2018 • 3170
ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო

დღეს, 5 მარტს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.gov.ge და online.naec.ge) უნდა გაიარონ.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ. 30 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნება.

რეგისტრაცია

ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სიახლეები 2018:

  • წელს ცენტრი აპლიკანტებს საშუალებას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი გელიანი (ტუშის) კალამი შეიტანონ გამოცდაზე;
  • აბიტურიენტებს პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ – რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, სადაც განთავსდება ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.
  • არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება – აბიტურიენტები არჩევით გამოცდებზე ტესტირებას რუსულ ენაზე ვეღარ გაივლიან.
  • 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ზოგადი უნარების ტესტის ფორმატი მცირედ განსხვავებული იქნება. ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი. წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებებთან ერთად ანალოგიებზე მუშაობა აბიტურიენტებს მათი უნარების უკეთ გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: