Batumelebi | ”საერთაშორისო გამჭვირვალობა”: გამოკითხულთა მხოლოდ 4% ფიქრობს, რომ საკრებულო მათ ინტერესებს გამოხატავს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა”: გამოკითხულთა მხოლოდ 4% ფიქრობს, რომ საკრებულო მათ ინტერესებს გამოხატავს – Batumelebi
RU | GE  

”საერთაშორისო გამჭვირვალობა”: გამოკითხულთა მხოლოდ 4% ფიქრობს, რომ საკრებულო მათ ინტერესებს გამოხატავს

 

საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ნაკლებად ფიქრობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები მათ ინტერესებს გამოხატავენ. მათ მწირი ინფორმაცია აქვთ  მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ – ასეთია იმ სოციოლოგიური კვლევის შედეგი, რომელიც „კავკასიის კვლევითი რესურსის ცენტრმა“ (CRRC) 2015 წლის აპრილში ჩაატარა, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით. CRRC-მა საქართველოს 1867 მოქალაქე გამოკითხა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის შედეგები დღეს ორგანიზაციის ბათუმის ოფისში რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ გააცნო ჟურნალისტებს. 

მალხაზ ჭკადუა
მალხაზ ჭკადუა

“მსგავსი გამოკითხვა ორგანიზაციამ 2013 წელსაც ჩაატარა და წელს ეს შედეგები ნამდვილად არ არის სახარბიელო, პრაქტიკულად ყველა ნაწილში შემცირებულია ის მაჩვენებელები, რომლებიც 2013 წელს იყო. ყველაზე საგანგაშოდ რაც მიგვაჩნია, გახლავთ ის, რომ 2013 წლის გამოკითხულების 4-მა პროცენტმა განაცხადა, რომ საკრებულოს სხდომას ესწრებოდა, წელს კი მაჩვენებელი შემცირდა 2 პროცენტამდე” – განაცხადა მალხაზ ჭკადუამ.  

წინა კვლევის შედეგებისგან განსხვავებით, გაზრდილია იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ადგილობრივი მთავრობის მუშაობის შესახებ ნაკლებად ინფორმირებულია – 2013 წელს ეს მაჩვენებელი გამოკითხულთა 20% იყო, წელს კი ეს მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა. შემცირებულია იმ მოქალაქეთა რიცხვიც, ვისაც მიაჩნია, რომ გამგებელი/მერი სრულად გამოხატავს მათ ინტერესებს, თუმცა ამავდროულად შემცირებულია მათი რაოდენობაც, ვინც ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტის მერი/გამგებელი ამომრჩევლის ინტერესებს საერთოდ არ გამოხატავს: 2013 წელს გამოკითხულთაგან 14%, წელს კი 12% ფიქრობს ასე.

 

კვლევის შედეგად გაუარესებულია საკრებულოებისადმი დამოკიდებულებაც. თუ 2013 წელს გამოკითხულთა 11% ფიქრობდა, რომ საკრებულო ამომრჩევლის ინტერესს სრულად გამოხატავდა, წელს ეს მაჩვენებელი 4%-ით შემცირდა. 


მოსახლეობის მხოლოდ 2% მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის სპეციფიკას ძალიან კარგად იცნობს, რაც, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით იმაზე მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საზოგადოებასთან ურთიერთობას არასაკმარის დროს უთმობენ. 


ინფოგრაფიკა: transparency.ge
ინფოგრაფიკა: transparency.ge


“ეს გამოკითხვა გვაძლევს სურათს, რომ წლიდან წლამდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლების მიმართ იკლებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გამოწვეულია ისეთი პრობლემებით, როგორიცაა: ნაკლები კომუნინაცია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობა და მისდამი ანგარიშვალდებულების კლება წლიდან წლამდე,”  – ამბობს მალხაზ ჭკადუა. მისი თქმით, ერთადერთი, რაც სტაბილურია 2013 წლიდან დღემდე, ეს არის თვითმმართველობისადმი მოსახლეობის ნეიტრალური დამოკიდებულება. 







ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"