სიახლეები

1 ნოემბრიდან იარაღის შეძენის მსურველები გამოცდას ჩააბარებენ

03.10.2015 • 2086
1 ნოემბრიდან იარაღის შეძენის მსურველები გამოცდას ჩააბარებენ

 

 

 

მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება #729 ამტკიცებს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა  და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციას.


იარაღის შეძენის მსურველს მოეთხოვება: იარაღის შესახებ კანონის ცოდნა, უსაფრთხოდ შენახვა-გადატანის წესები, პირველადი სამედიცინო დახმარების წესები.


გამოცდის ჩაბარებასთან ერთად იარაღის შეძენის მსურველმა უნდა გადაიხადოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.


ამ ცვლილების შესახებ ცნობა სააგენტომ გუშინ 2 ოქტომბერს განათავსა თავის ვებგვერდზე, სადაც ნათქვამია, რომ „ცვლილება იარაღის მოხმარების წესების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით განხორციელდა“.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება:

„იარაღის შეძენის მსურველები გამოცდას თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, გაზის (აირის) იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ჩააბარებენ. საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი. იარაღის დარეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებს.

საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგება და გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება. იარაღის შეძენის მსურველს თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 30 წუთი ეძლევა.

იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც იარაღს 1 ნოემბრამდე დაირეგისტრირებენ. იარაღის მფლობელი გამოცდას მხოლოდ ახალი იარაღის შეძენის შემთხვევაში აბარებს. ამავდროულად, გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მოქალაქეს იმავე ტიპის სხვა იარაღის შეძენისას გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა აღარ მოუწევს.

იარაღის შეძენის მსურველებს გამოცდაზე გასვლა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყველა განყოფილებაში შეეძლებათ. გამოცდაზე გასასვლელად უნდა წარმოადგინონ ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი“.


სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის მიხედვით გამოცდას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ჩაატარებს.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მიერ გამოცემული ბრძანება #729, 1 ნოემბრიდან ამოქმედდება.



გადაბეჭდვის წესი


ასევე: