სიახლეები

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა იწყება

22.09.2015 • 1970
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა იწყება

 

ბათუმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ტენდერის ორჯერ ჩაშლა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ გამოწვია. პროექტისთვის გათვალისწინებული თანხა აღარ აღმოჩნდა საკმარისი იმ მოთხოვნების შესასრულებლად, რასაც ტენდერის პირობები ითვალისწინებდა. გაირკვა, რომ პროექტის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი 3დ ლუქების შექმნას დასჭირდებოდა (დაახლოებით 60 000 ლარი), ამიტომ პოტენციურ მომწოდებლებთან შეხვედრისა და პრობლემის გაანალიზების შემდეგ ბათუმის განვითარების ფონდის შესყიდვების სამსახურმა ეს მოთხოვნა სატენდერო პირობებიდან ამოიღო.

 

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერაზე „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი „გეოგრაფიკი“ იმუშავებს. ის ერთადერთი კომპანია იყო, რომელიც ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა. შესაბამისად, მას ელექტრონულ ვაჭრობაზე კონკურენტი არ ჰყოლია. პროექტის ბიუჯეტი 100 000 ლარი იყო, თუმცა ელექტრონულ ვაჭრობაზე კომპანიამ მერიას სამუშაოს შესრულება 98 500 ლარად შესთავაზა.

 

უკვე გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ბათუმში არსებული ძეგლების ინვენტარიზაცია და არსებული მდგომარეობის შეფასების ელექტრონულად მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, შემდგომში კი მომსახურება უნდა უზრუნველყოს. ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს ბათუმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ავთანდილ დარჩია და ინსპექტირების ჯგუფი განახორციელებს.

 

სამუშაოს შესასრულებლად კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი თვის ვადა აქვს, სამუშაოს შესრულების არეალი კი ბათუმის ტერიტორიაა.

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ფიქსაცია და სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, დამცავ ზონებში დასაშვები ქმედებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება უნდა უზრუნველყოს.

 

კომპანიამ უნდა გაწეროს ასევე თავისუფალი სივრცეების გამოყენების პირობების, რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის საკითხები. ეს ძეგლის დამცავ ზონაში მშენებლობის დასაშვებობა – არ დასაშვებობას, ან პროექტის დასაშვებ მასშტაბებს განსაზღვრავს. მოთხოვნებს შორისაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების სააღრიცხვო ბარათების შედგენა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების კონსტრუქციული მდგომარეობის შეფასება.

 

სატენდერო პირობის გათვალისწინებით, კომპანიამ ასევე უნდა განახორციელოს:

 

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა-შეფასება: უშუალოდ ძეგლზე არსებული საკადასტრო ერთეულის მოძიება, მისი არსებულ რეალობასთან შედარება და ფიქსაცია; ძეგლის ტერიტორიაზე და მის ინდივიდუალურ დამცავ ზონაში არსებული ობიექტების საკუთრების თაობაზე ინფორმაციის მოძიება და დამუშავება. თავისუფალი სივრცეების გამოყენების პირობების, რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის საკითხების დამუშავება,• საველე მონაცემების შეყვანა და სისტემატიზაცია.

 

ერთიანი მონაცემთა ბაზა უნდა შეიქმნას საქართველოს კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილ პროგრამული უზრუნველყოფის მოდელით, ონლაინ რეჟიმში.

 

 

ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2011 წელსაა დაფუძნებული და მის 50-50% წილებს მალხაზ ხურციძე და გიორგი გოცირიძე იყოფენ.


ბათუმი
ბათუმი

გადაბეჭდვის წესი