სიახლეები

ბათუმის მერია ”იაფი სახლის” მშენებლობას იწყებს

22.09.2015
ბათუმის მერია ”იაფი სახლის” მშენებლობას იწყებს

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, უკვე მზადაა შენობის პროექტი, მომზადებულია ასევე სამშენებლო მოედნის გეოლოგიური დასკვნა და შესწავლილია გრუნტი. პროექტი მართკუთხა ფორმის ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს.

 

ტენდერის პირობების მიხედვით, მშენებლობა შესაბამისი სამსახურებიდან ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი კომპანიამ ბათუმის მერიას შესრულებული სამუშაოების მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი უნდა წარუდგინოს, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ იქნება გაცემული.

 

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო სამი წლის განმავლობაში (2012, 2013, 2014) და 2015 წლის პირველ სექტემბრამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები, საერთო ღირებულებით, არანაკლებ 10 მილიონი ლარის ოდენობით.

 

ე.წ. ”იაფი სახლის“ პროექტის შესაძლო განხორციელებაზე 2014 წლის დასაწყისში ბათუმის მაშინდელმა მერმა ჯემალ ანანიძემ დაიწყო საუბარი. მერიის ეკონომიკურ სამსახურში კი აცხადებდნენ, რომ „იაფი სახლის“ პროექტში მონაწილეობის კრიტერიუმების გაწერაზე მუშაობა დაწყებული იყო.
ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტში „იაფი სახლის“ პროექტისთვის 2,5 მილიონი ლარი გაითვალისწინეს. პროგრამა გულისხმობდა 110 ბინის მშენებლობას. თანხა გაწერილი იყო ასევე ბაზრის კვლევისთვის, შემდეგ კი უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და დაწყებულიყო მშენებლობა. თუმცა მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი არ გამოუცხადებიათ და შესაბამისად არც მშენებლობა დაწყებულა. თანხა კი ბათუმის მერიამ წლის ბოლოს ნაშთში გადაიტანა, `იაფი სახლი~ კი შეუსრულებელი პროექტების ნუსხას შეემატა.

 

მერიამ იაფი სახლის პროექტის გარეშე წარუდგინა საკრებულოს 2015 წლის ბიუჯეტიც, რასაც ოპოზიცია აკრიტიკებდა. მოგვიანებით მერიამ „იაფი სახლის“ პროექტის კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფი შექმნა, რომელსაც ამ დრომდე ერთი სხდომაც არ ჩაუტარებია. ასე რომ კრიტერიუმები ისევ სამსჯელო თემაა, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის და ხელშეკრულების დადების შემთხვევაში კი ე.წ. „იაფი სახლის“ მშენებლობა სავარაუდოდ წელს დაიწყება. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.