სიახლეები

შეკრება ბათუმში „სამართლიანობის აღდგენის“ მოთხოვნით

22.09.2015 • 1506
შეკრება ბათუმში „სამართლიანობის აღდგენის“ მოთხოვნით

 

ერთ-ერთი მათგანი, ვინც დღეს 70 მოქალაქეს შორის იმყოფებოდა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, არის ვახტანგ აბულაძე, რომელიც ამბობს, რომ მან ცივილიზებული წესებით აირჩია ბრძოლა საკუთრების დაბრუნებისთვის, მაგრამ ქვეყნის სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, საკუთრება მაინც ვერ დაიბრუნა.

 

„2010 წლის 10 მაისიდან მოყოლებული სასამართლოში მიმდინარეობს დავა ჩემს საკუთრებასთან დაკავშირებით, რომელიც მდებარეობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენის მეურნეობაში. ამ ხელისუფლების პირობებში, 2012 წლის 16 ნოემბერს, ხელვაჩაურის საკრებულომ გამიუქმა მიწის საკუთრება და მას შემდეგ ვდავობ სასამართლოში. სასამართლო პროცესები მოგებული მაქვს როგორც ბათუმში, ისე ქუთაისსა და საკასაციო სასამართლოშიც“.

 

სასამართლო დადგენილების მიუხედავად, საჯარო რეესტრმა, სააღსრულებლო ფურცლის წარდგენის მიუხედავად, ვახტანგ აბულაძეს საკუთრების დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. „თურმე ჩემი მიწის ნაკვეთიდან გარკვეული ფართობი დაურეგისტრირებია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას“, – ამბობს ვახტანგ აბულაძე, რომელმაც ამ უარის მიღებისთანავე მიმართა გამგეობას იმ ბრძანების გაუქმების მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც მიითვისა მისი მიწის ნაკვეთი.

 

გამგეობისგან უარის მიღების შემდეგ ვახტანგ აბულაძემ ისევ სასამართლოს მიმართა: „ამ დროისთვის ჩემი დავა განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და მიწის ნაკვეთი დაუბრუნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს“.

 

ვახტანგ აბულაძის თქმით, ის გაჩერებას არ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ ჩამორთმეული მიწა არის მისი საკუთრება, სადაც მას „სერიოზული თანხა აქვს  მოვლა-რეაბილიტაციაზე დახარჯული“.

 

ვახტანგ აბულაძე დარწმუნებულია, რომ „მისი მიწის ნაკვეთის მიმართ პირადი ინტერესი ჰქონდათ ხელისუფლების უმაღლესი რგოლის თანამდებობის პირებს“და მხოლოდ ამის გამო წაართვეს მიწის ნაკვეთი. „ამ შემთხვევაში მათი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია, ამჟამად ისინი მოქმედი ჩინოვნიკები არ არიან“, – ამბობს ვახტანგ აბულაძე.

 

ვახტანგ აბულაძე, ისე როგორც სხვა პირები, რომლებიც დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ იყვნენ შეკრებილები, ამბობენ, რომ „სამართლიანობა უნდა აღდგეს ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების შეცდომების გამო დაზარალდნენ“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: