Batumelebi | ტურავა: არ მოვაწერ დოკუმენტს ხელს, რომელიც იქნება კონსტიტუციის საწინააღმდეგო ტურავა: არ მოვაწერ დოკუმენტს ხელს, რომელიც იქნება კონსტიტუციის საწინააღმდეგო – Batumelebi
RU | GE  

ტურავა: არ მოვაწერ დოკუმენტს ხელს, რომელიც იქნება კონსტიტუციის საწინააღმდეგო

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა საავადმყოფოს დღეს დატოვებს, ამის შესახებ მან კლინიკა “მედინაში” ჟურნალისტებს განუცხადა.  17 წუთის განმავლობაში, საავადმყოფოს ჰოლში მოსამართლე ჟურნალისტებს უხსნიდა, თუ რატომ არ მოაწერა გუშინ მან ხელი გადაწყვეტილებას იმ საქმეზე, რომლითაც თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

მოსამართლე ტურავას განმარტებით, მას არ ჰქონდა საკმარისი დრო გადაწყვეტილების გასაცნობად, რადგან საბოლოო ვერსია ელექტრონულ ფოსტაზე გვიან მიიღო. 

თბილისის ყოფილ მერს მიაჩნია, რომ მისი წინასწარ პატიმრობაში ცხრა თვეზე მეტ ხანს ყოფნა არაკონსტიტუციურია.

საკონსტიტუციო სასამართლო მერაბ ტურავას განცხადებას ასევე განცხადებით გამოეხმაურა, ტექსტს “ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ:


“2015 წლის 16 სექტემბერს, შპს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ მედინაში, გადაწყვეტილებაზე (საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N646 კონსტიტუციური სარჩელი) ხელმოწერის უზრუნველყოფის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლო სრული შემადგენლობით შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას. მოსამართლე მერაბ ტურავამ უარი განაცხადა გადაწყვეტილების ხელმოწერაზე. ზემოაღნიშნული ფაქტი, ისევე როგორც 2015 წლის 15 სექტემბერს N646 კონსტიტუციური სარჩელზე გადაწყვეტილების ხელმოწერისა და შემდგომი გამოცხადების მიზნით დანიშნულ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მერაბ ტურავას, გამოუცხადებლობის საკითხი, შესასწავლად და შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას. კომისიის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს კომენტარი გააკეთოს ბატონი მერაბ ტურავას მიერ მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, იმის შესახებ რომ მას გადაწყვეტილების სრული ტექსტი დაგვიანებით მიეწოდა, ხოლო მოსამართლეებმა მოუმზადებლად დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები აღნიშნული საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეახსენებს საზოგადოებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსის გამჟღავნება წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას და მოუწოდებს ბატონ მერაბ ტურავას, თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის განცხადებების გავრცელებისაგან. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლოს პლენუმის ყველა წევრს ჰქონდა გონივრული ვადა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პროექტის გასაცნობად, აზრის გამოსათქმელად და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსიელებების განსახორციელებლად, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დანარჩენი წევრების მიერ სრულად იქნა რეალიზებული.
 
 
 
 
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"