სიახლეები

ქალთა ოთახი ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში

16.09.2015 • 2657
ქალთა ოთახი ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში

„ქალთა ოთახი“ ბათუმში 16 სექტემბერს გაიხსნა. პროექტის ორგანიზატორები არიან აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მასთან არსებული აჭარის ქალბიზნესმენთა ასოციაცია და „მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამა“.  პროგრამას შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს.

ქალთა ოთახის პრეზენტაცია ბათუმში

„ასეთი ოთახი იქნება აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმიტომ, რომ ქალების ჩართულობის გარეშე ეკონომიკური პროგრესის მიღწევა შეუძლებელია.  ეს არის ადგილი, ოთახი, სადაც მოსულმა ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ ხელმისაწვდომობა ყველა იმ სერვისზე, რომელსაც აჭარის სამრეწველო პალატა სთავაზობს. პროგრამას აფინანსებს შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო.  ძალიან კარგია, რომ ეს სააგენტო ქალთა ჩართულობას ყოველთვის მხარს უჭერს. როცა ქვემო ქართლში გავხსენით ქალთა ოთახი, კაცები ამან ცოტა შეაშფოთა, მაგრამ შემდეგ კაცებმაც დაიწყეს ქალთა ოთახის სერვისების გამოყენება.  ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა,“ – აღნიშნა ჰელენ ბრადბერმა, „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა. 

ბათუმის „ქალთა ოთახს“ მუდმივად ექნება კავშირი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახთან“, ადმინისტრაციულ ერთეულებში და უშუალოდ სოფლებში ტრენინგებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრების ჩასატარებლად.

„მოგეხსენებათ, აჭარის მუნიციპალიტეტებშიცაა ქალთა ოთახები და შემოვიდა წინადადება, ბათუმშიც გახსნილიყო ქალთა ოთახი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მუნიციპალიტეტებში ქალთა ოთახების მუშაობას. აჭარის რეგონში მცხოვრებ ქალებს ექნებათ საშუალება მობრძანდნენ, თავიანთი იდეების შესახებ ბიზნესგეგმა შეადგინონ, შეუძლიათ ბავშვებთან ერთად მოვიდნენ და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი წამოწყება მოჰყვება ამას. კიდევ ერთი კარგი იდეა გვაქვს, უახლოეს მომავალში იმედი გვაქვს, რომ მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთ ხეობაში გაიხსნება კომპიუტერული კლასი, სადაც ქალებს შეეძლებათ ინტერნეტის მოხმარება,  პროგრამების სწავლა.  პირველ რიგში, ჩვენი მთავარი მიმართულება იქნება ქალებს შევუწყოთ ხელი ბიზნესის დაწყებაში, გადამზადებაში, ჩვენი პერსონალი თქვენს სამსახურშია“ – განაცხადა „ქალთა ოთახის“ პრეზენტაციაზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა თამაზ შავაძემ.

გადაბეჭდვის წესი