Batumelebi | ცხრა სკოლა პირველკლასელის გარეშე მაღალმთიან აჭარაში ცხრა სკოლა პირველკლასელის გარეშე მაღალმთიან აჭარაში – Batumelebi
RU | GE  

ცხრა სკოლა პირველკლასელის გარეშე მაღალმთიან აჭარაში

 

მაღალმთიანი სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაცია ბოლო წლებში რომ გაიზარდა, ამას საჯარო სკოლებში პირველკლასელთა სტატისტიკაც მოწმობს. წელს აჭარის მაღალმთიანეთში ცხრა საჯარო სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველკლასელთა რაოდენობა თითქმის 53%-ით არის შემცირებული.

გელაურის, ფუშრუკაულის, პანტნარის, პაქსაძეების, გოგაძეების, ოლადაურის, ცინარეთის, ჟანივრის, ნამონასტრევის საჯარო სკოლებში 14 სექტემბერს ზარი პირველკლასელებისთვის არ დაირეკება. ცხრა საჯარო სკოლიდან პირველკლასელი ხუთ – საშუალო, სამ – საბაზო და ერთ დაწყებით სკოლას არ ეყოლება.

მოსწავლეთა კლების ტენდენცია მკვეთრად შეიმჩნევა ხულოს მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით კი ბოლო სამი წლის განმავლობაში. წელს რეგისტრირებულ პირველკლასელთა რიცხვი 2010 წელთან შედარებით ნახევარზე მეტით შემცირებულია, 2010 წელს აქ პირველკლასელთა რაოდენობა 570 მოსწავლეს აღემატებოდა, წელს კი მოსწავლეთა რაოდენობა სამასითაა შემცირებული.

მოსწავლეები მაღალმთიანი აჭარიდან. მანანა ქველიაშვილის ფოტო

2011 წელს ხულოში 527 პირველკლასელი იყო, 2012 წელს – 540, 2013 წელს – 371, 2014 წელს კი – 237 პირველკლასელი.

ახალ სასწავლო წელს ხულოს მუნიციპალიტეტი 270 პირველკლასელით ხვდება.

ხულოს რესურსცენტრის უფროსი, ედუარდ მიქელაძე მოსწავლეთა კლებას სხვადასხვა გარემოებით ხსნის, ერთ-ერთ ძირითად მიზეზად კი მოსახლეობის მიგრაციას ასახელებს. მიქელაძე აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო წელს მოსახლეობის გადინებამ იკლო.

„ბოლო ორი წელია მიგრაცია ისეთი მასობრივი აღარ არის, როგორიც წლების წინ იყო. პირველკლასელთა ნაკლებობა წლების მიხედვით განსაკუთრებით ღორჯომის ხეობაში შეიმჩნევა, რადგან აქედან ბევრი ეკომიგრანტი გადავიდა წალკაში საცხოვრებლად. გასულ წელთან შედარებით წელს მეტი პირველკლასელი გვყავს. ვფიქრობ, მოსწავლეთა რაოდენობა სამომავლოდ 400-მდე იქედან გამომდინარე გაიზრდება, რომ ქვეყნის პრიორიტეტი სოფლებში ბაღების გახსნაა – ამ დროისთვის ხულოში 14 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, მოსახლეობას ბავშვები არ გადაჰყავს ქალაქში. რაც შეეხება სკოლებს, სადაც წელს პირველკლასელი მოსწავლე არ გვეყოლება – ასეთი ორი საბაზო და ორი 12-კლასიანი სკოლაა. გასულ წელს ყველა 12-კლასიან სკოლაში გვყავდა პირველკლასელი”, – ამბობს ედუარდ მიქელაძე.

პირველკლასელთა კლების ტენდენცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შუახევშიც საგრძნობლად შეინიშნება, თუმცა არა ისე, როგორც ხულოში. 2010 წელს შუახევში 198 პირველკლასელი იყო, 2011 წელს – 183, 2012 წელს – 175, 2013 წელს – 176, 2014 წელს – 135, წელს კი გასულ წელთან შედარებით ერთი მოსწავლით მეტია დარეგისტრირებული და სულ 136 პირველკლასელია.

შუახევის რესურსცენტრის სპეციალისტი მზია დავითაძე ამბობს, რომ პირველკლასელი აქ სამ საშუალო და ერთ დაწყებით სკოლაში არ ეყოლებათ.

„გოგაძეების, ოლადაურის, ცინარეთის საშუალო და ჟანივრის საბაზო სკოლებში არ გვეყოლება პირველკლასელი, რაც შეეხება სხვა სკოლებს, ყველგან გვყავს პირველკლასელი”, – ამბობს მზია დავითაძე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საციხურის საჯარო სკოლის დირექტორი ფირუზ ვაშაყმაძე მიგრაციის მიზეზად სოფლებში არსებულ რთულ ვითარებას ასახელებს. იგი ამბობს, რომ მოსახლეობა ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესების მიზნით ტოვებს სოფელს და უკან არავინ ბრუნდება.

„წელს მოსწავლეთა კლება გარკვეულწილად იმანაც განაპირობა, რომ გასულ წელს 31 დეკემბრამდე დაბადებული მოსწავლეები მივიღეთ, წელს მხოლოდ 14 სექტემბრამდე დაბადებული გვყავს, ანუ ის მოსწავლეები, რომლებიც წელს უნდა მიგვეღო, გასულ წელს მივიღეთ, რასაც არსებული კანონმდებლობა არ კრძალავდა. საციხურის საჯარო სკოლას ერთი მიერთებული სკოლა აქვს ნამონასტრევში, სადაც მხოლოდ ოთხკლასიანი სწავლებაა. წელს პირველკლასელი სწორედ ამ სკოლაში არ გვეყოლება”.

სოფელი საციხური ხულოს მუნიციპალური ცენტრიდან 11 კილომეტრში, ხოლო ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზიდან 6 კილომეტრში მდებარეობს.

“1999-2000 სასწავლო წლებში, მაშინ, როდესაც საციხურის სკოლა საბაზო იყო და მხოლოდ ცხრაკლასიანი სწავლება გვქონდა, 130 მოსწავლე გვყავდა, შემდეგ სამი კლასი დაემატა, ახლა საშუალო სკოლაა, მაგრამ მოსწავლეთა რაოდენობა კი არ გაიზარდა, პირიქით, შემცირდა კიდეც. 12-კლასიან სკოლაში სულ 67 მოსწავლეა. მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება მიგრაციით არის განპირობებული, მიგრაციის მთავარი მიზანი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა, – მოსახლეობის დიდი ნაწილი წალკაში გადავიდა საცხოვრებლად, იქ თავდაუზოგავად მუშაობენ და შემდეგ თავს ქალაქში იმკვიდრებენ. ვინც მიდის სოფლიდან, უკან თითქმის აღარავინ ბრუნდება. ვერ ვიტყვი, რომ ოჯახები საცხოვრებლად ბათუმში იმიტომ მიდიან, რომ ბავშვები სხვა სკოლაში შეიყვანონ. მართალია, მაღალმთიანი სოფლის სკოლებში უცხო ენების სპეციალისტების ნაკლებობაა და რიგ შემთხვევაში მოსწავლის სხვა სკოლაში გადაყვანა ამითაც არის განპირობებული, თუმცა წასვლის მთავარი მიზეზი თავის გადარჩენაა. მიგრაციის შესაჩერებლად სოფელში პირობები უნდა გაუმჯობესდეს. მოსწავლეთა შემცირება მცირე პროცენტით შობადობის შემცირებამაც გამოიწვია”, – ამბობს ფირუზ ვაშაყმაძე.

ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, პირველკლასელთა რაოდენობა შემცირებულია ქედის მუნიციპალიტეტშიც, თუ აქ 2010 წელს სწავლა 208 მოსწავლემ დაიწყო, 2015-2016 ახალ სასწავლო წელს სკოლის კარებს მხოლოდ 174 პირველკლასელი შეაღებს.

ქედის რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქედის საჯარო სკოლებში 2011 წელს – 230, 2012 წელს – 186 და 2013 წელს 178 პირველკლასელი სწავლობდა.

ხულოში 37 საშუალო, 12 საბაზო და 28 დაწყებითი კლასების კოლა ფუნქციონირებს; შუახევში – 29 საშუალო, 14 საბაზო და 24 დაწყებითი; ქედაში კი – 18 საშუალო, 8 საბაზო და 38 დაწყებითი კლასების სკოლა აქვთ.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე