Batumelebi | პროექტი ”უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით” პროექტი ”უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით” – Batumelebi
RU | GE  

პროექტი ”უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით”

 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეუძლებელია ინკლუზიის ერთიანი ეროვნული მოდელის შემუშავება.  ინკლუზია მოითხოვს თითოეული სკოლის, საზოგადოების, მთელი ერის ძალისხმევას ინკლუზიის პროცესში ინდივიდუალური მიდგომის განსახორციელებლად. 

„ინკლუზიური განათლების დანერგვა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოითხოვს თითოეული სასწავლო დაწესებულების, საზოგადოების ძალისხმევას ამ პროცესში ინდივიდუალური მიდგომის განსახორციელებლად. ამისათვის კი აუცილებელია ეფექტური სასწავლო პროგრამების, სპეციალური მეთოდიკის შემუშავება, პროფესიული თემისა და საზოგადოების მზაობა, ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარება,” – ამბობს ციალა ტუღუში, პროექტის – „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით” ბათუმის მონიტორინგის ჯგუფის მკვლევარი და ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინარული გუნდის წევრი.

პროექტი – „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით” გასული წლის ივნისში დაიწყო და 2015 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს, და მას ასოციაცია „დეა”, “GNNT” ჯგუფსა და “სთეფ ფორვარდთან” ერთად ახორციელებენ. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სახალხო დამცველის ოფისი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

„ინკლუზიურ განათლებას სასკოლო საფეხურზე აქვს საკანონმდებლო მხარდაჭერა და ის მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით. ინკლუზიური განათლების პირველი მცდელობები უკვე ათწლეულზე მეტს ითვლის და ახლა გახდა მნიშვნელოვანი პროცესის შეფასება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობის საფუძველზე პროექტის სამუშაო ჯგუფმა მიზნად დაისახა მონიტორინგის ინსტრუმენტის შექმნა. მოვიწვიეთ ბრიტანელი ექსპერტი, რომელიც სხვა ევროპელ ექსპერტებთან ერთად მუშაობდა ამ ქვეყნებისთვის ერთიანი მონიტორინგის ინდიკატორების შექმნაზე. მისი დახმარებით შევადგინეთ კითხვარი, რომელსაც ვიყენებთ მონიტორინგისთვის”, – ამბობს მანანა ინაიშვილი, პროექტის ბათუმის კოორდინატორი.

პროექტი – „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით” განხორციელდა სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში. თითოეულ ქალაქში შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც შერჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახდენდნენ ინსტრუმენტის პილოტირებას.

მონიტორინგისთვის ინსტრუმენტის პილოტირებისათვის ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულებები შეირჩა, რომელსაც ჰქონდა ინკლუზიური განათლების გამოცდილება.

ბათუმიდან პროექტის ფარგლებში მონიტორინგი განხორციელდა ოთხივე საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებაში: ბათუმის #3 საბავშვო ბაღში, #2 საჯარო სკოლაში, პროფესიულ კოლეჯ „ბლექსსა” და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში.
„თითქმის ყველა სკოლაში დაინერგა ინკლუზიური სწავლება და დასამუშავებელია ხარისხის მეთვალყურეობის საკითხები. განათლების სამინისტრო მულტიდისციპლინურ გუნდს გვავალებს მონიტორინგს, თუმცა ორი და სამი ადამიანი ვერ შეძლებდა მთლიანი სისტემის კონტროლს, ამიტომაც ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელმაც მოგვცა ინკლუზიური სასწავლო გარემოს შეფასების კითხვარი. ეს ინსტრუმენტი კარგად არის შედგენილი, და წარმოდგენილია თვითანგარიშის ფორმით, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს დაფიქრდნენ, თავად რა აქვთ ამ სფეროში გაკეთებული და რა აქვთ კიდევ გასაკეთებელი. კითხვართან მუშაობის შემდეგ მონაწილეები უკვე სხვა თვალით უყურებდნენ მთელ სასწავლო პროცესს; მათთვის ნათელი გახდა, რომ პროცესების წინასწარ დაგეგმვაა საჭირო”, – აღნიშნავს ციალა ტუღუში.

ბათუმის მონიტორინგის ჯგუფის მკვლევარი ნარგიზ გედენიძე ამბობს, რომ სასწავლო დაწესებულებებში ჯერ მაინც არ არის ინკლუზიური სასწავლო გარემო: „როცა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლის შესაბამის პირობებზე ვუსვამდით შეკითხვებს ადმინისტრაციას, ისინი გვპასუხობდნენ, რომ ასეთი ბავშვი არ ჰყავთ და რომ მას შემდეგ შეიმუშავებენ შესაბამის პირობებს, თუ იქნება ამის საჭიროება. სინამდვილეში საგანმანათლებლო დაწესებულება მზად უნდა იყოს. ვფიქრობ, იმ სკოლებშიც კი, სადაც სპეციალური მასწავლებლები ჰყავთ, რთული მდგომარეობაა, პირველ საფეხურებს გადიან, ახლა სწავლობენ მიდგომებს, საჭიროა კადრების გადამზადება, ორი- და სამკვირიანი კურსები არ იქნება საკმარისი ამ შემთხვევაში, ბევრია სამუშაო. მარტივ მაგალითს გეტყვით: სკოლებში, სადაც გაკეთდა პანდუსები, მხოლოდ ერთ სართულზე შეუძლიათ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს შესვლა. საჭიროა უფრო მეტად ადაპტირებული გარემო. პრობლემის მოგვარებად ესახებათ პანდუსის დადგმა, რესურსოთახის მოწყობა და სპეციალური მასწავლებლის მიღება, თუმცა ეს სამი კომპონენტი არ არის საკმარისი, ამით არაფერი მთავრდება, საჭიროა სასწავლო გარემოს მომზადება და სწავლების ხარისხის შეფასების სისტემის შემუშავება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მონიტორინგი.”

მონიტორინგის ჯგუფის წევრები ფიქრობენ, რომ სწავლების ოთხივე საფეხური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინკლუზიური განათლების სრულყოფისთვის, ამიტომაც აუცილებლად მიიჩნევენ, რომ სწავლების ოთხივე საფეხურს განათლების სამინისტრო კურირებდეს. მანანა ინაიშვილი: „ხელშემშლელი ფაქტია ის, რომ ბაღები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია და არა განათლების სამინისტროს. საჭიროა განათლება მოექცეს ერთიან სისტემაში, ისე შედეგს ვერ მივიღებთ. მით უფრო, რომ ბაღები მთლიანად დამოკიდებულები არიან ადგილობრივ თვითმმართველობაზე, რაც აფერხებს სასწავლო გარემოს განვითარებას.”

ნარგიზ გედენიძე მშობლების ნაკლებ ჩართულობაზეც ამახვილებს ყურადღებას: „ბაღებში, სკოლებშიც გვეუბნებოდნენ, რომ მშობლებიც ნაკლებად ჩართულნი არიან ამ საკითხების მოგვარებაში. ჩემი შვილიც საჭიროებდა ინკლუზიურ განათლებას, მაშინ, როცა ის დამყავდა სკოლაში, კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობა იყო, ახლა ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მშობლები ისევ უამრავი პრობლემის წინაშე დგანან. უნდა აღინიშნოს, რომ მარტო პედაგოგი და სამინისტრო ვერაფერს გახდება, ყველაზე დიდი აქცენტი მაინც მშობლებზე უნდა გაკეთდეს, მათი აქტივობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”. მისივე თქმით, მშობლების მეტი ჩართულობისთვის აუცილებელია მათი ინფორმირება და ქმედითი მონაწილეობის უზრუნველყოფა: „სწორედ სასწავლო გარემოს ერთ-ერთი ამოცანაა, რომ მშობელს დაანახო პერსპექტივა, რომ მისი შვილი განვითარებას შეძლებს” და რომ ერთობლივად დაგეგმილი და განხორციელებული ქმედებები აუცილებელი პირობაა ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისათვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
[რეკლამა]