სიახლეები

Ad Black Sea – საქართველოს სარეკლამო ინდუსტრიის განვითარების ახალი ეტაპი

14.09.2015 • 2211
Ad Black Sea –  საქართველოს სარეკლამო ინდუსტრიის განვითარების ახალი ეტაპი
ვატო ქავთარაძე

როგორ გაჩნდა რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea-ს იდეა?

Ad Black Sea არის რეკლამის ახალი საერთაშორისო ფესტივალი, რომლის მიზანია დამკვიდრდეს საერთაშორისო საფესტივალო რუკაზე, გახდეს ყოველწლიური, პრესტიჟული, რეგიონალური ფორუმი და ხელი შეუწყოს რეკლამის და ზოგადად, საკომუნიკაციო დარგების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.
ფესტივალი თავს მოუყრის რეკლამის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან – საქართველო, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა მეგობარი ქვეყნებიდან – ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი. მათთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ამ დარგის აღიარებული სპეციალისტები დასავლეთ ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან.
რა თქმა უნდა, ფესტივალი პირველ რიგში არის კონკურსი. Ad Black Sea-ს შემთხვევაში ის სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება: საუკეთესო ვიდეოკონტენტი და სხვა ბრენდირებული კონტენტი; საუკეთესო დიზაინი, პრინტი და პოსტერი; საუკეთესო იდეა.
თუმცა, ბუნებრივია, ფესტივალი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ეს არის შესანიშნავი პლატფორმა დარგობრივი სპეციალისტების შეხვედრების, ერთმანეთის გაცნობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისათვის.

ვინ არიან მოწვეული ჟიურის წევრებად? იქნებიან თუ არა საერთაშორისო ექსპერტები?

ჟიურის წევრებად მოვახერხეთ შეგვეკრიბა სარეკლამო ინდუსტრიის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების არაერთგზის გამარჯვებულები არიან, მათ შორის: Cannes Lions, ADC*E, New York Festivals, Golden Drum, Epica და მრავალი სხვა. ხსენებული 3 კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეები იქნებიან თანამედროვეობის გამოჩენილი რეკლამის სპეციალისტები: Michael Conrad  – Berlin School of Creative Leadership-ის პრეზიდენტი (გერმანია); Farid Chehab, Leo Burnett MENA-ს საპატიო თავმჯდომარე და მრჩეველი (ლიბანი); Joao Daniel Tikhomiroff, Mixer-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე (ბრაზილია). ჟიურის სხვა წევრებს შეგიძლიათ გაეცნოთ ფესტივალის საიტზე: adblacksea.com.

როგორ იქნება ორგანიზებული სემინარული პროგრამა?

სემინარული პროგრამა, რომელსაც სასტუმრო “რედისონი” უმასპინძლებს, ძალიან საინტერესო და დატვირთული იქნება. 25 და 26 სექტემბერს, თითქმის მთელი დღის განმავლობაში, სარეკლამო ინდუსტრიის გამოჩენილი სპეციალისტები მსმენელებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.

სპიკერები ისაუბრებენ რეკლამის სხვადასხვა ასპექტზე: კრეატიული ლიდერობა; ეფექტური storytelling-ი; storytelling-იდან storytelling-ამდე; ბრენდინგის პარადიგმა; ბრენდინგი შთაბეჭდილებების ეკონომიკაში; ნაციონალური სიამაყიდან ნაციონალურ ბრენდამდე; ბრენდის კომუნიკაციის ევოლუცია; ტექნოლოგიების გავლენა კრეატიულობაზე, პოლარული მარკეტინგი და ბევრი სხვა.
სპიკერთა შორის წარმოდგენილნი იქნებიან: Ravid Kuperberg, Mindscapes-ის პარტნიორი და ტრენერი (ისრაელი); Leonid Feigin, Direct Design Visual Branding agency-ის კრეატიული დირექტორი და დამფუძნებელი (რუსეთი); Indrek Viiderfeld, Tabasco -ს კრეატიული დირექტორი (ესტონეთი); Erik Heisholt, Heisholt Inc-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი და დამფუძნებელი (ნორვეგია); Evgeny Primachenko, Wieden + Kennedy-ს კოპირაიტერი (ნიდერლანდები); Levan Lepsveridze, Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი და დამფუძნებელი (საქართველო) და მრავალი სხვა.

წვეულებებისა და არაფორმალური ურთიერთობებისთვის თუ მოიძებნება დრო?

Ad Black Sea – არა უბრალოდ სარეკლამო ფესტივალი, არამედ ერთგვარი კულტურული დღესასწაულიც გვინდა გახდეს ბათუმის ცხოვრებაში. მონაწილეებს ელით საკმაოდ მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, რომელიც უამრავ აქტივობას მოიცავს. სტუმრებს ყოველდღიურად ექნებათ საშუალება ექსკურსიების მეშვეობით უკეთ გაეცნონ ბათუმსა და მის შემოგარენს. 24 სექტემბერს იქნება ფესტივალის საზეიმო გახსნა, მომდევნო დღეს _ ნინო ქათამაძის კონცერტი, შემდეგ – ქართული ფოლკლორის საღამო, ბოლო დღეს კი ფესტივალის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელზეც გამოვლინდება ფესტივალის საუკეთესო ნამუშევრები. ყოველ საღამოს გვიანობამდე დაუკრავენ დიჯეები.

რა როლი აქვს ამ ფესტივალს საქართველოსთვის?

ვფიქრობ, საქართველოსთვის Ad Black Sea-ს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ეს არის სარეკლამო ინდუსტრიის განვითარებისა და ახალ საფეხურზე აყვანის შესაძლებლობა. დაახლოებით 15 წლის წინ საქართველოში ერთხელ თუ ორჯერ ჩატარდა საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი და მახსოვს, რამდენად პოზიტიური გავლენა იქონია მაშინ მან ბევრ ადამიანზე, მათ შორის ჩემზე. სამწუხაროდ ის ფესტივალი შემდგომში ვერ განვითარდა და შეწყვიტა არსებობა.
იმ დროსთან შედარებით დღეს სრულიად ახალი, განსხვავებული ეპოქაა სარეკლამო კომუნიკაციებშიც და ზოგადად, სამყაროში; ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი გვერდი გადაგვეშალა და წვლილი შეგვეტანა ქვეყნის სარეკლამო ინდუსტრიის განვითარებაში. დიდი იმედი გვაქვს, რომ რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea გაიზრდება და რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ რეგიონალურ ფორუმად იქცევა.

გადაბეჭდვის წესი