Batumelebi | აჭარის სამ სკოლაში სწავლა დაგვიანებით დაიწყება აჭარის სამ სკოლაში სწავლა დაგვიანებით დაიწყება – Batumelebi
RU | GE  

აჭარის სამ სკოლაში სწავლა დაგვიანებით დაიწყება

 

რა პრობლემები მოაგვარა აჭარის განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ და რატომ ვერ ახერხებს მუნიციპალიტეტებში არსებული რამდენიმე სკოლა ახალი სასწავლო წლის სექტემბერში დაწყებას? ამ და სხვა საკითხებზე  „ბათუმელები“  აჭარის განათლების მინისტრის პირველ მოადგილეს სულიკო თებიძეს ესაუბრა. 

 

 

 ბატონო სულიკო, რა მთავარი პრობლემის, გამოწვევის მოგვარება მოხერხდება წლევანდელი სასწავლი წლის დასაწყისისთვის?

 

ასეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემა არ ყოფილა.

რამდენი საჯარო სკოლა გარემონტდა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე და რამდენი დაიხარჯა მშენებლობაზე?

წელს 28 ობიექტზე მიმდინარეობდა სამუშაოები. ხუთი ახალი სკოლის მშენებლობა გვქონდა, დანარჩენ სკოლებს კი რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. ორშაბათს ქობულეთში ახალაშენებულ სკოლას ვხსნით, ბათუმში პირველ საჯარო სკოლაზე მიმდინარეობს ახალი კორპუსის მიშენება, ორწლიანი პროგრამაა და მომავალ წელს დასრულდება სამშენებლო სამუშაოები.

რამდენი სკოლის დასრულება ვერ მოესწრო?

 ხუთი სკოლა შენდება ორწლიანი პროგრამის ფარგლებში და ამიტომ წელს ვერ მოესწრო, მომავალში დასრულდება. ეს სკოლები მუნიციპალიტეტებშია. სკოლებზე, როგორც მშენებლობაზე, ასევე რეაბილიტაციაზე, მთლიანობაში შვიდ მილიონ-ნახევარი ლარი დაიხარჯა.

 

არის ისეთი სკოლები, სადაც დაგვიანებით იწყება სწავლა რაიმე მიზეზით?

 ასეთი სამი სკოლა გვაქვს. ხულოს მუნიციპალიტეტში გვაქვს ძირკვაძეების საჯარო სკოლა, შუახევში, სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლა და ქედაში, სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლა. სწავლის დაგვიანებით დაწყების მიზეზი სარემონტო სამუშაოების დაუსრულებლობა გახდა. სწავლა ამ სკოლებში ოქტომბერში განახლდება. ფურტიოში მოქმედი სკოლა გამგეობასთან ერთად სხვა ადგილზე გადაგვაქვს და სწავლა ორი კვირის დაგვიანებით განახლდება.

 


თუ არის ახალი სატრანსპორტო საშუალებები შეძენილი იმ სკოლებისთვის, სადაც მოსწავლეებს შორი მანძილის გავლა უწევთ სკოლაში მისასვლელად?

 ყველა იმ სკოლაში, რომლებიდანაც მოთხოვნა იყო, ტრანსპორტის ხაზი დანიშნულია. ბათუმის გარდა ყველა რაიონში გვაქვს ტრანსპორტი დანიშნული. ზუსტი რაოდენობა ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ ბევრია.

 

 სკოლებში წიგნების დარიგების პროცესი მიმდინარეობს, ზედამხედველობას განათლების სამინისტრო უწევს თუ რესურსცენტრი?

 ეს არის საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამა, მათ შემოაქვთ წიგნები და მეთვალყურეობასაც მათივე წარმომადგენლები უწევენ. ამჟამად სახელმძღვანელოები ბათუმის ყველა საჯარო სკოლისთვის გვაქვს მიღებული.

 

 რამდენი მოსწავლეა წელს საჯარო სკოლებში?

 47 134 მოსწავლე გვყავს სულ. აქედან, 7 380 მოსწავლე – კერძო სკოლაში. პირველკლასელი კი 4057-ია.

 

ახალი კერძო სკოლები თუ გაიხსნა წელს?

 კერძო სკოლები ჩვენთან არ რეგისტრირდებიან, მაგრამ თუ არ ვცდები, ახალი სკოლა არ გახსნილა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე