სიახლეები

ვინ გახდება ბათუმის უნივერსიტეტის პრორექტორი

12.09.2015 • 2133
ვინ გახდება ბათუმის უნივერსიტეტის პრორექტორი

 

 

მერაბ ხალვაში

 

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა არჩილ ხაბაძესთან კანდიდატების განხილვის ფაქტი „ბათუმელებთან“ საუბარში უარყო, თუმცა არ შეუკავებია თავი იმის დაფიქსირებისგან, რომ სამი გამოკვეთილი კანდიდატიდან ყველაზე მეტი შანსი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, ინგა შამილიშვილს აქვს, სხვა ორ კანდიდატს კი არ ასახელებს.
ბოლო პრორექტორი ირაკლი ბარამიძე იყო, რომელმაც მერაბ ხალვაშის თქმით, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე მუშაობდა.

 

„პრორექტორის თანამდებობა ძალიან მნიშვნელოვანია, მას ევალება სასწავლო პროცესის კოორდინირება, ამიტომ ვარჩევთ ისეთ კანდიდატს, რომელსაც ამ მიმართულებით ექნება კომპეტენცია, მენეჯერული თვისებები და სტუდენტებთან, პროფესურასთან ურთიერთობის გამოცდილება. სამი კანდიდატი გვყავს, მათ ვინაობას არ დავასახელებ, თუმცა ახალი სასწავლო წლისთვის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში დანიშნული იქნება,“ – განაცხადა მერაბ ხალვაშმა.

 

მერაბ ხალვაში უარყოფს იმ ფაქტს, რომ მას მთავრობაში კანდიდატების შეთანხმება მოსთხოვეს: „ასეთი რამ არ ყოფილა. ალბათ ეს ეჭვები შიდა დინებებმა გააჩინა, რადგან პროცესი გაიწელა და არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამ თანამდებობაზე დანიშვნის სურვილი. ისინი სხვადასხვა გზას ეძებენ და ცდილობენ ვიღაცის რეკომენდაციებით ისარგებლონ“. მერაბ ხალვაში ამბობს, რომ ამ „რეკომენდატორში“ მთავრობა არ მოიაზრება.

 

უნივერსიტეტში ვაკანტურია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაც. 31 მარტამდე ამ სამსახურის უფროსის მოვალეობას მერაბ ხალვაში ასრულებდა, რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩევის შემდეგ კი მან აღნიშნული პოსტი დატოვა.

 

„ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობას ინგა შამილიშვილი ასრულებდა საზოგადოებრივ საწყისებზე. შემდეგ კი კონკურსი გამოცხადდა და ავირჩიეთ ტურიზმის ფაკულტეტიდან ასოცირებული პროფესორი პაატა ჩაგანავა“, – თქვა მერაბ ხალვაშმა.

 

პაატა ჩაგანავამ აღნიშნული თანამდებობა არჩევიდან სამ თვეში დატოვა. „ამ კვირაში გამოვაცხადებთ ახალ კონკურსს“, – აცხადებს ბსუ-ს რექტორი. კანდიდატს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არჩევს, წარმომადგენლობითი საბჭო კი ამტკიცებს.

 

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, მერაბ ხალვაში ამბობს, რომ უნივერსიტეტში ელექტრონული მართვის სისტემა მოგვარდა და ახალი სასწავლო წლიდან რეგისტრაციას ელექტრონული ფორმით გაივლიან: „იქნება ელექტრონული ჟურნალები და ფინანსური საკითხები ელექტრონულად მოგვარდება. იქნება ელექტრონული ტაბელი და შეფასების ახალი სისტემა. ყველაფერი იქნება შეზღუდულ ვადებში, ტრენინგებს ჩავუტარებთ პროფესურასაც, მთავარია, ქაოსში არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი. თუმცა, მეორე სემესტრიდან უკვე გაადვილდება ყველაფერი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: