სიახლეები

მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: „სხვა გზა არ ჰქონდა“

12.09.2015 • 1456
მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: „სხვა გზა არ ჰქონდა“

 

 

 

ბრალდებული 27 წლის მამაკაცია, ის პოლიციის თანამშრომლებმა აჭარის მაღალმთიანეთში, ნათესავის სახლში დააკავეს. როგორც პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ მოსამართლეს უთხრა, მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. განზრახ მკვლელობის გარდა, სახელმწიფო ბრალდებულს კიდევ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ოთხი დანაშაულის ჩადენას ედავება:

 

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასა და ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა და ასევე გამოყენებას. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ბრალდებულს ხუთივე ეპიზოდში გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, ნაკლებად მძიმე დანაშაულებს შთანთქავს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და ამ შემთხვევაში, ყველაზე მძიმე – ადამიანის გაზრახ მკვლელობაა, რისთვისაც კანონი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ბრალდებულმა თქვა, რომ თავს ნაწილობრივ მიიჩნევს დამნაშავედ. პროკურორმა ბრალდებულისთვის პატიმრობის გამოყენება მოითხოვა, არგუმენტად ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა და ასევე, მიმალვის საფრთხე დაასახელა. 

 

„ეს ის შემთხვევაა, როცა ფორმალურადაც კი ვერ შევეწინააღმდეგები პროკურორს, ძალიან მძიმე მოცემულობაა, ამიტომაც არ ვაპროტესტებ პროკურორის შუამდგომლობას, უფრო მეტი, ვეთანხმები კიდეც მას. არის ორი გარდაცვლილი, ერთი დაჭრილი მამაკაცი. მაგრამ მინდა საზოგადოებას მაინც ვუთხრა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ჩემ თვალწინ გაზრდილია, ის ჩემი მეგობრის შვილია, ვერავინ იტყვის, რომ მან ვინმე დაჩაგრა, ვინმეს რამე დაუშავა, საკუთარ თავს აზიანებდა, როცა მარიხუანას ეწეოდა… იარაღი მას დიდი ხანია აქვს, მაგრამ არავის მოკვლა ან დაზიანება არ უცდია…ძნელია, როცა უყურებ შენ თვალწინ როგორ კლავენ შენს მეგობარს, შენს ნათესავს, ვფიქრობთ, სამომავლოდ ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ განზრახ მკვლელობა კი არა, აუცილებელი მოგერიებით იყო გამოწვეული ეს უბედური შემთხვევა, ბრალდებულს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა,“-თქვა ბრალდებულის უფლებების დამცველმა ადვოკატმა ნუგზარ გრძელიძემ.

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში მისი დაჭრილი მეგობარი წაიყვანა, საავადმყოფოდან კი მიიმალა, მაღალმთიან აჭარაში, ნათესავების სახლში.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: