სიახლეები

უმაღლესი საბჭო 2016 წლიდან ხელფასებს იზრდის

11.09.2015 • 1266
უმაღლესი საბჭო 2016 წლიდან ხელფასებს იზრდის

 

 უმაღლეს საბჭოში შტატით 125 თანამშრომელია. ამას ემატება შტატგარეშე თანამშრომლებიც. 2016 წლის პროექტით, მათ ხელფასებში, ჯამში, 3 478 270 ლარი დაიხარჯება.

 

სახელფასო ფონდი ასეა გადანაწილებული: უმაღლესი საბჭოს 21 წევრის ხელფასებისთვის 571 800 ლარი [5440 ლარით მეტი ვიდრე წელს]; აპარატის 104 წევრისთვის – 1 388 880 ლარი, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც წლევანდელ ბიუჯეტშია; შტატგარეშე მომუშავეებისთვის კი ჯამში 819 200 ლარია გათვალისწინებული [77 233 ლარით მეტი, ვიდრე წელს. თანაც ამ თანხით მხოლოდ ფრაქციების აპარატში დასაქმებულთა ხელფასი იზრდება. ეს ფრაქციებია: „ქართული ოცნება თავისუფლება“ და „დემოკრატიული აჭარა“. საბჭოში სულ 6 ფრაქციაა და 20 ადამიანია შტატგარეშედ დასაქმებული].

 

ამასთან, მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლების ხელფასებისთვის 61 800 ლარი, სხვა შტატგარეშეებისთვის –  92 400, ხოლო სტაჟიორთა ანაზღაურებისთვის 5 ათასი ლარია გაწერილი. 100 ათასი ლარია გაწერილი მივლინებებისთვის. 

 

საინტერესოა ასევე უმაღლეს საბჭოში პრემიისთვის გამოყოფილი თანხების გადანაწილების სქემაც. თუ 2014 წელს უმაღლეს საბჭოში პრემიის სახით გაიცა 982 245 ლარი, მიმდინარე წელს პრემიებისთვის მხოლოდ 83 980 ლარია გაწერილი. თუმცა, ეს თანხა [ნაშთი] ხელფასებს არ მოკლებია, ვინაიდან ბიუჯეტში წელს ცალკე გაჩნდა „დანამატი“, რომელშიც 857 340 ლარია გაწერილი.

 

რაც შეეხება 2016 წლის პროექტს, აქ პრემიებისთვის თანხა საერთოდ არ არის გაწერილი, თუმცა გაზრდილია დანამატი და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის განკუთვნილი თანხები – ჯამში 87 890 ლარით, ანუ იმაზე მეტით, ვიდრე წელს პრემიებისთვისაა გათვალისწინებული.

 

უმაღლესი საბჭოს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „…პროექტის მიღება მომავალი წლისთვის იქონიებს დადებით გავლენას [შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდის გამო] მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც მომავალ წელს [ჯამში] ეზრდება შრომის ანაზღაურების ფონდი“.2016 წლის ბიუჯეტის პროექტში, უმაღლეს საბჭოს თავისი ხარჯებისთვის 4 მილიონ 947 ათასი ლარი აქვს გაწერილი, ამ თანხის 70 პროცენტზე მეტს კი, რეგიონის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საკუთარი თანამშრომლების ხელფასებისთვის გამოიყენებს.

 

ნაწყვეტი სტატიიდან: უმაღლესი საბჭოსგან გადარჩენილი მთავრობა და აუთვისებელი მილიონები

 

გადაბეჭდვის წესი