Batumelebi | ბათუმის საავტორო კინოფესტივალი ოთარ იოსელიანის ახალი ფილმით გაიხსნება ბათუმის საავტორო კინოფესტივალი ოთარ იოსელიანის ახალი ფილმით გაიხსნება – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი ოთარ იოსელიანის ახალი ფილმით გაიხსნება

 

საავტორო კინოს ბათუმის X საერთაშორისო კინოფესტივალი ოთარ იოსელიანის ფილმით ბათუმის საზაფხულო თეატრში 13 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე გაიხსნება.  

 

„ზამთრის სიმღერა“ საფრანგეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი რეჟისორის, ოთარ იოსელიანის 2015 წელს გადაღებული ფილმია. ფილმი ქართულ-ფრანგული პროექტია, რომელიც ფრანგულმა კინოკომპანია “პიერ-გრიზ-პროდუქსიონმა” და ქართულმა კომპანია “სტუდია 99” ერთობლივად განახორციელეს. გადაღებები საფრანგეთსა და საქართველოში 2014 წლის შემოდგომაზე მიმდინარეობდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა წელს, ლოკარნოს კინოფესტივალზე შედგა. 


”ზამთრის სიმღერა”


წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის სტუმარი იქნება ოთარ იოსელიანიც. რეჟისორს  კანისა და ბერლინის საერთაშორისო ფესტივალებზე მიღებული აქვს კინოპრესისა და კრიტიკის პრიზები, დაჯილდოებულია ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდოთი, საფრანგეთის აკადემიის ვერმეის მედლითა და ბერლინის ხელოვნების აკადემიის პრიზებით. 


ფესტივალის გახსნაზე დასწრება მოსაწვევებით ხდება, ისევე როგორც ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე. დანარჩენ დღეებში ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების ნახვა მაყურებელს კინოთეატრ „აპოლოში“, სასტუმრო „დივანსა“ [მოკლემეტრაჟანი ფილმების საკონკურსო პროგრამა] და ევროპის მოედანზე, ღია ცისქვეშ, უფასოდ შეუძლია.  


ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი წელს 13-20 სექტემბერს გაიმართება. კინოფესტივალზე სამი საკონკურსო სექციაა: მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების. გარდა ამისა, კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები და ინდუსტრიული შეხვედრები, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ, რეტროსპექტივები და ქართული ფილმების პანორამა.


ოთარ იოსელიანი
ოთარ იოსელიანი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"