სიახლეები

გარღვეული ბიუჯეტი, გაყინული პროექტები და პოლიტიკური პასუხისმგებლობა

01.09.2015 • 1568
გარღვეული ბიუჯეტი, გაყინული პროექტები და პოლიტიკური პასუხისმგებლობა

 

ნათია აფხაზავა
ნათია აფხაზავა

ნათია, ბათუმის მერიამ 11 მილიონი ვერ დახარჯა, ანუ საქმე ვერ გააკეთა. ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, როცა ბიუჯეტი ვერ სრულდება?


მაშინ, როცა ქალაქში ძალიან ბევრია გასაკეთებელი და მოსახლეობა ცვლილებებს ელის, ეს თავისთავად ცუდი ფაქტია. შეიძლება მცდელობა იყო, მაგრამ მიზნობრივი დაგეგმარება ვერ მოხერხდა. ასევე, ვერ გაიწერა სატენდერო პირობები, შესყიდვების გამოცხადება და ინფორმაციის დროულად მიწოდება ვერ მოხდა, თუნდაც იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პოტენციური შემსრულებლები არიან. დაგეგმარება პრობლემაა, რაც მხოლოდ მერმა არ უნდა აიღოს თავის თავზე. ეს იმ სამსახურების პრობლემაცაა, რომელთა კომპეტენცია და ვალდებულება იყო პროგრამული ბიუჯეტის შესრულება. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ყველაფერზე მაინც მერის გადაწყვეტილებას ელოდებიან: მერი რას და როდის გააკეთებს _ ეს დამოკიდებულება აყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას და ყველაფერი დროში იწელება. თუ არ მოხდება ამ უფლებამოსილების დელეგირება, თუ სამსახურები უშუალოდ არ განახორციელებენ დაგეგმარების პროცესს, ყოველთვის შევეჩეხებით ამ პრობლემას – საბიუჯეტო თანხები ვერ დაიხარჯება. 

 

 რა არის ამის მიზეზი, არაკომპეტენტურობა თუ სხვა რამ?


საბიუჯეტო პროცესი კვარტალურ ანგარიშებს ითვალისწინებს, საჭიროა გაკეთდეს ფინანსური ანალიზი და მონიტორინგი, მერიამ შესრულების ეტაპობრივი ანალიზი უნდა გააკეთოს – სრულდება თუ არა ბიუჯეტი გეგმის მიხედვით. დღეს შუალედურ ანგარიშებს ვხვდებით საკრებულოში მხოლოდ იმისთვის, რომ მერიამ ვალდებულება მოიხადოს, აი, წარვადგინეთ ანგარიშიო. საკრებულო დაამტკიცებს თუ არ დაამტკიცებს ბიუჯეტს, ამას დიდი მნიშვნელობა, როგორც ვხედავ, ჯერჯერობით, არა აქვს. არადა, ეს ანგარიშები სჭირდებათ თუნდაც იმისთვის, რომ თავად გააანალიზონ, სად არიან დღეს. ბიუჯეტის ცვლილების ბოლო პაკეტს თუ გადავხედავთ, რაც შესულია საკრებულოში, ცხადი გახდება, რომ ის ანალიზს მოკლებულია. პროგრამები ყოველგვარი ანალიზის გარეშე გადადის წლიდან წლამდე. სამწუხაროდ, ერთ დღეში წერს მერია პრიორიტეტების დოკუმენტს, მაშინ, როცა ის საკრებულოსთვის აქვს წარსადგენი ან სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო დოკუმენტს საჯარო განხილვისთვის ითხოვს. 


ანუ, მერიას არ აქვს უნარი სწორად დაგეგმოს ბიუჯეტი?


 პირველი პრობლემა, რასაც მე ვხედავ, არის რესურსის პრობლემა, მერიას არ აქვს რესურსი იმისთვის, რომ ანალიტიკური ჯგუფი შექმნას. ეს პრობლემა მერიასაც არაერთხელ დაუყენებია დღის წესრიგში, როცა დონორი ორგანიზაციები ჩამოდიან, ანუ თვითონაც აღიარებენ, რომ რესურსები არ ჰყოფნით. მესმის, რომ ძალიან რთულია, ერთი მხრივ, იზრუნო დაგეგმვაზე და მეორე მხრივ, იმუშავო ანალიზზე, ამიტომ საჭიროა, მერიამ ამ მიმართულებით ცალკე ჯგუფი შექმნას. კარგი იქნებოდა საჭიროებებისა და სერვისების კვლევაც. ეს კომპლექსური საკითხია. 


ბიუჯეტის ვერ შესრულების მიზეზად მერია სულ კონტრაქტორების მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევას ასახელებს – ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მერიაში ჯერ კიდევ არ აქვთ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გააზრებული?

 

ტენდერები მერიის ერთ-ერთი სუსტი წერტილია. ჩვენ გვაქვს ორი უკიდურესობა. იმის შიშით, რომ არ ჩაიშალოს ტენდერი, სატენდერო წინადადებები ძალიან ლოიალურია, მაგრამ გამარჯვებულები მაინც ვერ ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებას, რაც იწვევს კოტრაქტის შეწყვეტას. მეორე უკიდურესობა კი ისაა, რომ მონაწილეები არ მოდიან. ძირითადი პრობლემა ისაა, რომ სატენდერო წინადადებები ზოგადია. შესყიდვების რეფორმა გატარდა იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად ემართათ სახელმწიფო სახსრები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან ესეც რთულად მიმდინარეობს. დღეს, ქალაქში გავლისას, რთულია დაინახო ცვლილებები, თუ არ ჩავთვლით ჭაობში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს.

 

 ორი წელია გაყინეს „იაფი სახლის“ პროექტი. შეიქმნა კომისია, რომელსაც კრიტერიუმებზე უნდა ემუშავა, თუმცა ეს კომისია ერთხელაც არ შეკრებილა. რას ნიშნავს, როცა მერია მნიშვნელოვანი პროექტების დაწყებას ვერ ახერხებს?

 

 მეც ვარ ამ კომისიის წევრი, თუმცა დღემდე არ მაქვს ინფორმაცია, ჩამოყალიბებული აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ეს პროექტი და რა უნდა მისცეს მან ქალაქს. ამ საკითხთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამართა შეხვედრა. სწორედ იქ შეთანხმდნენ, რომ შეიქმნებოდა კომისია, რომელშიც შევიდოდნენ კვლევითი ორგანიზაციები და სხვებიც, კრიტერიუმებზე მუშაობის დასაწყებად. რადგან პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, ჩვენ კომისიაში მუშაობაზე დავთანხმდით. ამის შემდეგ არანაირი სვლა არ ყოფილა. კომისია არ შეკრებილა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ დაუძახიათ.

 

 გაყინული პროექტების შეფასებისას ხშირად ვარაუდობენ, რომ მერიაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს პასუხისმგებლობის აღების ეშინიათ. თქვენ იზიარებთ ამ მოსაზრებას?


 შიშზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ვფიქრობ, „იაფი სახლის“ პროექტი ძალიან რთული პროექტია. ეს ქალაქისთვის დიდი გამოწვევაა და სირთულის თვალსაზრისით აქ ისევ რესურსის პრობლემას ვაწყდებით. რამდენად აქვს მერიას ამის გამოცდილება? – ყველაფერი გასაანალიზებელი და დასაგეგმია, რაც აყოვნებს კიდეც პროექტის დაწყებას. მაგრამ, როცა ხარ ქალაქის ხელმძღვანელი, საკრებულო იქნება თუ მერი, გაიარე საარჩევნო გზა და ეს იყო საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი დაპირება, პასუხისმგებლობა უნდა აიღო. 

 

საკრებულოს, როგორც მაკონტროლებელს, რა პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ყველაფერზე?


ბიუჯეტის შესრულებაზე მერიაა პასუხისმგებელი, მაგრამ, როდესაც ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტები ვერ ხორციელდება, ამაზე პასუხისმგებლობა საკრებულოსაც ეკისრება. საკრებულოს წევრმა ანგარიშში არ უნდა აღმოაჩინოს, რომ ბიუჯეტი გაირღვა, ის ინტენსიურად უნდა ადევნებდეს თვალს პროცესს.

გადაბეჭდვის წესი