სიახლეები

გინება, ფურთხება და ჩაშლილი თათბირი პოლიციის განყოფილებაში

27.08.2015 • 2228
გინება, ფურთხება და ჩაშლილი თათბირი პოლიციის განყოფილებაში

 

პოლიციის მე-2 განყოფილება

პირველ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. საქმეში საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, მან სასამართლო პროცესი გადადო და მხარეებს, ამ შემთხვევაში ბრალდებულსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, დაავალა შემდეგ სასამართლო პროცესზე წარმოედგინათ მოწმეები და ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოსამართლეს უთხრა, რომ დაახლოებით დილის 10 საათზე, ბრალდებული მივარდა პოლიციის შენობაში, არ დაემორჩილა მორიგის კანონიერ მოთხოვნას და გინებით შევარდა იმ ოთახში, სადაც პოლიციელებს თათბირი ჰქონდათ.

 

სხვა ვერსია აქვს ბრალდებულს. მისი თქმით, ის მეგობართან ერთად დროებით ცხოვრობს ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე. გამთენიისას ისინი პოლიციამ შეაჩერა ქუჩაში და გადამოწმების მიზნით წაიყვანეს ნარკოლოგიურში. მას შემდეგ, რაც მას ნარკოტიკული თრობა არ დაუდგინდა, პოლიციელებმა ის #2 განყოფლებაში წაიყვანეს, შეიყვანეს ოთახში და ხელებზე ბორკილები დაადეს. “დამცინოდნენ, რატომ ტირიო, ხელებს მირტყამდნენ თავში, რამაც ჩემი გაღიზიანება გამოიწვია. არ მომცეს უფლება დამერეკა მშობლებთან. პოლიციელები ძალიან ცუდად მექცეოდნენ, ფიზიკურად იძალადეს ჩემზე, პოლიციის განყოფილებაში მე არ შევჭრილვარ, პოლიციელებმა შემიყვანეს, არც წყალი არ დამალევინეს”, – განაცხადა ბრალდებულმა.

“მე არც ერთი მხარის წარმომადგენელი არ ვარ, ამიტომ ვზივარ შუაში, მინდა ორივე მხარემ მტკიცებულებები წარმომიდგინოთ”, – განაცხადა მოსამართლემ.

 

მეორე სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოწმის სახით ორი პოლიციელი წარმოადგინა: ჯემალ ბერიძე და გიორგი ლორთქიფანიძე, პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლები; ბრალდებულმა კი მისი მეგობარი მოიყვანა, რომელიც პოლიციამ მასთან ერთად ნარკოლოგიურში შეამოწმა.

 

ამონაწერი ჯემალ ბერიძის ჩვენებიდან: “ვარ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, დილით ვიყავით თათბირზე, ეს ახალგაზრდა მამაკაცი შემოიჭრა განყოფილებაში, გამოვიყვანეთ გარეთ, ის ისევ შევარდა შენობაში. ფაქტობრივად, ერთი საათი განყოფილება პარალიზებული იყო. მე დამრჩა ისეთი აზრი, მან აგვიგდო აბუჩად, ან იყო შეურაცხადი. იგი ითხოვდა პასპორტს. ჩვენთან თათბირი ყოველ დღე, დილის ათ საათზე ტარდება და დაახლოებით 20 წუთი გრძელდება. აი, ამ პერიოდში შემოიჭრა იგი შენობაში, აფურთხებდა ფანჯრებსა და სკამებზე, თავი მიარტყა რამდენჯერმე მინას, მის ცემასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. შეგვეშინდა, თავი არ დაეზიანებია და იძულებული გავხდით დაგვედო ხელბორკილები”.
მოწმე გიორგი ლორთქიფანიძე: “ათისთვის მივედი სამსახურში, თათბირის შემდეგ ბრალდებული შემოვარდა პოლციის შენობაში, დაიწყო ყვირილი, ითხოვდა პასპორტს, ტრუპებს გნახავთო -გვემუქრებოდა, იფურთხებოდა. ჩემმა თანამშრომლებმა ის დააკავეს”.

 

ბრალდებულის მეგობრის ჩვენებიდან: “წაგვიყვანეს ნარკოლოგიურში პოლიციელებმა, ჯერ შეამოწმეს ჩემი მეგობარი, მერე შემოწმებაზე მე შემიყვანეს. როცა ნარკოლოგიურიდან გამოვედი, დავინახე პოლიციელების პიკაპში ჯდებოდა ჩემი მეგობარი. მითხრა მე სახლში მივდივარო. მერე არ ვიცი რა მოხდა, მე სახლში ტაქსით წავედი”.

 

მოწმის ამ ჩვენებაზე სასამართლო პროცესზე შს სამინისტროს თანამშრომელმა გოჩა დეკანაძემ განაცხადა, რომ ეს ტყუილია: “ჩვენ, პოლიციელებს, ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ მოქალაქეები შინ არ მიგვყავს. შესაძლოა დავტოვოთ ისევ იმ ადგილას, სადაც ავიყვანეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა დაკავებული გადაგვყავს და არა მხოლოდ ერთი”.
მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა, როცა ის ნარკოლოგიურიდან პოლიციის შენობაში გადაჰყავდათ, გზაში რაზე საუბრობდნენ. ბრალდებულმა თქვა, რომ არ ლაპარაკობდნენ, იყო ნასვამი და ყველა დეტალი კარგად არ ახსოვს. საქმეში მტკიცებულების სახით არ არსებობს ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი. 

 

მოსამართლემ გადაწყვეტილება უკვე მესამე სასამართლო პროცესზე, მეორე დღეს გამოაცხადა და დაკავებული სტუდენტი სამართალდამრღვევად სცნო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: