სიახლეები

350 ათასი ლარი ბათუმობისთვის – მერიის ფერადი დღესასწაული

25.08.2015 • 3414
350 ათასი ლარი ბათუმობისთვის – მერიის ფერადი დღესასწაული

 

პროგრამის მიხედვით, ამ ორი დღის განმავლობაში ბევრი კონცერტი და გასართობი ღონისძიება არის დაგეგმილი. გარკვეულწილად ქალაქის ქუჩების ვიზუალური გაფერადებაც იგეგმება.

 

ბათუმობა ოფიციალურად 5 სექტემბერს, 6 საათზე გაიხსნება დუმბაძის ქუჩიდან. თუმცა, მანამდე არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მაგალითად, 12 საათზე, მემედ აბაშიძის ქუჩაზე გაიხსნება ადგილობრივი ბიზნესის გამოფენა, რომელიც 8 საათამდე გაგრძელდება. ასევე 12 საათზე დაიწყება ფესტივალი განდაგანა. ფოლკლურის მოყვარულებს მერია ევროპის მოედანზე იხმობს. კოსტუმირებული ჭადრაკი გაიმართება ბულვარში. ჭადრაკის ფიგურების დანიშნულებას ჭადრაკის ფიგურების კოსტუმებში გამოწყობილი ბავშვები შეასრულებენ. ამ ორიგინალური ფიგურებით ბათუმობაზე ევროპისა და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ნინო ბათიაშვილი და ევროპის ჩემპიონი მირანდა მიქაძე ითამაშებენ. წარმოდგენა 15-25 წუთს გარძელდება.

 

კოლონადებთან ბავშვებისთვის გაიმართება წარმოდგენა – „ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში“. სპექტაკლი 17:30 საათზე დაიწყება.

 

ერთი საათის განმავლობაში მემედ აბაშიძის ქუჩაზე სასულე ორკესტრი გამართავს მსვლელობას. მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება.

 

იმავე დღეს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ჩატარდება მსოფლიო კინოს მუსიკის შედევრების ღონისძიება, რომელიც ასევე 8 საათზე დაიწყება, ხოლო ერთი საათით ადრე ანბანის კოშკთან დაიწყება თანამედროვე მუსიკის კონცერტი.

 

6 სექტემბერს ნაწილი ღონისძიებებისა განმეორდება. მეორე დღეს ასევე დაგეგმილია სამეჯლისო ცეკვები დუმბაძის ქუჩაძე, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება, ასევე პანტომიმისა (7 საათი) და თითების თეატრების წარმოდგენები (8 საათი). სპექტაკლები ამ შემთხვევაშიც დუმბაძის ქუჩაზე იგეგმება.

 

6 სექტემბერს ასევე დაგეგმილია გალა კონცერტი ანბანის კოშკთან, რომელიც 8 საათზე დაიწყება.

 

ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია ბათუმის ქუჩების გაფერადებაც. ბიბლიოთეკიდან ერას მოედნამდე ჩამოიკიდება ჭრელი, განათებული ბურთები, მორთული იქნება აგრეთვე ხეები. დუმბაძის ქუჩაზე გაკეთდება საჰაერო და სტაციონარული დეკორაციები, დაიკიდება განათებული ჭრელი ქოლგები და ლენტები, დაიდგმება ხილისა და ყვავილების კუთხე, დეკორატიული მინი აუზები, ჭრელად შეიღებება სავალი ნაწილი, ქაღალდის დეკორაციებით მოირთვება ვიტრინები.

 

გარდა ამისა, დაგეგმილია სხვადასხვა თამაშობები, მაგალითად შეჯიბრი სიმინდის სწრაფ გარჩევაში, ბაგირის გადაწევაში. მასტერკლასები ყველის ამოყვანაში, თათარას გაკეთებასა და ჩურჩხელის ამოვლებაში.

 

რაც შეეხება ღონისძიების ბიუჯეტს – ამ ყველაფრისთვის ქალაქი 350 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ყველაზე დიდი თანხა – 100 ათასი ლარი გათვალისწინებულია ნიკა რაჭველის მოწვევაზე – 8 500 ლარი ჰონორარი, 15 ათასი ლარი სასტუმრო და კვება; დარჩენილი ხარჯების შესახებ ინფორმაცია დოკუმენტში არ არის გაწერილი.

 

42 720 ლარი გათვალისწინებულია გალა კონცერტისთვის, 33 375 ლარი თანამედროვე შემსრულებლებისთვის, სხვა აქტივობებისთვის, მაგალითად, საბავშვო მიუზკლისთვის, მიუზიკლის გაფორმებისა თუ ყვავილებიისთვის. ამ მიზნით 21 500 ლარი დაიხარჯება. ბათუმობის რეკლამირებისთვის, პროგრამის თანახმად 16 500 ლარია გათვალისწინებული.

 

ბათუმობაზე შემდეგი ჯგუფები და შემსრულებლები იქნებიან წარმოდგენილი.

 

5 სექტემებრი

 

Black Sea

Strawberry fields

Hhe Nemo

Sound lab

Groovy Phonics

Rene Band

მეოთხე სეზონი

მებო ნუცუბიძე და ჯგუფი Hhe BearFox

 

6 სექტემებრი

 

კვარტეტი ნოტა

ხვიჩა მაღლაკელიძის კვარტეტი

ანსამბლი ბათუმი

აჩიკო ბერიძის კვარტეტი

ნანა მესხი

ლაშა ღლონტი

თეატრალური კვარტეტი

ჯგუფი ფრანი და კაროლინა ჩერნეცკა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: