სიახლეები

„თუ დანაშაული გვაქვს ჩადენილი – გვითხრან, თუ არა, რატომ გვაცლიან ლუკმას“

15.08.2015 • 1391
„თუ დანაშაული გვაქვს ჩადენილი – გვითხრან, თუ არა, რატომ გვაცლიან ლუკმას“

ძმები „ბათუმელებთან” საუბარს იმით იწყებენ, რომ ცხოვრებაში არ ჰქონიათ შეხება პოლიციასთან. არასოდეს ჩაუდენიათ არანაირი დანაშაული და მათ სახელზე ერთხელ გამოწერილი დაჯარიმების ქვითარიც კი არ არსებობს. ამის მიუხედავად, სახელმწიფო მათ გადაადგილების უფლებას უზღუდავს.

რამაზ და ომარ რომინაძეები ოზურგეთში ცხოვრობენ. ბოლო 10 წელია თურქეთში დადიოდნენ – თხილსა და ჩაის კრეფდნენ და ასე არჩენდნენ ოჯახებს. ძმებს ორ-ორი შვილი ჰყავთ. გასულ წელს რომინაძეებმა იყიდეს მიკროავტობუსი და „ცოტა ადამიანური სამუშაო პირობები შეიქმნეს“, მგზავრების გადაყვანა დაიწყეს ტრაბზონის მიმართულებით. მათი პრობლემებიც სწორედ მაშინ დაიწყო – სარფში, ქართულ მხარეს, მებაჟეები მათ ხან აძლევენ საზღვრის გადაკვეთის უფლებას, ხან – უარით ისტუმრებენ.

რამაზ და ომარ რომინაძეები

„წარმოიდგინე, მიგყავს მგზავრები და საბაჟოზე მისულს გეუბნებიან, რომ არ გაგიშვებენ. მერე იმართლე თავი. ასე კლიენტსაც კარგავ და ეჭვის თვალითაც გიყურებენ. თუ რამე დანაშაული გვაქვს ჩადენილი, ან გვითხრან, ან დაგვაკავონ. თუ არა, რატომ გვაცლიან ლუკმას“, – ამბობს რამაზ რომინაძე და დასძენს, რომ 2015 წელს 20-ჯერ მაინც გადავიდა თურქეთში, მაგრამ უფრო მეტჯერ არ გაუშვეს. შესაბამისად, მისთვის სწორედ ის არის გაუგებარი, ან რის საფუძველზე არ უშვებენ, ან როცა აძლევენ საზღვრის კვეთის უფლებას, ამას რის საფუძველზე აკეთებენ.

ძმებს საბაჟოზე მყოფმა პატრულის თანამშრომლებმა ურჩიეს, სიტუაციის გასარკვევად საცხოვრებლის მიხედვით პოლიციის განყოფილებას ან შს სამინისტროს მიმართონ. ეს რეკომენდაცია რომინაძეებმა გაითვალისწინეს. როგორც თავად ამბობენ, ოზურგეთის პოლიციის განყოფილებაში მათ უთხრეს, რომ ძმებს ბიოგრაფიაში სამართლებრივი ლაქები არ აქვთ.

განყოფილებიდან მიღებული განმარტების შემდეგ, 2014 წლის დეკემბერში, რამაზ რომინაძემ საქართველოს საპატრულო პოლიციას მიმართა განცხადებით. მათ 25 დეკემბერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სისტემური მართვის სამმართველოს უფროსის მამუკა იმერლიშვილის ხელმოწერილი წერილი მიიღეს, რითაც ირკვევა, რომ მამუკა იმერლიშვილმა რამაზ რომინაძის განცხადება გადაუგზავნა შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, გიორგი სახოკიას. რამაზ რომინაძეს სხვა განმარტება გაგზავნილ განცხადებაზე სამინისტროდან აღარ მიუღია.

შს სამინისტროს პრესცენტრს ძმების პირადი ნომრები და სხვა მონაცემები `ბათუმელებმაც~ გადაუგზავნა და კომენტარის გაკეთება სთხოვა. პრესცენტრში თქვეს, რომ ამ ინფორმაციის მისაღებად სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს უნდა მივმართოთ. იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიურო ძირითადად არ რეაგირებს „ბათუმელების“ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რომინაძეებთან დაკავშირებით შს სამინისტროსთვის ძმების თაობაზე წერილობითი კითხვები არ გაგვიგზავნია.

რომინაძეებმა საკუთარ უფლებებში გასარკვევად ადვოკატ ირაკლი შავაძეს მიმართეს. ერთ-ერთი მორიგი ინციდენტის დროს ადვოკატი სარფში, საბაჟოზე ჩავიდა, რის შემდეგაც ძმები საზღვარზე მართლაც გაატარეს. ირაკლი შავაძე ამბობს, რომ ძმებს არ უნდოდათ მათი პრობლემის მედიამდე მიტანა, რადგან ეშინოდათ, რომ სამართალდამცავების გაღიზიანებას გამოიწვევდნენ, მაგრამ 6 აგვისტოს შემდეგ, როცა მათ კიდევ ერთხელ უთხრეს უარი საზღვარზე, სხვა გზა აღარ დარჩათ: „ეს ადამიანები და მათი ოჯახები, ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე რჩებიან. რომინაძეებს სურთ მიიღონ ოფიციალური პასუხი, თუ რატომ უზღუდავენ საზღვარზე გადაადგილებას, რის შემდეგაც მივმართავთ სასამართლოს და იმ ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვთ, რაც მათ მიადგათ ან მიადგებათ. ეს ადამიანები საკუთარი ძალებით დასაქმდნენ, მაგრამ სახელმწიფო ხელს უშლის. მისცენ საქართველოში სამუშაო და საერთოდ აღარ იფიქრებენ თურქეთში გადასვლაზე“.

ბოლო კითხვა, რაც „ბათუმელებმა“ ძმებს დაუსვა იყო შემდეგი – ხომ არ გყავთ ისეთი ნათესავი, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს თანაუგრძნობს. პასუხი იყო – „არა, გამორიცხულია“.

გადაბეჭდვის წესი