სიახლეები

უსკოს სამი ახალი წევრი არჩეულია

06.08.2015 • 1812
უსკოს სამი ახალი წევრი არჩეულია

 

კენჭისყრის შედეგები:

 

პირველ კენჭისყრაზე რეგისტრაცია გაიარა 21-მა დეპუტატმა:

ირაკლი გვარამია – მომხრე – 11, წინააღმდეგი – 9, ბათილი – 1;

ზურაბ გოლიაძე – მომხრე – 13, წინააღმდეგი – 8, ბათილი – 0;

 

მეორე კენჭისყრაზე რეგისტრაცია გაიარა 20-მა დეპუტატმა [რეგისტრაცია არ გაუვლია დავით ბაციკაძეს]:

რამაზ გოლომანიძე – მომხრე -12,  წინააღმდეგი – 8, ბათილი – 0;

სოფიო კახაძე – მომხრე – 9, წინააღმდეგი -9, ბათილი – 2;

 

მესამე კენჭისყრაზე რეგისტრაცია გაიარა 21-მა დეპუტატმა:

თორნიკე მჟავანაძე – მომხრე -13, წინააღმდეგი – 8, ბათილი – 0;

გია ქარცივაძე – მომხრე – 10, წინააღმდეგი -10, ბათილი – 1.

 

[უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ დღეს 9 წევრი ჰყავს [ფრაქციები: „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება – აჭარა“ და „ქართული ოცნება – თავისუფლება“], «ნაციონალურ მოძრაობას» – 8 წევრი [ფრაქციები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარები“], «თავისუფალ დემოკრატებს» – სამწევრიანი ფრაქცია „დემოკრატიული აჭარა“; საბჭოში არის ასევე ფრაქციის გარეშე დარჩენილი ერთი  დეპუტატი – მედეა ვასაძე.]

 

უსკოს ახალი წევრები:

 

ზურაბ გოლიაძე – 2014 წლის თებერვლიდან დღემდე მუშაობს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიაში უფროს სპეციალისტ-მდივან რეფერენტად. მანამდე კი ამავე კომისიის მიწვეულ სპეციალისტად [შტატგარეშე მოსამსახურედ] მუშაობდა. 2006-2010 წლებში იყო აჭარის საარქივო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი [იურისტი]; ხოლო 2016-2010 წლებში ადვოკატი. სხვადასხვა არჩევნების დროს იყო #81 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი.

 

რამაზ გოლომანიძე – 2014 წლის ივლისიდან დღემდე არის ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; ქედის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ ხელმძღვანელი; 2014 წელს, ერთი თვით, მუშაობდა N83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად, 2013 წლის ივლისიდან ამავე წლის ნოემბრამდე «ეროვნული ფორუმის» მიერ დანიშნული იყო დროებით კომისიის წევრად ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიაში; 2012 წელს იყო N80 ქედის საარჩევნო კომისიის წევრი.

 

თორნიკე მჟავანაძე – 2015 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ბათუმის საკრებულოში შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსია. მანამდე მუშაობდა აჭარის ტელევიზიაში გადაცემა „ეკონომისტის“ წამყვანად; 2013-2014 წლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად; ხოლო 2012-2013 წლებში აჭარის უმაღლეს საბჭოში იყო ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების» მიწვეული სპეციალისტი.

 

უსკოს ახალი სამი წევრების არჩევის შესახებ უმაღლესი საბჭოს შესაბამისი დადგენილება ძალაში 2015 წლის 26 აგვისტოდან შევა.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] წევრობის კანდიდატთა 6-კაციანი სია აჭარის უმაღლეს საბჭოს 22 ივლისს გადაუგზავნა.

 

უსკოს წევრი 5 წლის ვადით აირჩევა. წევრის ხელფასი დღეს 1500 ლარია, რომელსაც კვარტალური დანამატი – დაახლოებით 2000 ლარი ემატება.

 

უსკო შედგება თავმჯდომარისა და 5 წევრისაგან, ხოლო საარჩევნო პერიოდში – თავმჯდომარისა და 12 წევრისაგან. უსკოს 7 წევრს საარჩევნო პერიოდში ნიშნავენ პოლიტიკური პარტიები.

 

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრის სამი ვაკანსია 25 აგვისტოდან გაჩნდება. ამ დროისთვის უფლებამოსილების ვადა უსკოს სამ წევრს ეწურება: გია გარსევანიშვილს [უსკოს თავმჯდომარის მოადგილე], ქეთევან ჯიქიასა [უსკოს მდივანი] და ასლან ჩავლეიშვილს.

 

უსკოს წევრებად რჩებიან: კომისიის თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე [რომელსაც წევრობა 2016 წლის პირველ მარტს შეუწყდება], თამარ ხოზრევანიძე [წევრობა შეუწყდება 2016 წლის აპრილში] და გუგული დუაძე [რომელიც კომისიის წევრად მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს].

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა ფოტო: ბათუმელების არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: