ნეტგაზეთი • RU

ანგისის სპორტული ბაზა – ორი ტენდერი უარყოფითი შედეგით

 

ბათუმის მერიის მიერ ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობაზე გამოცხადებული ხელახალი ტენდერი ისევ უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „ენერგოსექტორმშენი“ მონაწილეობდა, რომელმაც მერიას ბაზის აშენება 5 276 700 ლარად შესთავაზა. სატენდერო კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მისცა.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ნებართვით გამოცხადებული ტენდერი შეზღუდულ ვადებში ჩატარდა – წინადადებების მიღება 20 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს დასრულდა. შესყიდვის ღირებულება კვლავ 5 მილიონ 330 ათასი ლარი იყო.

 

მერიის სატენდერო კომისია „ენერგოსექტორმშენისგან“ დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას ელოდებოდა, თუმცა წარდგენილი დოკუმენტები, როგორც შესაბამისი ოქმით ირკვევა, კომისიამ არასათანადოდ ჩათვალა, ხაზი გაუსვა სხვა უზუსტობებსაც, რის გამოც კომპანიას დისკვალიფიკაცია მიეცა.

 

„თანხა და შესყიდვის საგანი, ფაქტობრივად, იგივეა, უბრალოდ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოთხოვნები ოდნავ გამარტივდა, დიდი სხვაობა არ არის. გამოცდილებასთან დაკავშირებითაც დავწიეთ კრიტერიუმები, იმ კუთხით, რომ მეტმა პრეტენდენტმა მიიღოს მონაწილეობა.“ – განაცხადა გამარტივებული ტენდერის მიმდინარეობისას „ბათუმელებთან“ მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა ბაგრატ ხალვაშმა.

  

ანგისაში სპორტული ბაზის მშენებლობაზე ბათუმის მერიის მიერ 2015 წლის 4 მაისს გამოცხადებული ტენდერიც უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერში მაშინაც  მხოლოდ ერთი კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ მონაწილეობდა, რომელიც მერიას ბაზის აშენებას 5 მილიონ 99 ათას 997 ლარად სთავაზობდა. მიმდინარე წლის 5 ივნისს მერიის სატენდერო კომისიამ კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა.

 

„კონვენტ ჯორჯიაში“ მაშინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ერთ-ერთი სატენდერო პირობით „ისეთი რაღაცა იყო მოთხოვნილი, რაც ბუნებაში არ არსებობს, კერძოდ, ბუნებრივ საფარზე სერტიფიკატი. ჩვენგან გაკეთდა აქცენტი ამაზე, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული.“

 

ახალი სპორტული ბაზა ანგისაში, არსებული სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. დაპროექტებულია 1575-ადგილიანი სამაყურებლო ტრიბუნა, ბუნებრივსაფარიანი ძირითადი საფეხბურთო მოედანი [ზომით 68×105 მ] და ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო საფეხბურთო მოედანი [ზომით 63×105მ]. დაგეგმილია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყოფაც. სატენდერო განაცხადების მიხედვით, მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 420 დღეში უნდა დასრულებულიყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"