სიახლეები

თაღლითობა მოწყალების ყუთით

29.07.2015
თაღლითობა მოწყალების ყუთით

 

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ გვრიტუნა ჯაფარიძის მონათხრობს ავრცელებს.  

 

„2012 წლის  4 აპრილს მაღაზიაში შემოვიდა ახალგაზრდა, უცნობი მამაკაცი, რომელმაც მთხოვა ფინანსურად დავხმარებოდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს, რომლის ფოტოც სპეციალურად დამზადებულ ეგრეთ წოდებულ მოწყალების ყუთზე იყო მიკრული. გარკვეული რაოდენობის თანხით დავეხმარე და ვუამბე, რომ მეც მყავდა შშმ ბავშვი, რომელიც ასევე საჭიროებდა დახმარებას. უცნობი მამაკაცი გამეცნო და მითხრა, რომ მუშაობდა საქველმოქმედო ორგანიზაციაში. ასევე, ამიხსნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადავცემდი ბავშვის ფოტო სურათს, ჯანმრთელობის ცნობას, ჩემი პირადობის მოწმობის ასლსა და ანგარიშის ნომერს, ის დამეხმარეობდა ჩემი შვილის დასახმარებლად თანხის მობილიზებაში. ჩემი სურვილის შემთხვევაში, მეორე დღესვე გამაწევრიანებდა ორგანიზაციაში და თანხის შეგროვების მიზნით, მაღაზიაში დამიდგამდა მოწყალების ყუთს. ამასთანავე, დამპირდა, რომ ყოველთვიურად მინიმუმ 50 ლარს გადმომირიცხავდა ანგარიშზე. შევაგროვე დოკუმენტები და 2012 წლის 5 აპრილს სრულად გადავეცი. გიორგიმ (სახელი პირობითია) რამდენიმე დღეში მომიტანა 2 მოწყალების ყუთი, რომელზეც მის მიერ მითითებული საქველმოქმედო ორგანიზაციის რეკვიზიტები ეწერა და თან გამიმეორა, რომ როგორც კი ორგანიზაციის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხებოდა, შემოსულ თანხას ჩემს მიერ წარდგენილ ანგარიშზე გადმომირიცხავდა.“

 

გვრიტუნა ჯაფარიძე ყვება, რომ სამი წლის მანძილზე მის ანგარიშზე თანხა არ გადმორიცხულა: „როდესაც ვურეკავდი გიორგის და ვეკითხებოდი, რატომ არ ირიცხებოდა თანხები მპასუხობდა, რომ სპეციალურად დამზადებული მოწყალების ყუთი მან უკვე დამიდგა მაღაზიაში და სხვა ვალდებულება ჩემს წინაშე არ გააჩნდა.“

 

დაახლოებით ერთი თვის წინ მაღაზიაში, სადაც გვრიტუნა ჯაფარიძე მუშაობს უცნობი ქალი შევიდა მოწყალების ყუთით და ცერემბრალური დამბლით დაავადებული  ბავშვის დახმარება სთხოვა.  გვრიტუნა ჯაფარიძემ ქალს ბავშვის ფოტოს ჩვენება სთხოვა და ნახა, რომ ფოტოზე მისი შვილი იყო.

 

„შევეცადე, გამერკვია ვინ იყო ეს ქალბატონი. აღმოჩნდა, რომ იგი მუშაობდა იმავე საქველმოქმედო ორგანიზაციაში, რომელშიც რამდენიმე წლის უკან მე გავწევრიანდი და მისი ხელმძღვანელი გახლდათ ჩემთვის უკვე კარგათ ნაცნობი გიორგი. ამის შემდეგ, დავუკავშირდი თავად გიორგის, მომხდარის ახსნა და ჩემი შვილის სახელის გამოყენებით მიღებული თანხების გადმორიცხვა მოვთხოვე. თუმცა, აღნიშნულზე კატეგორიული უარი განმიცხადა და მითხრა, რომ მისი შვილის სახელით თანხას არ აგროვებდა.  

 

მომხდარის შემდეგ შევიტყვე, რომ ჩემთვის ნაცნობ ადამიანებს ჩემი შვილის დასახმარებლად მათთვის უცნობი მოქალაქეებისათვის (რომელთაც ხელში ყუთი ეჭირათ, ჩემი შვილის ბიოგრაფიასთან ერთად) შეუწირავთ თანხები, თუმცა ჩემს შვილს არც ერთი თეთრი არ მიუღია“ – ამბობს გვრიტუნა ჯაფარიძე.

 

 დემოკრატიის ინსტიტუტის ინფორმაციით, საჩივარი აღნიშნულ ფაქტზე უკვე წარდგენილია აჭარის პროკურატურაში. 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.