სიახლეები

სასამართლომ ბათუმის მერიას „ნაცმოძრაობის“ წევრის სამსახურში აღდგენა დაავალდებულა

15.07.2015
სასამართლომ ბათუმის მერიას „ნაცმოძრაობის“ წევრის სამსახურში აღდგენა დაავალდებულა
ბათუმის საქალაქო სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლო

„სამ საკითხზე ვედავებოდით მერიას, – ეს იყო ბრძანების გაუქმება, რომელიც მოდებაძის გათავისუფლებას შეეხებოდა, მეორე იყო მოდებაძის სამსახურში აღდგენა და მესამე ნაცდურის ანაზღაურება. სასამართლომ ყველა ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა. თავის დროზე მოდებაძე რეორგანიზაციის საფუძველზე გაათავისუფლეს, მაგრამ სასამართლომ თქვა, რომ ეს არ იყო რეორგანიზაცია. სიტყვა სიტყვით მოსამართლეს არ უთქვამს, რომ მოდებაძის გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ იმედია ამას დაწერს. მოსამართლემ თქვა, რომ ეს რეორგანიზაციით გათავისუფლება არ იყო, შესაბამისად, სხვა მუხლი არ რჩება, რადგან სასამართლო პროცესით ერთი რამ დადასტურდა – ირაკლი იმიტომ გაათავისუფლეს, რომ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი“, – განაცხადა ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ.

გიორგი კირთაძის თქმით, ირაკლი მოდებაძის გათავისუფლება მას შემდეგ გადაწყვიტა ბათუმის მერმა, გია ერმაკოვმა, რაც ის 21 მარტს თავისი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე წავიდა თბილისში. „იცოდნენ, რომ ირაკლი აუცილებლად წავიდოდა აქციაზე და გააფრთხილეს, რომ არ წასულიყო და შეასრულეს კიდეც“.

ირაკლი მოდებაძე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო. როგორც თავად ამბობს – ნაცდური თანხა დაახლოებით 3 ათასი ლარი იქნება. ირაკლი მოდებაძის გარდა სამსახურში აღდგენას ბათუმის მერიის კიდევ სამი ყოფილი მოხელე ითხოვს. მათ ინტერესებს სასამართლოში საერთაშორისო გამჭვირვალობა იცავს.

ბათუმის მერიის ააიპ-ის „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ დირექტორის გიგა ჩხაიძის თქმით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ: „გუშინ გამოცხადდა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, ველოდებით სამოტივაციო ნაწილს. გვაინტერესებს რაზე დაფუძნებით არის გამოტანილი გადაწყვეტილება. შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით გავასაჩივრებთ იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც იქნება სამოტივაციო ნაწილში მითითებული. გავასაჩივრებთ ყველა ინსტანციაში, მათ შორის თუ საჭირო დარჩება, უზენაეს სასამართლოშიც“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: