სიახლეები

პრემიის გარეშე დარჩენილები საბიუჯეტო ორგანიზაციებში

06.07.2015 • 1589
პრემიის გარეშე დარჩენილები საბიუჯეტო ორგანიზაციებში

 

მაია ჟღენტი მუსიკალური ცენტრის კაპელის გუნდის მსახიობია. მაია ამბობს, რომ ის და მისი კოლეგები კუთვნილ პრემიას ჯერ კიდევ ელოდებიან. „განცხადება დავწერეთ  მთავრობის სახელზე და მოვითხოვეთ, რომ პრემიები დაგვირიცხონ დროულად“.

 

მაია ვარაუდობს, რომ მათი კუთვნილი პრემიები 13 ივნისს თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში გადარიცხეს: „სტიქია რომ მოხდა, შეგვკრიბეს და გვითხრეს, რომ უნდა დავხმარებოდით. ამ შეკრებას მოთხოვნა-თხოვნის ხასიათი ჰქონდა. ხელფასი დადგენილზე სამი დღით ადრე დაგვირიცხეს, საიდანაც ყველამ გადავრიცხეთ 10-20 ლარი _ ვისაც რამდენი შეგვეძლო. გარდა ამისა, ჩვენი კერძო ინიციატივითაც შევაგროვეთ საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტები და გავაგზავნეთ. მაშინ გვითხრეს, რომ პრემიას ჩვეულებრივ დაგვირიცხავდნენ“.

 

მას შემდეგ, რაც დათქმულ რიცხვში პრემია არ დაერიცხათ, მსახიობებმა საკითხის გარკვევა ხელმძღვანელთან სცადეს. „ჩვენ – გუნდის მსახიობები, სოლისტები და ორკესტრის წევრები შევხვდით გია მიქელაძესა და ქალბატონ ქეთინო მანელიშვილს. გვითხრეს, რომ არავის უთქვამს ბატონი გიასთვის, რომ თანხა არ დაირიცხება. ისიც თქვეს, რომ ეს არის ჩვენი კუთვნილი თანხა და ჩვენი ნებართვის გარეშე ვერავინ განკარგავსო. ამის შემდეგ ჩვენ დავწერეთ ერთობლივი განცხადება მთავრობის სახელზე“, – ყვება მაია ჟღენტი.

 

იმავე მდგომარეობაში არიან დრამატულ თეატრშიც. თეატრის მსახიობმა მეგი კობალაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კუთვნილ პრემიებს ამ დაწესებულების თანამშრომლებიც ჯერ კიდევ ელიან:

 

„პრემია სამ თვეში ერთხელ გვერიცხება – ხელფასის 60%-ი და 25 რიცხვში ვიღებთ. გასულ თვეში ხელფასები სტიქიის გამო 18-ში ჩაგვერიცხა, უნდა გაგვეღო დაზარალებულებისთვის. გვითხრეს, რომ 24-25-ში იქნებოდა პრემია. რომ არ ჩამოირიცხა, დავიწყეთ გარკვევა თუ რატომ არ დაგვერიცხა პრემია, მინისტრი მოვიდა და გვითხრა – „მე ხელი მოწერილი მაქვს, უბრალოდ, ვერ ვხვდები რა ხდებაო“. პრინციპში, მინისტრმაც ვერ გაგვცა პასუხი. ეს იყო სადღაც 29-30 რიცხვი. ითქვა, რომ დაველოდოთ არჩილ ხაბაძის ჩამოსვლასო, რომელიც 2-ში უნდა ჩამოსულიყო. ჩამოვიდა და რა გადაწყვიტეს, ახლაც უცნობია ჩვენთვის. ჯერჯერობით არ ჩარიცხულა პრემიები“.

 

მეგის ვარაუდით, თბილისის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში მათი კუთვნილი პრემიების გადარიცხვის თაობაზე არც თეატრის ხელმძღვანელობა უნდა იყოს ინფორმირებული: „როცა 18-ში შევიკრიბეთ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, დირექტორმა გვითხრა, რომ პრემია 25-ში ჩაირიცხებოდა. თვითონაც გაუგებრობაში არიან“.

 

იგივე მდგომარეობაა მუზეუმებშიც. თუმცა, როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, „გასული კვარტლის პრემია აჭარის საჯარო დაწესებულებებში, მუნიციპალიტეტების ჩათვლით, არავის აუღია, რადგან ყველა საპრემიო თანხა სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხა“. შეკითხვაზე, თუ რატომ არ იციან ამის შესახებ იმ ადამიანებმა, ვისაც პრემია ეკუთვნის და ვინ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, აჭარის მთავრობის აპარატიდან განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ლადო მგალობლიშვილთან გადაგვამისამართეს, რომელმაც შემდეგი განმარტა:

 

„პრემია დარჩა ბიუჯეტში, არსად არ წასულა. უბრალოდ, რადგან ის უბედური შემთხვევები მოხდა თბილისში, ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებაში სხვანაირად არ აღქმულიყო და არ გაიცა პრემია ივნისის თვეში. ახლა მიდის საუბარი, კულტურის სიპებს, ვისთანაც ყველაზე დაბალია ხელფასი, როგორ მოხდეს მათთვის დანამატის გაცემა, რა ფორმით გაიცეს, რამდენი და ა.შ. კულტურის დაწესებულებები მათ დანამატებს, რომელიც ბიუჯეტში პრემიის მუხლით არის გაწერილი, გარკვეულწილად მიიღებენ. ამ წუთას ზუსტად ვერ გეტყვით რამდენს მიიღებენ. სამ დღეში გვეცოდინება“.

 

ლადო მგალობლიშვილის ინფორმაციით, „ამ ეტაპზე პრემიის როგორმე გაცემის საკითხი“ მხოლოდ იმ ხალხისთვის იხილება, „ვინც არის კულტურის სიპები“.

 

შეკითხვაზე – აჭარის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა მიიღეს თუ არა გასულ თვეში სახელფასო დანამატი? ლადო მგალობლიშვილმა უპასუხა: „დანამატი არის ნორმატიული აქტით გაწერილი და ამ დანამატის არგაცემის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ეს არის პირდაპირ გაწერილი. მთავრობის წევრებს არც ერთს პრემია არ აგვიღია“.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სტიქიიდან სამ დღეში – 17 ივნისს განაცხადა, რომ აჭარის ყველა საჯარო დაწესებულება ერთი თვის ხელფასს სრულად გადარიცხავდა სტიქიით დაზარალებულთა ფონდში. მთავრობის პრესცენტრმა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით იმავე დღეს განაცხადა, „რომ ეს იყო არაზუსტი ინფორმაცია“.

 

23 ივნისს აჭარის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში 117 500 ლარი აქვთ გადარიცხული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: