სიახლეები

შშმ პირები დასასვენებლად არაადაპტირებულ გარემოში გაუშვეს

06.07.2015 • 3388
შშმ პირები დასასვენებლად არაადაპტირებულ გარემოში გაუშვეს

 

„ფორმა ასი რომ შევავსეთ, იქ მიგვათითებინეს ბორჯომი. ჩვენც ვიცოდით რომ ბორჯომში უნდა დაგვესვენა და სრულიად მოულოდნელად კეჩხობში, ძალიან რთულ პირობებში აღმოვჩნდით. ეტლით მოსარგებლე ბავშვებისთვის ადაპტირებული პირობები არ არის. მეორე სართულზე უწევთ მშობლებს ბავშვების ხელით აყვანა. ჩემი შვილები ეტლით არ სარგებლობენ, თან პატარები არიან და ვახერხებ მათ  გადაადგილებას, მაგრამ აქ არიან 18-20  წლის ეტლით მოსარგებლე ბიჭები და მათი მეორე სართულზე აყვანა და ჩამოყვანა ყოველდღე ხელით ძალიან ძნელია“- ამბობს ნინო მიქელაძე.

 

რესპონდენტი ამბობს, რომ მან პირველივე დღეს მოისურვა უკან დაბრუნება, თუმცა ავტობუსის მძღოლმა უარი განუცხადა.

 

„სასტუმროს პირობებს წინასწარ გაგვაცნეს, ვებ-გვერდზე ჰქონდათ ფოტოები განთავსებული, მაგრამ აქ სხვა რეალობა დაგვხვდა. როცა პრეტენზია გამოვთქვი, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელმა მითხრა,  მომავალ წელს შენი შვილი ვეღარ მოხვდება ამ პროგრამაშიო. მე იმიტომ გამოვთქვი პრეტენზია, რომ  მომავალ წელს მაინც გაითვალისწინონ  ასეთი დეტალები“- ამბობს ნინო მიქელაძე.

 

„ბათუმელები“ კეჩხობში კიდევ ერთ მშობელს, ია მოწყობილს დაუკავშირდა, მისი ტელეფონის ნომერი მერიაში მოგვაწოდეს.

 

„მე კმაყოფილი ვარ მერიის პროგრამით, კვებაც კარგია და ჰაერიც. სანატორიუმი არის ძველი, ინფრაქსტრუქტურა  მოსაწესრიგებელია, ცოტა არეული იყო რომ ჩამოვედით, მაგრამ  შემდეგ მოაწესრიგეს ყველაფერი. ხის პანდუსები გააკეთეს პირველ სართულზე, მაგრამ მეორე სართულზე ზოგს ხელით აჰყავს, ზოგს ეტლით ბავშვები. თუმცა მე მაინც კმაყოფილი ვარ“- გვეუბნება ის.   

 

მერიის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი, მარინა რუხაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ მოქალაქე ნინო მიქელაძის პრეტენზიები უსაფუძვლოა: „ჩვენ პროგრამაში გვეწერა ბორჯომის ტერიტორია, არიან სანატორიუმში რომელიც ეკუთვნის ბორჯომს. პრეტენზია ვისაც აქვს, იმის ბავშვებს ადაპტირებული გარემო არ სჭირდებათ, რადგან არ არიან ეტლით მოსარგებლეები, მეორე ბავშვი მას არ ჰყავს შშმ პირი, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ჩავსვით პროგრამაში რადგან მარტო დატოვება გაუჭირდებოდა. ჩვენ ყოველდღე გვაქვს საუბარი სხვა მშობლებთანაც, ასევე ტენდერში გამარჯვებულ შპს „თოლიას“ წარმომადგენლებთან და ვიცით ბევრი კმაყოფილია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ  იმისთვის რომ მათ ნორმალური პირობები და გარემო ჰქონოდათ“ -ამბობს მარინა რუხაძე.

 

 ბათუმის მერიის შშმ პირთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის 2015 წლის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი, 106 ათას 287 ლარია.

 

 

კეჩხობი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: