სიახლეები

რა სტატუსით ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო კონფერენციას ბათუმში

19.06.2015 • 1261
რა სტატუსით ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო კონფერენციას ბათუმში

თუ რაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა ჰერბერტ ზალბერთან და იანოშ ჰერმანთან, უცნობია. შეხვედრა ჟურნალისტებისგან დახურულ ფორმატში მიმდინარობდა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე “საქართველოს ევროპული გზა” არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა და მისი ინფორმაციით, ინიციატივა ყოფილი პრემიერის ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობისა უშუალოდ ევროპის მხარეს ეკუთვნის:

“დღეს ბატონ ბიძინას აქვს ინდივიდუალური შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან და არა მხოლოდ. მე როგორც ვიცი, იმათი მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ მას გაემართა სხვადასხვა ინდივიდუალური შეხვედრა, როგორც ჩვენი, არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთ წარმომადგენელს” – თქვა მინისტრმა.

“ევროკავშირი არ იწვევდა ამ კონფერენციაზე არავის, კონფერენციის ორგანიზატორი არის მინისტრის აპარატი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და ყოველი ადამიანი ერთი და იმავე სტატუსით იყო მოწვეული, როგორც კონფერენციის სტუმარი. მათ შორის მეც, მინისტრიც, ლაშა ტუღუშიც, როგორც არასამთავრობო  ორგანიზაციის წარმომადგენელი და ბიძინა ივანიშვილიც. ძალიან ბევრი ადამიანი იყო დაპატიჟებული ამ კონფერენციაზე და იქედან გამომდინარე, რომ აქ (ბათუმში) იყო ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ ვისარგებლეთ შემთხვევით და ვთხოვეთ მათ შეხვედრა” – განმარტა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

”კონფერენციამ დღეს რეკორდული რაოდენობის უცხოელ სტუმარს მოუყარა თავი. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსიები, როგორც ასე ვთქვათ ”მთავარი” კონფერენციის ფარგლებში, ასევე ორმხრივ ფორმატებში.  ეს კონფერენცია აძლევს შესაძლებლობას ყველას, ვინც დაინტერესებულია, რომ ერმა მიიღოს დისკუსიაში მონაწილეობა იმ საკითებზე, რაც პროგრამით არის გათვალისწინებული, ასევე გამართოს ორმხრივი შეხვედრები. ამ კონფერენციაზე მოწვეულ სტუმართა სიაში იყო ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილიც და მასაც ჰქონდა ორმხრივი შეხვედრები. ეს ჩვეულებრივი ფორმატია, რომელიც ითვალისწინებს როგორც კონფერენციის ფარგლებში დისკუსიებს, ისე ორმხრივ შეხვედრებს. ჩვენ არ ვუკეთებთ ორგანიზებას ორმხრივ შეხვედრებს, მით უმეტეს  არასამთავრობოებისთვის” – განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

გადაბეჭდვის წესი