ნეტგაზეთი • RU

შშმ ბავშვებს რეაბილიტაციის კურსი ჩაუტარდათ

 

უკვე მეორე წელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის“ პროგრამას ახორციელებს, რომელიც გულისხმობს აჭარაში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის ბათუმის სადეღამისო სარეაბილიტაციო ცენტრებში 15-დღიანი სამკურნალო და სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას. მუნიციპალიტეტებში მსგავსი მომსახურების სხვა მიმწოდებელი არ არსებობს.

 

 

15-დღიანი კურსის განმავლობაში ხორციელდება შშმ ბავშვთა სამედიცინო მეთვალყურეობა, მათ საჭიროებებზე მორგებული სწავლება, ფსიქოლოგიური დახმარება, სადღეღამისო მომსახურება კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლება, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით ბენეფიციარების პროგრამაში ჩართვა ხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად. 

2015 წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 16-მა შშმ ბავშვმა. წლის განმავლობაში სარეაბილიტაციო კურსი ჯამში 40 ბენეფიციარს დაუფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი  36 000 ლარია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"