როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 248-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სანიტარულ-ეპიდემიური წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანთა მასობრივი დაავადება ან მოწამლვა გამოიწვია.
პოლიციის მიერ გამოძახებულია სანიტარული ზედამხედველობის სამსახური რომელიც გამოიკვლევს საკვების ნიმუშებს. უწყების ცნობით, ასევე ამ დროისთვის მიმდინარეობს პედაგოგების და მშობლების გამოკითხვები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციის სალიბაურის საჯარო სკოლის მოსწავლეეები თავს კარგად გრძნობენ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრიდან მათ სავარაუდოდ დღეს საღამოს გაწერენ.
რაც შეეხება იმას თუ რამ გამოიწვია სკოლის ექვსი მოსწავლის ჯანმრთელობის ერთდროულად გაუარესება ამას უახლოეს მომავალში ლაბორატორიული კვლევა დაადგენს.
დღეს, 11 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დაახლოებით 10:00 საათზე გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს სკოლის ექვსი მოსწავლე შეუძლოდ დახვდათ.
რვიდან თორმეტ წლამდე ასაკის ექვსი მოსწავლე მუცლის ჭვალის დიაგნოზით ბათუმის დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრში გადაიყვანეს.