მთავარი,სიახლეები

რა უნდა გავაკეთოთ საკვებით მოწამვლის დროს

11.06.2015 • 50317
რა უნდა გავაკეთოთ საკვებით მოწამვლის დროს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ზაფხულში რამდენჯერმე მატულობს საკვებისმიერი ინტოქსიკაციების, როგორც ერთეული, ისე ჯგუფური შემთხვევები – ეპიდაფეთქებები, რაც უმეტესად დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და კვების ობიექტებში არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას უკავშირდება.

ექიმი-ტოქსიკოლოგი დავით მურვანიძე ამბობს, რომ საკვებისმიერ ინტოქსიკაციებს საწყის ეტაპზე შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: შემცივნება, ტემპერატურის მატება, გულის რევა, ღებინება, რასაც შემდეგ ერთვის დიარეა. ექიმის თქმით, საკვებით მოწამვლის კლინიკური გამოვლინება დიდებსა და პატარებში მსგავსია, თუმცა თუ დიდების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენა მოწამლული ადამიანისთვის სახლშიც არის შესაძლებელი, ბავშვების შემთხვევაში უმჯობესია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
“წლამდე ასაკის ბავშვები, სიმპტომების პირველივე გამოვლინებისას, იმავე წუთში უნდა გადაიყვანონ სტაციონარში, რადგან ასეთ დროს ექიმთან დაგვიანებულ მიმართვას შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს”, – ამბობს დავით მურვანიძე. მისივე თქმით, სიმპტომები შესაძლოა ინფიცირებული პროდუქტის მიღებიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღის შემდეგაც დაიწყოს და ინტოქსიკაციის სიმძიმიდან გამომდინარე 1-დან 10 დღემდე გაგრძელდეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) ბავშვებზე მოდის. ეს შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით. ცენტრის ცნობით, დიარეული დაავადებების დროს თვითმკურნალობა ართულებს დიაგნოსტიკას და ხელს უწყობს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული (გამძლე) შტამების შექმნას, რომელთა გავრცელება გარემოში სერიოზულ პრობლემებს უქმნის დიარეულ დაავადებათა მკურნალობასა და პაციენტთა გამოჯანმრთელებას.

დიარეით მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში, მკურნალობის მეთოდს ექიმი კლინიკური გამოვლინებების შესაბამისად არჩევს. “საკვებისმიერი მოწამვლისას პირველი ზომა კუჭის ამორეცხვაა, თუ მაღალი სიცხეა – ცხელების საწინააღმდეგო პრეპარატების მიცემა. თუ პაციენტს უგრძელდება ღებინება და არ შეუძლია მედიკამენტის პერორალურად მიღება (დალევა), მაშინ საჭირო ხდება გადასხმა”, – ამბობს ექიმი.

დავით მურვანიძის თქმით, ზაფხულობით საკვებისმიერი მოწამვლის შემთხვევების უმეტესობა ჰიგიენას, უფრო ზუსტად კი, მის არ დაცვას უკავშირდება: “ზაფხულის სეზონზე უმეტესად ეს უკავშირდება ხილის მიღებას, პირველ რიგში ხილი უნდა იყოს ძალიან კარგად, სუფთა წყლით გარეცხილი. გარდა ამისა, ზაფხულში ქუჩაში ხშირად შეხვდებით სხვადასხვა სახის მზა საკვებს, იქნება ეს მოხარშული სიმინდი თუ სხვა რამ. ჩვენ არ ვიცით როგორი დამუშავებულია ეს საკვები, რა პირობებშია მომზადებული, ამას ემატება ქუჩის მტვერი, ამიტომ ასეთი საკვების ყიდვას უნდა მოერიდოთ”- ამბობს ტოქსიკოლოგი.

რა საკვები უნდა მიიღოს ადამიანმა საკვებით მოწავლის დროს? ექიმი ტოქსიკოლოგი ნაირა არველაძე ამბობს, რომ პაციენტმა, რომელსაც საკვებისმიერი ინტოქსიკაციის დიაგნოზი დაესმება – აუცილებელია დაიცვას დიეტა, რომელშიც შედის მხოლოდ მოხარშული საკვები და რომელიც გამორიცხავს ნებისმიერ შემწვარ საკვებს. “არ შეიძლება ცხარე და მჟავე საკვები. მათ აუცილებლად უნდა მიიღონ ელექტროლიტები – სარეჰიდრაციო სითხეები, დაახლოებით 7-8 დღე. მოზრდილებისთვის სასურველია გაზგასული მინერალური წყლების მიღება”- ამბობს ტოქსიკოლოგი. მისივე თქმით, მოწამლულმა ადამიანმა დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე რაციონიდან უნდა ამოიღოს რძის პროდუქტები, ხილიდან კი რეკომენდირებულია მხოლოდ ვაშლი და ბანანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: