სიახლეები

შუახევის გამგებელი: ვერ ვიტყვი, რომ კონკურსით კმაყოფილი ვარ

09.06.2015
შუახევის გამგებელი: ვერ ვიტყვი, რომ კონკურსით კმაყოფილი ვარ

 

ტარიელ ებრალიძე
ტარიელ ებრალიძე

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ კონკურსთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა.

 

„კონკურსის სამივე ეტაპი დასრულდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თანამშრომლების აყვანასთან დაკავშირებით ცნობილი არ არის. ამ საკითხზე კომისიას ჯერ არ უმსჯელია, სავარაუდოდ ხვალ შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ. რაც შეეხება კონკურსს, ვაკანსია ექვს პოზიციაზე გვქონდა გამოცხადებული, ოთხი – გამგეობაში, ორი კი – თემის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად. ექვსი საკონკურსო პოზიციიდან კვლავ ვაკანტური დარჩა მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოციალური სამსახურის სპეციალისტის თანამდებობა, აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსში მონაწილე აპლიკანტებმა ტესტირებისას 36-ქულიანი ბარიერი ვერ გადალახეს.

 

მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა, საჩივარი საკონკურსო მოთხოვნას ეხებოდა. გამგებლის გენდერულ საკითხებში თანაშემწის ვაკანსიაზე მოთხოვნა გვქონდა სამუშაო გამოცდილება და სწორედ ეს გახდა საჩივრის მიზეზი.

 

ვერ ვიტყვი, რომ ჩატარებული კონკურსით  ძალიან კმაყოფილი ვარ, უფრო მეტს მოველოდი, უფრო მეტი ინტელექტისა და გამოცდილების ადამიანები მჭირდება გამგეობაში, რადგან საჯარო მოხელეობა რიგითი სამსახური არ არის“ – აცხადებს ტარიელ ებრალიძე და დასძენს, რომ გამგეობის 24-მდე თანამშრომელს უახლოეს დღეებში ატესტაცია ჩაუტარდება.

 

შუახევის მუნიციპალიტეტში ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად გასაუბრებაზე აპლიკანტების ცოდნა კომისიის რვა წევრმა შეაფასა. კონკურსს შუახევში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.