Batumelebi | შეგიძლიათ თუ არა შშმ პირის დასაქმება? შეგიძლიათ თუ არა შშმ პირის დასაქმება? – Batumelebi
RU | GE  

შეგიძლიათ თუ არა შშმ პირის დასაქმება?

 

რა გჭირდებათ იმისთვის,  რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი დაასაქმოთ? – ეს კითხვა გასულ კვირას „ბათუმელებმა“ რამდენიმე კერძო კომპანიის წარმომადგენელს დაუსვა. უმეტესობისთვის კითხვა მოულოდნელი იყო და პასუხიც გაურკვეველი აღმოჩნდა, ზოგიერთმა პასუხის გასაცემად ვადა ითხოვა, მათ შორის რამდენიმე მზადაა ეს საკითხი მომავალში განიხილოს. შშმ პირების ინფორმაციით კი საკითხი დღის წესრიგში გაცილებით უფრო რთულად დგას.  

 

აქვთ თუ არა შშმ პირებს კერძო სექტორში დასაქმების შესაძლებლობა, მაშინ როცა ქვეყანაში დასაქმება ერთ-ერთ მთავარ პრობლემადაა დასახელებული და შესაბამისად კონკურენციაც მაღალია? ამის გასარკვევად „ბათუმელებმა“ გასულ კვირას რამდენიმე კერძო კომპანია და ტურისტული ობიექტი  გამოკითხა.

 

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სასტუმრო „შერატონში“ დასაქმდეს შშმ პირი, სასტუმროს წარმომადგენელი მეგი ჟღენტი პასუხობს, რომ  შესაძლებელია:

 

„რატომაც არა. თუ ვაკანსია არის და პირი შესაბამის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მას შერატონში დასაქმების პრობლემა არ ექნება“.

 

იგივე პოზიცია აქვს  დეველოპერული კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორსაც. ირაკლი კვერღელიძის თქმით, ვაკანსიის შემთხვევაში კომპანიის  ხელმძღვანელებისთვის მნიშვნელობა არ ექნება კონკურსანტი შშმ პირია თუ არა. „თუ ის კომპანიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, დავასაქმებთ, მაგრამ პირი დავასაქმოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ის შშმ პირია, ამას ალბათ ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა მან „ბათუმელებთან“.

 

შპს „ანაგის“ პიარმენეჯერი მარიამ გამცემლიძე განმარტავს, რომ რადგან კომპანია მხოლოდ სამშენებლო დაკვეთებზე მუშაობს და  არა გაყიდვებზე, „ანაგში“ შშმ პირის დასაქმება ვერ მოხერხდება. „ისევ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვფიქრობ ჩვენთან შშმ პირის დასაქმება ვერ მოხერხდება. პირის მხოლოდ იმიტომ დასაქმება, რომ ის შშმ პირია, ვფიქრობ შეურაცხმყოფელიც კია. თუმცა კარგი იქნებოდა კომპანიებს დაურიგდეს დასაქმების მსურველი შშმ პირების ბაზა, სადაც მათი შესაძლებლობების შესახებაც იქნებოდა ინფორმაცია“, – ამბობს მარიამ გამცემლიძე.

 

სასტუმრო „ბრაიტონის“ მენეჯერს ციური დავითაძეს ამ თემაზე არ უფიქრია და არც რომელიმე შშმ პირს მიუმართავს მისთვის. იგი ამბობს, რომ ახლა ვაკანსია არ აქვს, თუმცა მომავალში სასტუმროში შშმ პირის დასაქმებას არ გამორიცხავს. 

 

პირის იმ მოტივით დასაქმებას, რომ ის შშმ პირია, არც თავად შშმ პირები მიიჩნევენ დასაშვებად. „ეს იქნებოდა პოზიტიური დისკრიმინაცია“ – ამბობს ორგანიზაცის – „თანაბარი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე, რომელიც თავადაც შეზღუდული შესაძლებლობის პირია.

 

თომას თქმით „პასუხი – დავასაქმებ, თუ ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“ – მარტივი გამოსავალი ვერ იქნება, რადგან ეს დამოკიდებულება დასაქმების მსურველი შშმ პირებისთვის რეალობას ვერ შეცვლის.

 

„თუ მე არ მაქვს უნივერსიტეტში ეტლით შესვლისა და გადაადგილების შესაძლებლობა, შესაბამისად არ მაქვს განათლების მიღების შესაძლებლობა, სტრუქტურებში მოძრაობის შესაძლებლობა – როგორ გავხდები კომპეტენტური? – ყველაფერი ადაპტირებული გარემოს საჭიროებამდე მიდის. მაგრამ ამის მოგვარებას წლები სჭირდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა დაწესდეს კვოტები. დავალდებულდეს სტრუქტურა, რომ დასაქმებულთა შორის ხუთი პროცენტი შშმ პირი დაასაქმოს“, – ამბობს თომა კაკაბაძე.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის აჭარაში 14 398 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირი ცხოვრობს, მათგან რამდენია დასაქმებული, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას არ აქვს. აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაცემებით კი 2014 წლიდან დღემდე სააგენტოში სამუშაოს მაძიებელი 16 შშმ პირი დარეგისტრირდა.

 

აჭარის მთავრობაში განმარტავენ, რომ შშმ პირთა დასაქმებისა და მათთვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად მთავრობა მუშაობს და პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება. მთავრობაში მიიჩნევენ, რომ შშმ პირთა დასაქმებისთვის სპეციალური კვოტების დაწესება შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან  პირის შესაბამისი კომპეტენციის არქონის შემთხვევაში მისი სტრუქტურაში დასაქმება არასწორი იქნება. ამ მოტივით დაიწყო აჭარის მთავრობამ შშმ პირების გადამზადების პროგრამის განხორციელება. პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაცია – დასაქმების სააგენტო ახორციელებს.

 

„სააგენტო სწავლობს, თუ რა სფეროებში და რა სპეციალობებზეა უფრო მოთხოვნა და ამ მიმართულებით გადაამზადებს შშმ პირებსა და სოციალურად დაუცველებს იმისათვის, რომ ისინი გახდნენ კონკურენტუნარიანები და უფრო მარტივად დასაქმდნენ“, – განმარტავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე.

 

სამთავრობო სტრუქტურებში შშმ პირის საჯარო სექტორში დასაქმების შესაძლებლობის რეალურობის შესახებ საუბარი გასულ წელს მას შემდეგ დაიწყეს, რაც ბათუმის ახალარჩეულმა მერმა გიორგი ერმაკოვმა შშმ პირი, პროფესიით ფსიქოლოგი შორენა მამულაძე შშმ პირებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლად დანიშნა. მოგვიანებით ხულოს გამგებლის მრჩეველი გახდა ჯემალ ჭელიძე, შშმ პირი, რომელმაც მანამდე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სტაჟირება გაიარა. კიდევ ერთი შშმ პირია დასაქმებული ბათუმში საჯარო რეესტრში.

 

მერის მრჩევლის შშმ პირებთან ურთიერთობის საკითხებში შორენა მამულაძის განმარტებით კი, სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება და შესაძლებლობაა შექმნას ადაპტირებული გარემო. მერის მრჩეველი შშმ პირებთან ურთიერთობის საკითხებში კვოტების დაწესებისა და პირის მხოლოდ იმის გამო დასაქმების, რომ ის შშმ პირია, მომხრე არ არის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე