სიახლეები

უკრაინის მოქალაქე არჩილ ხაბაძის სახლთან თავის დაწვით იმუქრება

25.05.2015 • 1339
უკრაინის მოქალაქე არჩილ ხაბაძის სახლთან თავის დაწვით იმუქრება

 

ტატიანა ნესტერენკოს თქმით, ბათუმში ჩამოსვლამდე ის უკრაინაში, კერძოდ, ქალაქ ხარკოვში ტექნიკური ინვეტარიზაციის ბიუროში, განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობდა. ის ხარკოვიდან ბათუში ბიზნესის საკეთებლად ჩამოვიდა. „გავყიდე ბინა ხარკოვში და აქ ვაპირებდი სალონისა და საფუნთუშეს გახსნას. ჩამოვიყვანე ოთხი ადამიანი უკრაინდიან – პედიკურის, მანიკურის, თმის სპეციალისტები. ვიყიდე აპარატურა, რომელიც აქ ბაზრობასთან ახლოს მქონდა შენახული საწყობში. ერთ დღესაც, ეს იყო 28 აპრილი, აღმოვაჩინე, რომ ჩემი ანგარიშიდან 10 ათასი დოლარი გაქრა, საწყობიდან კი ყველა ტექნიკა“, – უყვება „ბათუმელებს“ ტატიანა ნესტერენკო, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს დააინტერესოს თავისი პრობლემით სამართალდამცვები, მაგრამ ამას ვერ ახერხებს.

 

ტატიანა ნესტერენკო დღეს აჭარის მთავრობაშიც იმყოფებოდა დახმარების თხოვნით. ამბობს, რომ ის იქ არავინ მიიღო. „გულუბრყვილობით მომივიდა. მეგონა, რომ მართლა ევროპულ სახელმწიფოში ჩამოვედი და ახლა სრულიად მიუსაფარი ვარ. ეს კაცი ჯემალ მ. სანაპიროზე გავიცანით ხუთმა სრულწლოვანმა ადამიანმა და ეჭვიც კი არ შეგვპარვია, რომ ამ დონის თაღლითი იქნებოდა. მან გვიქირავა საოფსე ფართობი, რომელშიც ორი თვის განმავლობაში 600 დოლარს ვიხდიდი. ერთ დღესაც, როდესაც მე “ინტურისტის” ბანკომატიდან თანხა გამოვიტანე საბანკო ბარათით, ეტყობა დაინახა პინკოდი. მერე მომპარა ეს ბარათი და ანგარიშზე 100 დოლარიც კი არ დამიტოვა. მოიპარა აპარატურაც. პოლიციამ არ მოძებნა ეს ადამიანი. მოვძებნე მე და აღმოვაჩინე, რომ უკვე თურქეთშია გადასული“.

 

ტატიანა ნესტერენკო ამბობს, რომ ამდენ ნერვიულობაში კატარაქტაც დაემართა, მაგრამ არ აქვს მკურნალობის საშუალება: „ვიცი, რომ ხვალ დიდი ზეიმი გაქვთ, ამიტომ ამ დღესაც დავიცდი. მერე მინდა მთელ მსოფლიოს გავაგებინო, როგორი ევროპული ქვეყანა დამხვდა აქ – თქვენი მთავრობის თავმჯდომარის სახლის მისამართი გავიგე, სწორედ იქ ვაპირებ გადავისხა ბენზინი და თავი დავიწვა. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში უცხოელისთვის არავითარი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და გარანტიები არ არსებულა. სამწუხაროდ, თქვენთან, სამართლებრივ სახელმწიფომდე ჯერ კიდევ ძალიან შორსაა“.

 

ტატნიანა ნესტერენკოს თქმით, ის რამდენიმე ხნის განმავლობაში კეთილი ადამიანების მხარდაჭერით ცხოვრობდა, საკვებს სრულიად უცხო ადამიანები უნაწილებდნენ. „მერე ერთ-ერთი ნაცნობის დახმარებით, ბათუმის ერთ-ერთმა ვიცე-მერმა თავშესაფარში მომათავსა, სადაც დღემდე ვცხოვრობ“, – ამბობს დაზარალებული ქალი. მას ბათუმში 10 ათასი დოლარი და 8 ათასი დოლარის ღირებულების აპარატურა მოპარეს.

 

 ტატიანა ნესტერენკოს თქმით, მის მიერ უკრაინდან ჩამოყვანილი ოთხი ადამიანი ემიგრაციული სამსახურის მხარდაჭერით დაბრუნდნენ უკან სამშობლოში, თვითონ კი ვერსად მიდის, რადგან წასასვლელი არსად აქვს. „დამიბრუნონ ჩემი ფული და წავალ“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ტატიანა ნესტერენკოს საქმეზე მიმდინარეობს წინასაგამოძიებო ღონისძიებები და მას უახლოეს დღეებში შს სამინისტრო დაჰკითხავს საქმესთან დაკავშირებით. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: