სიახლეები

აჭარის ფინანსთა მინისტრს უმაღლესი საბჭოს კომისიებში მოუსმენენ

25.05.2015 • 1713
აჭარის ფინანსთა მინისტრს უმაღლესი საბჭოს კომისიებში მოუსმენენ

 

საბიუჯეტო ორგანიზაციებმა გაწერილი ხარჯებიდან 6 656 200 ლარი ვერ აითვისეს. 2015 წლის სამ თვეში აჭარის ბიუჯეტიდან 40 600 500 ლარი უნდა დახარჯულიყო, ფაქტობრივად კი, 33 944 300 ლარი დაიხარჯა, რაც გეგმის 83,6 პროცენტია.

 

ბიუჯეტიდან პირველ კვარტალში მათთვის გამოყოფილი (მათ შორის პროგრამული ღონისძიებებისთვის) თანხა აჭარის ვერც ერთმა სამინისტრომ ვერ აითვისა. უშუალოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მიერ, მიმდინარე წლის სამ თვეში, დაგეგმილზე დაახლოებით 1,6 მილიონი ლარით ნაკლები ღონისძიებები დაფინანსდა.

 

სამინისტრო, მაგალითად, ახორციელებს მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას. მიმდინარე წლის სამ თვეში, დაგეგმილი 27 ათასი ლარის ნაცვლად, საკასო შესრულებამ 18,2 ათასი ლარი შეადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, „პირველ კვარტალში იგეგმებოდა შვიდ ბენეფიციარზე სესხის გაცემა, შესაბამისად სამინისტროს მხრიდან თანადაფინანსების თანხაც იქნა გათვალისწინებული. ფაქტობრივად კი, ბანკის მიერ სესხი გაიცა ორ ბენეფიციარზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ვერ მოხდა პროგრამის ფარგლებში პირველ კვარტალში დაგეგმილი თანხის სრულად ათვისება“.

 

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის თქმით, შესაბამისი კონკურსი სამინისტრომ შარშან გამოაცხადა და  „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა: „6 მილიონი საკრედიტო რესურსი უნდა მოზიდულიყო, ანუ 6 მილიონი ლარი უნდა გაეცა ბანკს, მაგრამ ვერ დააკმაყოფილეს ეტყობა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა ბანკის მოთხოვნა და, შესაბამისად, არ გაიცა თანხა. რა თანხაც გაიცემოდა, იმის 12%-ს ვიხდიდით ჩვენ. თუ ბანკი არ გასცემს თანხას, ვერც ამ 12%-ის ათვისება მოხდება.“

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია „ბათუმის ბულვარიც“, რომლის ერთ-ერთი ქვეპროგრამის – ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა – დაზუსტებული გეგმა (პირველი კვარტლის) 1 342 000 ლარს შეადგენდა, ხარჯი კი, მხოლოდ 590 300 ლარი იყო. სამინისტროში განაცხადეს, რომ „დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილზე ტენდერები არ შედგა, ასევე გამოცხადებული ტენდერებიდან შეიქმნა ეკონომიები, შედეგად კი, ქვეპროგრამის შესრულების მაჩვენებელი მხოლოდ 44 პროცენტია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: