სიახლეები

უმაღლესმა საბჭომ ირაკლი დარცმელიძე აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრად დაამტკიცა

22.05.2015
უმაღლესმა საბჭომ ირაკლი დარცმელიძე აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრად დაამტკიცა

 უმაღლესი საბჭოს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, რომელმაც დააკმაყოფილა ბეჟან გობაძის სასარჩელო განცხადება და ბათილად ცნო უმაღლესი საბჭოს მიერ ტელევიზიის ბორდში ოლიკო ჟღენტისა და ვახანგ ღლონტის არჩევის საკითხი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბეჟან გობაძემ და ირაკლი დარცმელიძემ მას შემდეგ მიმართეს, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს მმართველ კოალიციაში გაწევრიანებული ფრაქციების დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს უმცირესობაში მყოფი პარტიის მიერ [ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის] აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში მათთვის გამოყოფილ კვოტაზე წარდგენილ კანდიდატებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მაშინ ამტკიცებდნენ, რომ უმცირესობის კვოტაზე თავიანთი კანდიდატების წარდგენის უფლება ჰქონდათ და გამოიყენეს კიდეც ეს „უფლება“, რის შედეგადაც დანიშნეს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში ოლიკო ჟღენტი და ვახტანგ ღლონტი.

ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით წარდგენილმა კანდიდატებმა – ბეჟან გობაძემ და ირაკლი დარცმელიძემ იჩივლეს სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს პირველმა ინსტანციამ დაადგინა, რომ უმაღლესი საბჭო უკანონოდ მოიქცა. თუმცა, აჭარის საკანონმდებლო ორგანომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ჯერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა,  შემდეგ კი – უზენაეს სასამართლოში. სასამართლომ უმაღლესი საბჭოს საჩივარი არ დააკმაყოფილა.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა ამჟამად ასე დაკომპლექტდა: ზაზა ხალვაში (საბჭოს თავმჯდომარე), ნატა იმედაიშვილი, ბეჟან გობაძე, გიორგი ირემაძე და ირაკლი დარცმელიძე. ირაკლი დარცმელიძე ამ დროისთვის გაზეთ “აჭარაში” მუშაობს. 

ზაზა ხალვაშმა “ბათუმელებთან” აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ მან ინფორმაცია გუშინ მიიღო და ჯერ არ შეხვედრია ბორდის ახალ წევრს. რაც შეეხება ნაცდური ხელფასის ანაზღაურებას, ზაზა ხალვაში ამბობს, რომ ბეჟან გობაძეს ეს თანხა უკვე აუნაზღაურეს. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.