სიახლეები

ექთნების გადამზადების უფასო კურსები „ევექსისგან“

11.05.2015 • 4702
ექთნების გადამზადების უფასო კურსები „ევექსისგან“


„ევექსის“ სასწავლო ცენტრის დირექტორი გიორგი ბერია

ბატონო გიორგი, რატომ გადაწყვიტა  ევექსმა საქართველოს მასშტაბით ექთნების უფასოდ გადამზადება?

– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინით ექიმისა და ექთნის შეფარდება ასეთია: 1 ექიმზე უნდა მოდიოდეს 4 ექთანი. საქართველოში არსებული მონაცემებით, ერთ ექიმზე 0.8 ექთანი მოდის და აქედან დაახლოებით 40 პროცენტი საპენსიო ასაკისაა. საქართველოში ექთნების დიდი დეფიციტია, ეს იგრძნობა ყველგან და ეხება ყველა კლინიკასა და საავადმყოფოს. მაგალითად, სამედიცინო სასწავლებლებმა 2014 წლისთვის 1800-მდე ექიმი გამოუშვეს, ექთანი კი მხოლოდ – 200, როცა ექთნების რაოდენობა უნდა ყოფილიყო 7200. სწორედ ამიტომ, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ ცდილობს წაახალისოს საექთნო პროფესია და უზრუნველყოს საქართველოს მასშტაბით ექთნების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თეორიული და პრაქტიკული სწავლება. სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ თითოეულ კონკურსანტზე თვეში 200 ლარის ოდენობის გრანტს გასცემს, ანუ კონკურსანტებისთვის ლექციები უფასოა.

რას ითვალისწინებს ექთნების გადამზადების პროგრამა?

– კორპორაციის ქსელის კლინიკების თანამშრომლებისთვის გადამზადება შიდა ტრენინგების სახით უწყვეტად მიმდინარეობს. ეს კონკრეტული პროგრამა კი გარე კადრების, ანუ იმ ადამიანების გადამზადებას გულისხმობს, რომლებიც ჩვენი კლინიკების თანამშრომლები არ არიან, მაგრამ აქვთ ექთნად მუშაობის უფლება – გააჩნიათ საექთნო დიპლომი ან არიან სამედიცინო სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. ამ ადამიანებს სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ სთავაზობს უფასო გადამზადებას გრანტის სახით. ჩვენ არ ვაძლევთ დიპლომებს მათ, პირიქით, ჩვენ გვჭირდება დიპლომირებული კადრები, ვისაც უკვე აქვს ექთნად მუშაობის უფლება. ჩვენ მათ მივცემთ ინტენსიურ პროფესიულ გადამზადებას, ავამაღლებთ მათ კვალიფიკაციას ინტენსიური სწავლების კურსით, რომელიც ითვალისწინებს როგორც თეორიულ ლექციებს, ისე ჩვენს კლინიკებში მორიგეობებით -პრაქტიკულ სწავლებასაც. იმათ, ვინც წარმატებით გადალახავს საკვალიფიკაციო ზღვარს, შევთავაზებთ კონტრაქტებსა და სამსახურს. ჩვენ მათ ბევრ შუალედურ გამოცდას ჩავუტარებთ, მივცემთ არაერთ შანსს – შესაბამისად კონკურსანტების გაცხრილვა სწავლის პერიოდში მოხდება.

აჭარის რეგიონში სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ შემადგენლობაში არის ბათუმის რეფერალური საავადმყოფო, ბათუმის დედათა და ბავშვთა კლინიკა, ხულოს, ქედის, შუახევის, ქობულეთისა და ჩაქვის კლინიკები. სურვილის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია მსურველები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დავასაქმოთ.

– არის თუ არა განსაზღვრული ასაკობრივი ზღვარი? რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ექთანი, რომ ჩაერთოს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში?

– ასაკობრივი ზღვარი ვრცელდება მხოლოდ საპენსიო ასაკთან მიახლოებულ ექთნებზე, რადგან ისინი უკვე ამთავრებენ სამსახურებრივ კარიერას. ასევე, სახელმწიფო რეგულაციით, ჩვენ არ შეგვიძლია ექთნად დავნიშნოთ ადამიანები ექთნის დამხმარეს დიპლომით, შესაბამისად, ექთნის დამხმარეს დიპლომის მქონე ადამიანი ვერ მიიღებს მონაწილეობას პროგრამაში.

– რამდენ ხანს გაგრძელდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები?

– კურსის ხანგრძლივობა 6-დან 9 თვემდე გაგრძელდება. ეს დამოკიდებულია სატრენინგო ჯგუფის ეფექტურობასა და ჯგუფის სიდიდეზე. ეფექტურობაში იგულისხმება მათი მიმღეობა – ზოგჯერ ისინი საკვალიფიკაციო გამოცდას წარმატებით ვერ აბარებენ და რამდენჯერმე უწევთ გადაბარება (მცირე მოდულებთან მიმართებაში), რაც გარკვეულ დროს მოითხოვს და ახანგრძლივებს ამ პროცესს. ასევე ბევრია დამოკიდებული მათ მზაობაზე პრაქტიკასთან მიმართებაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, თუ რამდენად ბევრი განაცხადი შემოვა, რადგან დიდი ჯგუფების შემთხვევაში მეტი დრო დაიხარჯება სალექციო საათების გადანაწილებასა და განრიგების შედგენაზე. კოლეჯებიდან თუ სხვა სამედიცინო სასწავლებლებიდან მოსულ ადამიანებსა თუ სხვაგან დასაქმებულ ექთნებს თავიანთი გრაფიკი აქვთ, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მათზე მორგებული სასწავლო გრაფიკი შევთავაზოთ მათ.

– რამდენი ექთანი გადამზადდება ამ პროგრამის ფარგლებში აჭარაში?

– რაოდენობა არ არის შეზღუდული, რაც მეტი იქნება – მით უკეთესი. რაოდენობა არც დასაქმებაზეა შეზღუდული – დასაქმდება ყველა, ვინც შესაბამის ზღვარს გადალახავს.

– როგორ უნდა ჩაერთონ მსურველები პროგრამაში?

– პროცედურა მარტივია, მათ უნდა მოიტანონ ცნობა სასწავლებლიდან, ან ექთნის დიპლომის ასლი და შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომლის ნახვაც შეუძლიათ ვებგვერდზე: jobs.ge, ან მიიღონ ადგილზე.

– სად ჩატარდება ლექციები და ვინ ჩაატარებს?

– კორპორაციის მედდა-ტრენერები და მოწვეული სპეციალისტები ლექციებს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსა და ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს საკონფერენციო დარბაზებში ჩაატარებენ. პრაქტიკა ჩატარდება როგორც ორივე კლინიკის შესაბამის განყოფილებებში, ასევე `ევექსისა~ და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო პროექტის ფარგლებში გახსნილ სასწავლო ცენტრის ფილიალში, სადაც სამანიპულაციო პრაქტიკულ ოთახებში არსებულ მულაჟებსა და მანეკენებზე ექთნები ისწავლიან სხვადასხვა მანიპულაციებს.

– პროგრამა აჭარის გარდა იმერეთშიც ხორციელდება. იქ რა შედეგი გაქვთ?

– იმერეთში ეს პროგრამა ოქტომბერში დავიწყეთ და ახლა უკვე დასასრულს უახლოვდება. იქ პროგრამაში 122 ადამიანი ჩაერთო და მათგან 40-ზე მეტი საუკეთესო ექთანი შეირჩა, რომლებიც დღეს ჩვენს კლინიკებში მორიგეობენ.

უფასო საექთნო პროფესიულ სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება აჭარაში 11 მაისს დაიწყება და 8 ივნისამდე გაგრძელდება.

გადაბეჭდვის წესი