Batumelebi | შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა ზაფხულში გადაიკეტება შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა ზაფხულში გადაიკეტება – Batumelebi
RU | GE  

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა ზაფხულში გადაიკეტება

 

 ბათუმში, ზღვის სანაპიროს გასწვრივ, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე (ჩარმიქლის ქუჩიდან ჟილინის არხამდე) ივნის-ივლისში კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდება.  სამუშაოების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი პირველ მაისს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 1 309 341 ლარი.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ქუჩა [რომელიც „მაგდონალდსთან“, იუსტიციის სახლთან და აკვაპარკთან გადის] ამორტიზებულია, ხშირად ზიანდება, ჩნდება ორმოები და ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად გადაწყდა მისი შეკეთება. „ბათუმში ამ პრინციპით არაერთი ქუჩა გაკეთდა“ – აცხადებენ მერიაში.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გზის სავალ ნაწილზე მოიხსნება არსებული ასფალტის ფენა და მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი. ხარჯთაღრიცხვაში ასევე გათვალისწინებულია ყოველ 50 მეტრში პლასტმასის მილების ჩადება ჭებით მიწისქვეშა კომუნიკაციების გასატარებლად (საავტომობილო გზის მართობულად). საკომუნიკაციო მილების განთავსების ადგილები შეთანხმებული უნდა იყოს ქ. ბათუმის მერიასთან. გზაზე სხვა სამუშაოების ჩატარება არ არის დაგეგმილი. ქუჩა, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, შპს „ხობი 2005“-მა დააპროექტა.

ბათუმის მერიის მიერ 2015 წლის პირველ მაისს გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 20 მაისიდან დაიწყება და 25 მაისს დასრულდება. სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 70  კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე