სიახლეები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წლიდან ღვიძლის გადანერგვას 10 000 ლარით დააფინანსებს

05.05.2015 • 1371
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წლიდან ღვიძლის გადანერგვას 10 000 ლარით დააფინანსებს

 

2016 წელს დაგეგმილია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდა 641202 ლარით, შესაბამისად, 2016 წელს  სამინისტროს ბიუჯეტი  9 630 000 ლარი იქნება.

 

მომავალ წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 18 პროგრამას განახორციელებს. აქედან ერთი პროგრამა ახალია. როგორც „ბათუმელებთან“ სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სურმანიძემ აღნიშნა, პროგრამა – გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების რეაბილიტაცია – 100 ბენეფიციარზეა გათვლილი და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 172 000 ლარი იქნება.  

 

მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამაშიც. კერძოდ, 2016 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 10 000 ლარით დააფინანსებს აჭარაში რეგისტრირებულ იმ პაციენტებს, რომლებსაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია სჭირდებათ. „სამინისტრო 10 000 ლარით დააფინანსებს არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, არამედ აჭარაში რეგისტრირებულ ყველა იმ პირს, რომლებსაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია ესაჭიროებათ, რადგან ეს გახლავთ ძალიან ძვირადღირებული ოპერაცია“ – აღნიშნა მანანა ფაღავამ, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა „ბათუმელებთან“.

 

ამავე პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალების სამედიცინო მომსახურება საჭიროების მიხედვით. 2016 წელს ასევე იგეგმება კარდიოქირურგიული ოპერაციებისა და ენდოპროთეზირების დაფინანსების გაზრდა.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ლიზა თედორაძის თქმით, ეს არის პირველი შეხვედრა სამინისტროს, არასამთავრობო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის მომავალი წლის პროგრამებთან დაკავშირებით. ლიზა თედორაძის თქმით, მსგავსი შეხვედრები 2015 წლის მანძილზე რამდენჯერმე შედგება და შეხვედრების მიზანია მოხდეს არასამთავრობო სექტორისა და სამედიცინო სერვისების განმახორციელებელი დაწესებულებების მოსაზრებების გათვალისწინება. 

გადაბეჭდვის წესი