Batumelebi | პრემიების პოლიტიკა აჭარაში პრემიების პოლიტიკა აჭარაში – Batumelebi
RU | GE  

პრემიების პოლიტიკა აჭარაში

 

ბათუმის საკრებულოში გაცემული პრემიების ოდენობამ 2015 წლის პირველ კვარტალში 70 ათას 80 ლარი შეადგინა. საკრებულოში ყველაზე მაღალი პრემია – 4 125 ლარი საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს აქვს აღებული სამ თვეში. სააღდგომოდ პრემიები მიიღეს მუნიციპალიტეტებშიც. შუახევის საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ ქარცივაძემ სააღდგომოდ პრემიის სახით 2600 ლარი აიღო, მისმა კოლეგამ ხელვაჩაურიდან – ჯუმბერ ბერიძემ ხელზე 1 800 ლარი მიიღო, ქედის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ – 1000 ლარი ხელზე, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ ჯამბულ ხორევანიძემ კი „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ არ ახსოვს რა ოდენობის პრემია აიღო. სადღესასწაულო პრემიის ოდენობა არ დაუკონკრეტებია ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს სულხან ოქროპირიძესაც. რამდენად სამართლიანად გაიცემა პრემიები აჭარაში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ბათუმის ოფისის კოორდინატორს, მალხაზ კჭადუას ესაუბრა. 

 

მალხაზ ჭკადუა
მალხაზ ჭკადუა

 გასულ კვირას საჯარო გახდა ინფორმაცია 2015 წლის პირველ კვარტალში აჭარის მუნიციპალიტეტებში, ბათუმის საკრებულოსა და მერიაში გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ. რა ტენდენცია იკვეთება გასულ წელთან შედარებით? პრემიების გაცემის პრაქტიკა უცვლელია, შემცირდა თუ პირიქით, გაიზარდა?

 

 პრემიების გაცემის პრაქტიკა უცვლელია, მაგრამ მაგალითად, ბათუმის საკრებულოს შემთხვევაში გასულ წელთან შედარებით გაცემული თანხის რაოდენობა შემცირებულია: 2012 წელს გაიცა დაახლოებით 380 ათასი ლარი პრემიის სახით, 2013 წელს – დაახლოებით 514 ათასი და 2014 წელს – 214 315 ლარი. თითქმის ორჯერ არის შემცირებული 2014 წელს გაცემული პრემიების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, რაც დადებითი ტენდენციაა. ჩვენი მთავარი შენიშვნა ბათუმის საკრებულოსთან არის ის, რომ პრემიები ისევ ყოველთვიურად გაიცემა. მეტიც, 2014 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით, ყველა თვეში საკრებულოს ყველა თანამდებობის პირს საშუალოდ 1000-1100 ლარი აქვს პრემიის სახით, დეკემბერში კი, ეს თანხა იყო სამმაგი ოდენობის. მაგალითად, ირაკლი ჭეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, თუ ნოემბერში აიღო 1375 ლარი პრემია, დეკემბერში ეს თანხა 4125 ლარი იყო. 1015 ლარის ოდენობის ყოველთვიური პრემია აიღო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩავლეიშვილმა, დეკემბერში მისი პრემია კი, 3075 ლარი იყო. თენგიზ აფხაზავამ, ლევან კინწურაშვილმა და ლაშა სირაბიძემ 675 ლარი აიღეს ყოველთვიური პრემია, დეკემბერში კი, თითოეულმა წინა თვეში აღებული თანხის 2025 ლარი აიღო. ამ ოდენობის პრემიის გაცემა ჩვენთვის ამ დრომდე გაუგებარია. 

 

საერთო ჯამში, ბათუმის საკრებულოში ტენდენცია მაინც კლებისკენაა, მაგრამ სხვა სიტუაციაა ბათუმის მერიაში. მაგალითად, 2012 წელს 2 მილიონ-ნახევარი იყო გაცემული ხელფასების, პრემიებისა და სახელფასო დანამატებისთვის, 2013 წელს – 2 მილიონ 800 ათასი ლარი, 2014 წელს – 3 მილიონ 75 ათასი ლარი. 2014 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით ბათუმის მერის, ვიცე-მერისა და მერის ორი მოადგილის მიერ ჯამში აღებული თანხა სახელფასო სარგოს, პრემიისა და დანამატის სახით, შეადგენს დაახლოებით 104 000 ლარს. 2015 წელს სიტუაცია შეიცვალა, მაგალითად, 2014 წელს ბათუმის მერმა 16 435 ლარი მიიღო პრემიის სახით, 2945 ლარი კი – დანამატის სახით. 2015 წელს მერს, იანვრიდან მარტის ჩათვლით, პრემია და დანამატი არ აუღია, რაც მისასალმებელია. თუმცა დანამატები მისმა მოადგილეებმა აიღეს.
ზოგადად, ხაზგასასმელია ბათუმის მუნიციპალიტეტში შრომითი ანაზღაურების ოდენობის კლება – 2013 წლის ბიუჯეტში ქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისთვის ამ მიზნით 8 221 500 ლარი იყო გამოყოფილი, 2014 წელს _ 8 700 000, წელს კი, საკრებულოსა და მერიაში გაწეული შრომის ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან 6 424 000 ლარია გამოყოფილი. მიუხედავად ამ კლებისა, საკრებულოს ამავე მიზნობრიობის ხარჯები წლიდან წლამდე იზრდება – 2013 წელს იყო 1 254 400 ლარი, 2014 წელს – 1 280 000, ხოლო წელს – 1 400 000 ლარი. ბიუჯეტში ბათუმის მუნიციპალიტეტის შრომის ანაზღაურების მოცულობის კლება მერიის ხარჯზე მოხდა –  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ 2013 წელს ამ მიმართულებით 6 967 100 ლარი დახარჯა, 2014 წელს – 7 420 000 ლარი, წელს კი, ჯამში, 5 024 000 ლარს დახარჯავს.

 

 კანონის თანახმად საჯარო დაწესებულებებში პრემია უნდა გაიცეს შესრულებული სამუშაოს შეფასების ან დასაბუთების საფუძველზე. რით არის დასაბუთებული პრემიების მიზანშეწონილობა ამ შემთხვევაში?

 

პრემიებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ხშირად გვესმის და გარკვეული ღონისძიებები ცენტრალურმა ხელისუფლებამ გაატარა კიდეც 2014 წელს, როცა დაადგინა, თუ რა სიხშირით და რაოდენობით შეიძლებოდა გაცემულიყო პრემია აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლში. ეს დოკუმენტი სავალდებულო ხასიათისაა აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისთვის, მაგრამ თვითმმართველობებისთვის სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. ზუსტი კრიტერიუმები, მაგალითად, რა მოცულობის სამუშაო იქნა გაწეული, რამდენი საათი დაჰყო საჯარო მოხელემ თუ თანამდებობის პირმა სამსახურში, რა კონკრეტული საქმე გააკეთა, კონკრეტული საქმე დროზე ადრე გააკეთა, ან მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი გამოიღო მის მიერ შესრულებულმა სამუშაომ, – აი, ეს არგუმენტაცია არ ჩანს არც ერთ დოკუმენტში. სასურველია, თუ სისტემა უფრო მეტად გამჭვირვალე იქნება და საჯარო სამსახურში ცოტათი მაინც დაინერგება ჯანსაღი კონკურენციის ელემენტები. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მეტი სამუშაოს გაწევისთვის მეტ ანაზღაურებას მიიღებენ, დანამატის ან პრემიის სახით, შეიძლება ასეთი მიდგომით შესრულებული სამუშაოს ხარისხმაც მოიმატოს.

 

სხვა საკითხია განსხვავება თანამდებობის პირებისა და დანარჩენი საჯარო მოხელეების პრემიებს შორის. 2015 წლის პირველ კვარტალში 12 თანამდებობის პირს საკრებულოში მეტი აქვს აღებული პრემიის სახით, დაახლოებით 36 ათასი ლარი, ვიდრე 38 ადამიანს ჯამში. გვესმის, რომ თანამდებობის პირებს მაღალი პასუხისმგებლობა აკისრიათ, მათ მიერ არასწორად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი გამოიწვიოს, მაგრამ თუ გვინდა განვითარებაზე, კარიერულ წინსვლასა და თანასწორუფლებიანობის პრინციპზე აგებული საჯარო სამსახური მივიღოთ, მიდგომები უნდა შევცვალოთ – ერთი პირისთვის 1000-ლარიანი პრემია და მეორესთვის – 200-ლარიანი, ეს თანასწორი დამოკიდებულების შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ასეთივე მდგომარეობაა აჭარის მთავრობაში, სადაც მინისტრების მოადგილეებს, მაღალი თანამდებობის პირებს ხელფასის 75-პროცენტიანი, სპეციალისტებს კი, 40-პროცენტიანი დანამატები აქვთ. ჩვენი აზრით ეს არასწორია.

 

თუმცა პრემიის გაცემისას გასათვალისწინებელია ხელფასის ოდენობაც, რადგან ხელფასთან შეფარდებით გაიცემა პრემია…

 

 ფინანსურ წახალისებაზე საუბრისას საინტერესოა ასეთი პრაქტიკის ხაზგასმაც: როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტროში არის შემდეგი მიდგომა: მინისტრის მოადგილეები იღებენ გაცილებით ნაკლები პროცენტის დანამატს ხელფასთან მიმართებაში, ვიდრე სხვა რანგის სახელმწიფო მოსამსახურეები ამავე სამინისტროში. თანამშრომლებისთვის არის სხვა რანჟირება და ისინი საკუთარი ხელფასის გაცილებით მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს იღებენ დანამატის სახით, ვიდრე მინისტრის მოადგილეები. თავად ადმინისტრაციული ორგანოს გადასაწყვეტია, მას როგორი პოლიტიკა ექნება ამ საკითხთან მიმართებაში.

 

ადამიანებს რომ სჭირდებათ მოტივაცია და შრომის ანაზღაურება, ეს გასაგებია. მაგრამ საკრებულოს თანამდებობის პირები ხანდახან ამბობენ, რომ ბიზნესსაქმიანობიდან უფრო მეტ შემოსავალს მიიღებდნენ, ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფო სამსახურიდან. მგონი, არავინ არ აიძულებს ამ ადამიანებს პოლიტიკურ საქმიანობას, თანამდებობის დაკავებას – ეს იყო მათი არჩევანი და არჩევნებში მონაწილეობამდე იცოდნენ, თუ რა მოცულობის შრომითი ანაზღაურების სანაცვლოდ მოუწევდათ მუშაობა.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” ბათუმის საკრებულოს წერილითაც მიმართა პრემიებთან დაკავშირებით. კონკრეტულად რას ითხოვთ საკრებულოსგან?

 

 საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც უკავშირდება პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის წესს, თვითმმართველობებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენიმე მუნიციპალიტეტმა მიიღო დადგენილება და პროცესი გარკვეულ ჩარჩოში მოაქცია. სასურველია, რომ ბათუმის საკრებულომ დაიწყოს დადგენილების პროექტის შემუშავებაზე ფიქრი. აუცილებელი არ არის ზუსტად ის პრინციპი გადმოიტანოს მუნიციპალიტეტში, რაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაუწესა საკუთარ თავს. შეიძლება სხვა მოდელი იქნას დამკვიდრებული – მთავარია, იფიქრონ იმაზე, რა სჯობს და რა იქნება მისაღები მათი ამომრჩევლისთვის. ეს თემა ვნებათაღელვას და გარკვეულ ბრალდებებსაც იწვევს სამოქალაქო სექტორის მისამართით, მაგრამ აქ ერთი რამ ცალსახაა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო~ არ არის წინააღმდეგი, გაიცეს პრემიები საჯარო დაწესებულებებში, უბრალოდ მიდგომაა შესაცვლელი. თითოეული ადამიანის დამსახურება და ის შრომა, რაც მან გასწია, ინდივიდუალურად უნდა იყოს შეფასებული, რომ საზოგადოებას, მედიას, ჰქონდეს წვდომა ამ ინფორმაციასთან. რაც ყველაზე მთავარია, ელექტორატი უნდა ხედავდეს საკუთარი არჩეული პირების მუშაობის შედეგებს. ვფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში გაცემული პრემიები საზოგადოებაში პროტესტს არ გამოიწვევს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნანა კვაჭაძე