სიახლეები

მაქმანები აჭარიდან

26.04.2015 • 4866
მაქმანები აჭარიდან

მაქმანი წვრილად ნაქსოვი ბადეა. მისი წარმოშობის ადგილად იტალიას მიიჩნევენ. ვენეციელმა ქალებმა, მეთოთხმეტე საუკუნეში, უწვრილესი ძაფებით დაიწყეს უნატიფესი ნამუშევრების შექმნა. მაქმანი მალე გახდა პოპულარული, გოგონები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საუკეთესო მაქმანის შექმნაში. სამუშაო მასალად იყენებდნენ სელს, ძაფს და აბრეშუმს. როდის დაიწყეს საქართველოში მაქმანზე მუშაობა, ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა აჭარაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა –  აჭარელ ქალს მზითვად მაქმანი უნდა წაეღო აუცილებლად. ქალები მთასა თუ ბარში გამუდმებით ქსოვდნენ, ქარგავდნენ, აგვირისტებდნენ და საკუთარ მზითვს თვითონ იმზადებდნენ. გოგოებს ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ ხელსაქმეს.

ქობულეთის მუზეუმში ცალკე სექცია აქვს დათმობილი მაქმანებს. შავ მაგიდებზე გაფენილი თეთრი მაქმანები ათეულობით ქობულეთელი ქალის ხანგრძლივი შრომის შედეგია.

მაქმანები ქობულეთის მუზეუმიდან

ქობულეთის მუზეუმის ექსპოზიციის ხელმძღვანელი მადონა ბასილაძე გვიამბობს, რომ ძველად მაქმანი მზითვის შემადგენელი ნაწილი იყო. გოგოებს ცხრა-ათი წლის ასაკიდან უკვე ასწავლიდნენ ქარგვას და ქსოვას. სწორედ ამ დროიდან იწყებდნენ ისინი საკუთარი მზითვის დამზადებას. დღეები, თვეები და წლები გადიოდა, სანამ მზითვისთვის საჭირო რაოდენობის მაქმანს მოქარგავდნენ. თუმცა „საჭირო“ პირობითი სიტყვაა, ქალი მისი ხელსაქმით ფასდებოდა, მზითვად რაც უფრო მეტ მაქმანს მიიტანდა, მით უფრო დაფასებული იქნებოდა ოჯახში.

დღეს უკვე სკივრებში ჩალაგებული მაქმანები ადრე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. სამზარეულოდან დაწყებული, მისაღები ოთახით დამთავრებული, მაქმანი იყო ყველგან. როდესაც ოჯახში ახალი რძალი შევიდოდა, თან მიჰქონდა წლების მანძილზე ნაგროვები თავისი ხელით შექმნილი ნამუშევრები. შესაბამისად, ოჯახში ძველ მაქმანებს რძლის მიერ მიტანილით ცვლიდნენ.

მაქმანებით გაწყობილი აკვნის გადასაფარებელი ქობულეთის მუზეუმიდან

„ბებიაჩემი 14 წლის გათხოვდა. მახსოვს მიყვებოდა, 10 წლიდან უკვე თვლების ამოყვანას გვასწავლიდნენ, ცხვირსახოცის კიდეებს ვქარგავდით და ასე ვსწავლობდითო. უკვე ხელს რომ გავიმართავდით, სამზითვო თეთრეულს ჩვენით ვიქარგავდითო. როგორც სადილის მომზადება უნდა სცოდნოდათ,  ისე ხელსაქმე იყო აუცილებელი ქალისთვის. სამზითვო თეთრეულში შედიოდა; „ჩიხოლი“, ზეწარი, ბალიშის პირი, სამზარეულოს აქსესუარები – ჩაის ტილოები, საპურეები. ყველაფერი უნდა ყოფილიყო დაქარგული. ე.წ. „ჩიხოლზე“ გული ამოჰყავდათ ხელით. პურს ყოველთვის ჰქონდა დაქარგული ტილო გადაფარებული. ოჯახში ახალი რძალი რომ მივიდოდა, ის პურის ტილო უნდა შეეცვალა. სტუმარი რომ მოვიდოდა, ყავისა და წყლის მირთმევა იცოდნენ. სინზე აუცილებლად გადაფარებული იყო მოქარგული გადასაფარებელი. ახალგათხოვილი ქალები თავიანთი ნამუშევრების ექსპოზიციას ახდენდნენ ოჯახში. ბებიისგან ვიცი ისიც, რომ ახალი რძლები ხშირად ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ორნამენტის გამოყვანაში. „ღამეებს ვათენებდით, ვინ უკეთ გააკეთებდაო“, – იხსენებს მადონა ბასილაძე.

ქობულეთური მაქმანი აუცილებლად თეთრ ნაჭერზე სრულდებოდა. ნაჭერს საგულდაგულოდ არჩევდნენ. ზოგიერთი ორნამენტის ამოყვანას რამდენიმე დღე სჭირდებოდა. რაც უფრო დიდი იყო ნაჭერი, მით უფრო დიდი დრო იყო საჭირო საბოლოო ნამუშევრის მისაღებად. მაქმანებზე სხვადასხვა ორნამენტთან ერთად ყაისნაღითა და ნემსით ქარგავდნენ ყვავილებსა და ცხოველებს. ბათუმელი მურად ცინცაძე სახლში დღემდე ინახავს დედის მამიდის, ემინე ტეტემაძის მიერ შექმნილ მაქმანებს.

„მახსოვს ემინე, სულ იჯდა, საუბრობდა და ქარგავდა. ემინეს დედა იყო თავადი, აჭარისწყლელი თავდგირიძე. თავადის ქალებისთვის ხელსაქმე იყო ნომერ პირველი რამ, რაც უნდა ეკეთებინათ. დედაჩემი და მისი ორი და ემინემ თავისი ნაქარგებით გაამზითვა. ქარგავდა ყველაფერს: მაგიდის გადასაფარებლებს, ფარდებს, ბალიშის პირებს, მაგიდის ხელსახოცებს. ადრე ნემსის დასარჭობი ბალიშები იყო, ისიც კი მოქარგული ჰქონდა. ამას აკეთებდა არა ყაისნაღით, არამედ ნემსის წვერით. ყაისნაღით უფრო ადვილია, ჩვეულებრივი ნემსის წვერით კი უფრო რთული. უზარმაზარი შრომაა ჩადებული თითოეულ მაქმანში. როდესაც დედაჩემი გათხოვდა, ერთი სკივრი ნაქარგები გაატანა. ასე გაამზითვა ჩემი დეიდებიც. სხვათა შორის, ჩემს ბიცოლებსაც დაახვედრა სახლში თითო სკივრი ნაქარგები, როდესაც ისინი რძლად მოვიდნენ“, – ამბობს მურადი.

მურად ცინცაძე ემინე ტეტემაძის მიერ დამზადებული მაქმანებით

მურად ცინცაძე იხსენებს, რომ წლების მანძილზე მაქმანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდნენ.

„ბავშვობაში მახსოვს ტელევიზორის თავზე იყო გადაფარებული, ლარნაკის დასადებადაც გამოიყენებოდა. მეგობრებთან სტუმრად რომ დავდიოდი, მინახავს მაქმანებშემოყოლებული ფარდებიც. ასევე მაქმანის იყო ფარდების შესაკვრელებიც“.

მურადი მაქმანებით გაწყობილ ე.წ. საპურეს გვაჩვენებს და ამბობს, რომ ორნამენტებს, რომლებიც საპურეზეა გამოყვანილი, ემინე ტეტემაძე ბაქლავას ორნამენტს ეძახდა. კარგად თუ დავაკვირდებით, რომბისებური ორნამენტი მართლაც ჰგავს ბაქლავის ნაჭერს.

„ყველაზე პოპულარული ამ ორნამენტებში იყო ე.წ. ბაქლავას  ორნამენტი. ასე ეძახდა ემინე. როგორც გითხარით, მაქმანები ძირითადად გათვლილი იყო მზითევზე. მიჰქონდათ ქორწილის დროს. ქორწილის დროს ასევე მიაქვთ სადილი. ეს არის ერთგვარად სადილის სიმბოლიკა,“ – ამბობს მურადი.

სადილი აჭარაში გავრცელებული საქორწინო ტრადიციის ნაწილია. გათხოვილ გოგოს მშობლები სადილს მიუტანენ ხოლმე. სადილი ტკბილეულისგან – ბაქლავის და შაქარლამისგან შედგება.

მაქმანების შექმნის ტრადიცია მთელს აჭარაშია გავრცელებული. თუ ქობულეთში მაქმანი აუცილებლად თეთრი ძაფით თეთრ ნაჭერზე უნდა ყოფილიყო გამოყვანილი, ზემო აჭარაში ფერად მაქმანებსაც აკეთებდნენ.

ზემო აჭარაში ასევე პოპულარულია ოქროსფერი ძაფით შესრულებული ნაქარგებიც. დღეს აჭარელი ქალები იმდენ დროს აღარ უთმობენ ქარგვას, როგორც ადრე, თუმცა ზოგიერთ ოჯახში შვილისთვის მზითვად ნაქარგების გატანება ისევ მნიშვნელოვანია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: