სიახლეები

ბაღი და სანერგე მეურნეობა სახელმწიფოს დახმარებით

26.04.2015 • 4597
ბაღი და სანერგე მეურნეობა სახელმწიფოს დახმარებით

 

„დანერგე მომავალი” – ამ პროგრამის განხორციელება 6 მარტიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ფერმერები სახელმწიფოსგან თანადაფინანსებას ბაღების გაშენების, წვეთოვანი სარწყავი სისტემისა და სანერგე მეურნეობის მოსაწყობად მიიღებენ. სამინისტრო ფერმერს ბაღების გაშენებისთვის ნერგების ღირებულების 70%-ს, წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს და სანერგე მეურნეობის შექმნისთვის პროექტის ღირებულების 50%-ს დაუფინანსებს. პროექტი თვითმმართველი ქალაქების გარდა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

 

პროგრამის მენეჯერი ლევან დოლიძე ამბობს, რომ პროგრამაში ჩასართავად ფერმერს მიწა დარეგისტრირებული უნდა ჰქონდეს. სახელმწიფოსგან თანადაფინანსებით ნერგების შეძენას მხოლოდ ის ფერმერი შეძლებს, ვისაც საკუთრებაში მინიმუმ 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს. ლევან დოლიძე აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ არის გამონაკლისი მცირემიწიანი რეგიონებისთვის _ ფერმერები ამ რეგიონებიდან 1 ჰექტარი მიწითაც შეძლებენ პროგრამაში ჩართვას.

 

„პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებულია და მას სამინისტროს მართვის სააგენტო ახორციელებს. პროექტი 2016 წლის ივნისამდე მოქმედებს და პროექტის ფარგლებში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, იურიდიულ პირსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს. “იქ, სადაც ბაღი უნდა გაშენდეს, მიწის ნაკვეთის გარეპერიმეტრში, არაუმეტეს 500 მეტრში, უნდა იყოს წყლის რესურსი, საიდანაც შესაძლებელი იქნება წვეთოვანი სისტემის დამონტაჟება. ფერმერმა მიწის ანალიზი უნდა გააკეთოს, შეაგროვოს საჭირო დოკუმენტები და თბილისში, სააგენტოში წარმოადგინოს”, – ამბობს ლევან დოლიძე.

 

პროგრამის მენეჯერი მცირემიწიან ფერმერებს, რომელთა მიწის ნაკვეთებიც მომიჯნავეა, გაერთიანებას და კოოპერატივის ჩამოყალიბებას ურჩევს პროექტში ჩასართავად. ასეთ კოოპერატივებს წახალისების მიზნით საწამლი აპარატები გადაეცემათ საჩუქრად.

 

სანერგე მეურნეობის მოწყობისთვის დაფინანსების მისაღებად ფერმერმა სააგენტოს სანერგე მეურნეობის პროექტი უნდა წარუდგინოს. პროექტის მოწონების შემთხვევაში, სააგენტო სანერგე მეურნეობის გასაშენებლად მაქსიმუმ 150 000 ლარს გამოყოფს (თანადაფინანსება 70%). რაც შეეხება წვეთოვან სარწყავ სისტემას, სახელმწიფო პროექტის ღირებულების 50%-ს გადაიხდის.

 

„ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სისტემის მოწყობა საშუალოდ 3 000 ლარი ღირს – ამ შემთხვევაში სახელმწიფო ნახევარს აფინანსებს. რაც შეეხება სანერგე მეურნეობას, დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარმა ბიზნესგეგმა უნდა შეიმუშაოს და სააგენტოში წარმოადგინოს. პროექტის ფარგლებში შერჩეული გვაქვს სანერგე მეურნეობები. იმისათვის, რომ ფერმერს პროექტის დაწერა გაუადვილდეს, შევიმუშავეთ კითხვარი, რა ინფორმაციასაც უნდა მოიცავდეს ბიზნესგეგმა”, – ამბობს ლევან დოლიძე.

 

პროგრამის ფარგლებში სააგენტო 17 სახეობის ხეხილის ნერგის (ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, გარგარი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ლურჯი მოცვი, ხურმა, ბროწეული, კივი, ფეიხო, კაკალი, ნუში, თხილი და ვაშლი) შეძენის თანადაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას. 17 სახეობიდან აჭარაში ცხრა სახეობაზე (ატამი, ქლიავი, ტყემალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხო, თხილი, ვაშლი) გაიცემა თანადაფინანსება.

 

„ხეხილის სახეობა რეგიონების მიხედვით სამეცნიერო კვლევის ცენტრის დახმარებით შეირჩა. აქცენტი იმ კულტურებზე გაკეთდა, რომელთა მოყვანის გამოცდილებაც არის რეგიონში. თუმცა, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, პროექტი შევცვალეთ, მაგალითად, აჭარაში თხილი დავამატეთ, ვაშლი – მცხეთა-თიანეთში, ზეთის ხილი და თხილი – კახეთში, ტყემალი – ყველა რეგიონში და ა.შ. თუ იქნება მოთხოვნა იმ კულტურებზე, რომლებიც ჩამონათვალში არ არის, სამომავლოდ სია შესაძლოა შეიცვალოს”, – ამბობს პროგრამის მენეჯერი.

 

ლევან დოლიძის განცხადებით, „დანერგე მომავლის” – პროგრამით დაფინანსების მისაღებად აჭარიდან 6 განაცხადია შესული.

 

„ამ ეტაპზე, ძირითადად, შიდა ქართლი აქტიურობს, აჭარიდან კი ექვსი განაცხადი შემოვიდა. სავარაუდოდ კვირის ბოლომდე მოვახერხებთ ბენეფიციარებთან ხელშეკრულების გაფორმებას, დაფინანსებას მომავალი კვირიდან მიიღებენ”, _ ამბობს ლევან დოლიძე.

 

„დანერგე მომავლის” ფარგლებში მრავალწლოვანი კულტურის გასაშენებლად სახელმწიფოსგან ნერგების თანადაფინანსებით მისაღებად სააგენტოსთვის აჭარის მაღალმთიანეთიდან არავის მიუმართავს. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის მთის მოსახლეობას სახელმწიფოსთან მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. მაგალითად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მარტო შუახევში 202-მა ფერმერმა  3 495 კაკლის ნერგი, 173-მა _ 3 404 მოცვისა და 193 ფერმერმა  _ 15 024 ძირი თხილის ნერგი მოითხოვა, მაშინ, როცა პროგრამის ფარგლებში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მთლიანობაში 32 000 თხილის, 10 500 მოცვისა და 10 100 ძირი ნიგოზის ნერგი უნდა გაიცეს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ნერგებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის პროგრამა ფერმერს მიწის მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას არ ავალდებულებს.

 

ხულოს გამგებლის მოადგილე ნოდარ მიქელაძე ამბობს, ხულოში მიწის დაახლოებით 10%-ია დარეგისტრირებული. ის ვარაუდობს, რომ „დანერგე მომავალით“ დაინტერესებულ ფერმერებს ეს გარემოება პრობლემას არ შეუქმნის. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებულია. თუ ვინმეს უნდა პროგრამაში ჩართვა, მიწას დაარეგისტრირებს”, – ამბობს ნოდარ მიქელაძე.

 

„დანერგე მომავლის“ მენეჯერი იმედოვნებს, რომ პროგრამის განხორციელებით 1200 ჰექტარამდე ახალი ბაღები და 30-მდე სანერგე მეურნეობა შეიქმნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: