სიახლეები

საქართველოში 15 წლის მოსწავლეების ცოდნის დონეს შეამოწმებენ

25.04.2015
საქართველოში 15 წლის მოსწავლეების ცოდნის დონეს შეამოწმებენ

 

კვლევის ორგანიზატორი     ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციაა (OECD), რომელიც აერთიანებს განვითარებული და განვითარებადი ეკონომიკის მქონე 35 ქვეყანას.  

 

კვლევის კოორდინატორის ნათია მჟავანაძის განცხადებით, მოსწავლეთა ასაკი საგანმანათლებლო ეტაპების მიხედვით შეირჩა:

 

„15 წელი, ეს არის ის ასაკი,  როდესაც ბავშვი ამთავრებს  სავალდებულო განათლების მიღებას. კვლევის მიზანია დავინახოთ, რამდენად კარგად ამზადებს საგანმანათლებლო სკოლა მოსწავლეს  შრომის ბაზრისთვის ან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“.

 

კვლევაში საქართველოს 2 000-ზე მეტი სკოლა და 6 158   მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, აჭარაში მცხოვრები მოსწავლეებიც. მოსწავლეების შერჩევა, როგორც ნათია მჟავანაძე ამბობს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდება. თითო სკოლიდან მინიმუმ 35 მოსწავლე მიიღებს კვლევაში მონაწილეობას.

 

„ტესტირება 1-იდან 20 მაისამდე ტარდება. ტესტი შედგება სამი ნაწილისგან. პირველი ნაწილი მოიცავს კითხვით ნაწილს, წიგნიერებას რასაც ვეძახით, მეორეა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ნაწილი და მესამე  მათემატიკის ნაწილი. ეს კვლევა სამ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. პირველი კვლევა იყო 2008 წელს, მაშინ უფრო წიგნიერებაზე გაკეთდა მეტი აქცენტი. 2012 წელს უნდა გაკეთებულიყო მათემატიკური ნაწილი, მაგრამ ჩვენ გამოვტოვეთ, წელს კი მეტი აქცენტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე გავაკეთეთ“- ამბობს, ნათია მჟავანაძე. 

 

წიგნიერების კვლევაში საქართველომ 2008  წელს დაბალი დონე აჩვენა.

 

„ტესტირება ორსაათიანი იქნება. კითხვარებს მოსწავლეების გარდა, სკოლის დირექტორები და მშობლებიც შეავსებენ. კითხვარები ინფორმაციას იძლევა იმის შესახებ, რაც შეიძლება კავშირში იყოს საგანმანათლებლო მიღწევებთან. მაგალითად, მშობლის კითხვარში არის კითხვები იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი საბუნებისმეტყველო სწავლებას, რამდენად პრიორიტეტულად მიაჩნიათ კარიერის გაკეთება ამ სფეროებში, რა ასაკიდან დაიწყეს მაგალითად ბავშვებთან სამყაროს შესახებ საუბარი და ა.შ“.

 

კვლევის საბოლოო შედეგები 2016 წლისთვის იქნება ცნობილი. კვლევას ამერიკული ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა“ აფინანსებს.

 

ნათია მჟავანაძე

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: