მთავარი,სიახლეები

რამდენად დააზიანა მანდარინი სეტყვამ

24.11.2017
რამდენად დააზიანა მანდარინი სეტყვამ

ციტრუსის მოსავლის რა ნაწილი დააზიანა სეტყვამ? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ზუსტი მონაცემები ჯერ არ აქვთ. სამინისტრო მეციტრუსეებს მოუწოდებს, დროულად დარეკონ ცხელ ხაზზე, თუკი მოსავალი დაზღვეულია.

„მანდარინის სპეციფიკა ვიცით, სეტყვის დროს არ ეტყობა და ნაყოფს ემჩნევა სადღაც 7-8 დღის შემდეგ. ამ პერიოდში მოხდება ბაღების დათვალიერება და შემდეგ დავითვლით ზარალს. მეციტრუსეებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ გამოდარების შემდეგ აიღონ მოსავალი და 6-7 ძირი მანდარინი დატოვონ იმისთვის, რომ სპეციალისტებმა შეფასება გააკეთონ. თუკი მოსავალი დაზღვეულია, დროულად უნდა დარეკონ მეციტრუსეებმა ცხელ ხაზზე – 15 01,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

წელს აჭარაში 2500 სადაზღვევო პოლისია გაცემული. სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 1500 ჰექტარზე მეტი ციტრუსის ბაღია დაზღვეული. მამუკა თურმანიძის თქმით, დაზღვევის ანაზღაურება გასული წლის მსგავსად მოხდება და მეციტრუსეს კილოგრამ მანდარინში 50 თეთრს გადაუხდიან.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ზარალი დიდი ოდენობის არ იქნება. „ინტენსიური სეტყვა არ ყოფილა“, – ამბობს ციტრუსის შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი სირაბიძე. „ციტრუსმა წელს გვიან დაიწყო დამწიფება, ქერქი არის მაგარი და ვფიქრობთ, რომ დაზიანების მაჩვენებელი შეიძლება არ იყოს დიდი,“ – აღნიშნავს მამუკა თურმანიძე.

აჭარაში წელს ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 55 ათასი ტონაა. ციტრუსის შტაბის მონაცემებით, 23 ნოემბრის მდგომარეობით, ექსპორტზე გასულია მხოლოდ 1304 ტონა მანდარინი, აქედან რუსეთში 867 ტონა, სომხეთში – 257, უკრაინაში- 169 და ყაზახეთში – 12 ტონა.

ციტრუსის შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი სირაბიძის ინფორმაციით, არასტანდარტული მანდარინის მიმღები საწარმოები 27 ნოემბერს გაიხსნება. შტაბში არ აქვთ მონაცემები, რა ოდენობის სტანდარტული მანდარინი ჩაიბარეს ციტრუსის საწარმოებმა.

„ჯერ აქტიურად არ დაწყებულა ჩაბარება, ძალიან მცირე ოდენობით არის ჩაბარებული,“ – დასძენს გიორგი სირაბიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: