სიახლეები

თამარ ამაშუკელი: ინვესტიციამ არ უნდა გამოიწვიოს ქალაქის ნგრევა

21.04.2015 • 2750
თამარ ამაშუკელი: ინვესტიციამ არ უნდა გამოიწვიოს ქალაქის ნგრევა

 

თამარ ამაშუკელი
თამარ ამაშუკელი

ქალბატონო თამარ, გასულ კვირას მედიაში გავრცელდა პროექტი, რომელიც შესაძლოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ბათუმის ყოფილი პირველი აფთიაქის შენობაზე განხორციელდეს, ევროპის მოედანზე. თქვენი აზრით, რას დაკარგავს ბათუმი მსგავსი პროექტის განხორციელების შემთხვევაში?

 

ბათუმი დაკარგავს კიდევ ერთ ღირებულ შენობას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სახეცვლილია, მნიშვნელოვანია თავისი მდებარეობით და ინარჩუნებს იმ მასშტაბს, რომელიც ახასიათებდა ამ მოედანს. ეს ყველაფერი მოჰყვა ფოსტის შენობაზე განხორციელებულ ქმედებებს. თავიდანვე ვამბობდით, რომ ფოსტის შენობის ცვლილება არ იქნებოდა ერთადერთი, რადგან თუ ეს პროცესი დაიწყო, მისი შეჩერება ძალიან ძნელია.  

 

ფოსტის შენობის ცვლილება წინა ხელისუფლების დროს განხორციელდა, დღეს ვინც ხელისუფლებაშია, მათგან ბევრი ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესს და კულტურული მემკვიდრეობის ასეთ „განვითარებას“, მე იმედი მქონდა, რომ ამ ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს პროცესი შეჩერდებოდა, სამწუხაროდ ასე არ ხდება. თუ ფოსტის შემდეგ იგივე მოხდება ყოფილი პირველი აფთიაქის შენობაზეც, ალბათ ეს იქნება განგრძობადი პროცესი, რომელიც შეიწირავს ძალიან ბევრ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და რაც მთავარია, შეიწირავს იმ მასშტაბს, რომელიც ქალაქს ჰქონდა და რომელიც დიდწილად ისედაც დაზიანდა.

 

რატომ არის მიუღებელი ყოფილი პირველი აფთიაქის შენობაზე ან მის უკან მრავალსართულიანი პროექტის განხორციელება?  

 

კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ არეგულირებს, თუ რა ცვლილება შეიძლება განხორციელდეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე. ისტორიულ ძეგლზე შეიძლება ჩატარდეს რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, ძეგლის მასშტაბის ცვლილებაც კი, თუ ის არ არღვევს ძეგლის მთლიანობას და ღირებულებას. სამწუხაროდ კანონში არსებული ჩანაწერები ძალიან ბუნდოვანია, იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას, რაც ხშირად ხდება კიდეც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების მიზეზი. ყოფილი აფთიაქის შენობაზე წარმოდგენილი პროექტის შესახებ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი ქმედება, რომელიც კანონშია გაწერილი და რომელიც შეიძლება განხორციელდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, არ გულისხმობს მსგავს პროცესს.  

 

მეორე, რაც აუცილებლად უნდა ვთქვათ, ასეთი მასშტაბის ცვლილებები საერთოდ აკრძალულია ისტორიული ძეგლების არეალებში. ტერიტორია, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია თავმოყრილი, უნდა იყოს დაცული და ამ ზონებში შენარჩუნებული უნდა იყოს ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილი, მასშტაბი და არქიტექტურული იერი. ამას კანონი არეგულირებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ შენობების აღმართვა, რომელიც თავისი ფორმითა თუ სიმაღლით დისონირებს ისტორიულ განაშენიანებასთან,  სასტიკად აკრძალულია.  

 

ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის პროექტი, რომელიც მედიაში გავრცელდა, განაშენიანების ფორმებსაც არღვევს და კულტურული მემკვიდრეობის შენობასაც აზიანებს. ფასადი გინდა ყოფილა, გინდა – არა, რაც რჩება, იმას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. მსგავსი პროექტის განხორციელების  ერთადერთი გზა ის არის, რომ მოხსნან ძეგლის სტატუსი, თუმცა სტატუსის მოხსნისთვის არანაირი არგუმენტაცია არ არსებობს, რადგან სახეცვლის მიუხედავად ძეგლს აქვს ისტორიული და კულტურული ღირებულება.  მსგავსი პროექტის განხორციელებით, ობიექტი სრულად დაკარგავს ღირებულებას, რაც ავტომატურად ნიშნავს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის განადგურებას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება კი ისჯება საქართველოს კანონმდებლობით და იმედია ამაზე ვინმე ოდესმე პასუხს აგებს.

 

მეორე მხრივ, არის ინვესტორის ინტერესები, შენატანები ბიუჯეტში, რაც აისახება მოსახლეობაზეც, რაზეც მიუთითებს მთავრობა…

 

გასაგებია, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ყველა ობიექტის რესტავრირება, მაგრამ მან აუცილებლად უნდა შექმნას რეგლამენტი, რომ ინვესტიციამ არ გამოიწვიოს ქალაქის ნგრევა. ინვესტიცია და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი არ არის ერთმანეთისგან დაშორებული ცნება, ეს პროცესი მთელმა მსოფლიომ გაიარა და ძალიან კარგად ახერხებენ ისტორიულ ქალაქებში ამ ორი რამის შეჯერებას, ისე, რომ ინვესტორებიც კმაყოფილნი არიან, არ ზიანდება კულტურული მემკვიდრეობა, ქალაქიც კმაყოფილია და ტურისტებიც. მაგრამ ჩვენს სახელმწიფოს და მოხელეებს ამ გზის ეშინიათ, რადგან ეს უფრო რთული გზაა, მეტ გააზრებას ითხოვს, რეგლამენტის შემუშავებას, წახალისების ფორმებს, ამიტომ მარტივი გზა აქვთ მოძებნილი, გზა რომელსაც ინვესტიციებს შეწირული ურბანული მემკვიდრეობა ჰქვია.

 

როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და ადამიანებმა ოჯახიდან  ძვირფასი  ნივთების გატანა და გაყიდვა დაიწყეს მშრალ ხიდზე, ზუსტად იგივე პროცესი მიმდინარეობს ახლა ჩვენს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში. სახელმწიფოს ბიუჯეტის შესავსებად გამოაქვს კულტურული მემკვიდრეობა და ყიდის, სწირავს ჩვენს უმნიშვნელოვანეს და რაც მთავარია არაგანახლებად რესურს, ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას.

 

დაუშვებელია ფულად ერთეულში გადავიყვანოთ კულტურული მემკვიდრეობა, ის ხომ შეუფასებელია, მასზე დგას ერის, ნაციის თვითმყოფადობა, მისი კულტურა, ისტორია და იდენტობა. სახელმწიფომ ისე უნდა მოახერხოს ბიუჯეტის შევსება და ინვესტიციის მოზიდვა, რომ ამით არ დაზარალდეს ჩვენი ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა.

 

ამბობენ, რომ წარდგენილი პროექტი შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 50-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რაც შენობის არსებული ფორმით შენარჩუნებას შეუძლებელს გახდის. თქვენთვის სხვა პროექტიც მიუღებელი იქნება? 

 

თავიდანვე, როცა დებდნენ ამ ხელშეკრულებას, უნდა ეფიქრათ, რომ ამის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ არ იქნა ძეგლი დანგრეული. ერთად ეს ორი რამ  არ გამოვა, სივრცე არ არის საკმარისი. მე მაქვს შეკითხვა – თუ იცის ინვესტორმა, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და რომ ძელზე განსახორციელებელი ყველა ქმედება რეგულირდება კანონით?! 2005 წლამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაყიდვა არ იყო დაშვებული, შემდეგ ეს დაუშვეს, და ეს სწორიც იყო, რა თქმა უნდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი შეიძლება გაიყიდოს, მაგრამ გაყიდვის შემთხვევაში მას უნდა მიჰყვეს სახელმწიფოსა და ახალ მფლობელს შორის დადებული ხელშეკრულება, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი ვალდებულებები და შეზღუდვები.  სახელმწიფო უნდა ჰქმნიდეს ჩარჩოს, რეგლამენტს, პირობებს, რომელსაც შემდეგ მოერგებიან ინვესტორები და არა პირიქით. სამწუხაროდ ჩვენში ინვესტორები ქმნიან კანონებს, რომელიც ხშირად არ არის ქალაქისა და საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული.

 

გასულ კვირას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსმა მირანდა ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ყველა შემოთავაზებული ვერსია უნდა გახდეს პირველ რიგში პროფესიული და ასევე საზოგადოების განსჯის საგანი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. თქვენ ხელოვნებათმცოდნე ხართ და წლებია სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობთ. თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა ამ საკითხზე სპეციალისტების აზრთა სხვადასხვაობა? 

 

 

ხელოვნებათმცოდნეებისგან, არქიტექტორებისა და იმ სპეციალისტებისგან, ვისაც კარგად ესმის დღეს ქალაქი ბათუმი და ვისი პროფესიონალიზმიც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, მე პირადად წარმოუდგენლად მიმაჩნია მსგავს პროექტზე მოვისმინო დადებითი შეფასება. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ კი, შესაძლებელია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობა. არავინ არ არის სახელმწიფოს მტერი, არავინ არ იბრძვის საკუთარი თავისთვის, მთავარია ქალაქმა, სახელმწიფომ საუკეთესო გამოსავალი იპოვოს ამ სიტუაციიდან, რომ არ დაზარალდეს არც სახელმწიფო, არც კულტურული მემკვიდრეობა და არც ინვესტორი,

 

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაინც ქალაქის მცხოვრებლების აზრი. ეს თქვენი ქალაქია პირველ რიგში, თქვენ, ბათუმელებმა უნდა  განსაზღვროთ, რა არის თქვენი კულტურული მემკვიდრეობა, რა არის თქვენთვის ბათუმი, რის დაკარგვას არ შეეგუებით.… თუ ბათუმელებმა ხმა ამოიღეს და თქვეს, რომ ეს პროცესი ანგრევს ქალაქს და ეს აღარ არის ის ბათუმი, სადაც გავიზარდეთ, სადაც გვინდა, რომ ვიცხოვროთ და ჩვენი შთამომავლობა დარჩეს, ნამდვილად მოუწევს მთავრობას ამისათვის ანგარიშის გაწევა, რადგან მათ ყველა პროფესიონალის იგნორი შეუძლიათ, მაგრამ ისინი თვალს ვერ დახუჭავენ მოსახლეობის აზრზე. ყველგან ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის აზრს ასეთი საკითხების გადაწყვეტისას, რადგან კულტურული მემკვიდრეობა პირველ რიგში არის ის, რაც იქაური თემისთვის, იქ მცხოვრებისთვის არის ღირებული.


ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა ევროპის მოედანზე
ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა ევროპის მოედანზე

გადაბეჭდვის წესი