ნეტგაზეთი • RU

როცა ბავშვები ფეხსაცმლის უქონლობის გამო სკოლაში ვერ დადიან

 

სოფელ ქობულეთში მელაძეების ხუთშვილიანი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ხუთი ბავშვიდან ორი – 16 და 17 წლის გოგონები სამი თვეა სკოლაში მხოლოდ იმიტომ ვერ დადიან, რომ ფეხსაცმელი არ აქვთ. ბავშვები ამბობენ, რომ ცუდი ჩაცმულობის გამო მათ სკოლაში თანატოლები დასცინიან. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვის განათლება, თუმცა სამი თვის განმავლობაში მელაძეების მდგომარეობით სოციალური მომსახურების სააგენტო არ დაინტერესებულა. მსგავსი ფაქტების შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა ეკისრება მშობელს, საზოგადოებას და სოციალური მომსახურების სააგენტოს? „ბათუმელების“ კითხვებს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა ეთერ ცხაკაიამ უპასუხა. 

მელაძეების სახლი
მელაძეების სახლი

ქალბატონო ეთერ, იმ შემთხვევაში, როცა არასწრულწლოვანი სამი თვის განმავლობაში სკოლაში იმიტომ ვერ დადის, რომ ფეხსაცმელი არ აქვს, ვინ უნდა მოახდინოს რეაგირება ფაქტზე?

სააგენტო, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, გარკვეული კატეგორიის ბავშვებთან მუშაობს. ესენი არიან: მზრუნველობა მოკლებული, ძალადობის მსხვერპლი, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები. ეს კონკრეტული ოჯახი საჭიროებს ოჯახის დამხმარე მომსახურებას.

რა იგულისხმება დამხმარე მომსახურებაში?

როცა სოციალური მუშაკი აკეთებს შეფასებას, გამოიკვეთება საჭიროებები და ამ ბავშვებს, რომლებსაც ამბობთ, რომ ფეხსაცმელი არ აქვთ, დაეხმარებიან. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სოციალურ პროგრამაში გაჩნდა ახალი ქვეპროგრამა –  კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი პროგრამით დახმარების გაწევა. ოჯახმა აუცილებლად უნდა მომართოს სააგენტოს და სოციალური მუშაკი შეისწავლის ოჯახს. ათასობით ისეთ ოჯახს დავეხმარეთ, რომელთა ბავშვები ფეხსაცმლის არქონის გამო ვერ დადიოდნენ სკოლაში. სახელმწიფოს ამის რესურსი ნამდვილად გააჩნია. ასე, რომ შეფასების შემდეგ სახელმწიფო ოჯახს გადასცემს ყველაფერს, რაც საჭირო იქნება –  უზრუნველყოფს ფეხსაცმლით, საწოლითა თუ სასწავლო ნივთებით.

მესმის, რომ პირველ რიგში მშობლის აქტიურობაა მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ მშობლებს არ ჰყოფნით კომპეტენცია ან არ ფლობენ ინფორმაციას მსგავსი პროგრამების შესახებ, ასეთ დროს სოციალური მუშაკი ვალდებულია თუ არა შეატყობინოს შესაბამის უწყებას?

სოციალურ მუშაკს ამის ვალდებულება არ აქვს. თვითონ მოძიების პროცესს ვერ ახორციელებს, რადგან დღეის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ათასობით ოჯახია. ვერაფრით გაწვდება, თუ არ მოხდა გადმომისამართება იგივე მედიის საშუალებით ან მოქალაქეების მიერ, შემტყობინებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მაგრამ თუ შეტყობინება არ შემოვა, ჩვენი რესურსით ამას ვერ გადავამოწმებთ.

ეთერ ცხაკაია
ეთერ ცხაკაია

სოციალური მუშაკები პერიოდულად ხომ ამოწმებენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს?

კი, ხშირად ხდება ხოლმე გადმომისამართება და შესწავლის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს ოჯახი კრიზისულ პროგრამაშიც არის ჩართული, დღის ცენტრის მომსახურებასაც ვთავაზობთ და ა.შ. მაგრამ მელაძეების ოჯახის შემთხვევაში რა ხდება არ ვიცი, გადავამოწმებთ და თუ მომართვა არის, რეაგირება გვექნება.

როცა ოჯახი ცხოვრობს სიცოცხლისთვის საშიშ სახლში და სოციალური შემწეობა ვერ უზრუნველყოფს ოჯახის საჭიროებებს, მაშინ რატომ არ აისახა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების პროგრამა ამ ოჯახზე? ეს ინფორმაცია ხომ უნდა მიეტანა სოციალურ მუშაკს ამ ადამიანებამდე?

 

 მე ვერ გეტყვით რა შეისწავლა სოციალურმა მუშაკმა ამ ოჯახში, მაგრამ როცა მოდის ინფორმაცია და წერილები, ნამდვილად გვაქვს რეაგირება და ვეხმარებით კიდეც. არ ვიცი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა თუ არა გადმომისამართება, შესაბამისად, სოციალური აგენტის პასუხისმგებლობაზე ვერ ვისაუბრებ.  

კრიზისული პროგრამით ამ დროისთვის რამდენი ოჯახი სარგებლობს?

წინა წლის მონაცემებით, პროგრამით 1 432 ოჯახი და 3 827 ბავშვი დაკმაყოფილდა. ზუსტი ციფრი არ მახსოვს, მაგრამ 2015 წლის სამი კვარტლის სტატისტიკაც ძალიან მაღალია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პროგრამების შესახებ ინფორმაცია ჰქონოდა ყველას, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორს და მედიას. გარდა ოჯახისა, ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მეზობელს და ახლობელსაც, რადგან ბავშვზე ზრუნვის საკითხში ყველა უნდა იყოს ჩართული და თუ მშობელს ინფორმაციის მიწოდების უნარი არ აქვს, მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, რომ ყველამ ასეთი ფაქტების შესახებ სახელმწიფოს მიაწოდოს ინფორმაცია. 

P.S.  სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, როგორც მშობლებს, ასევე ოჯახის სხვა წევრებს, მეზობლებს ან ნებისმიერ პირს, რომელსაც ექნება ონფორმაცია უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ბავშვების შესახებ, აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ ბავშვზე მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს, რომლებიც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების გადაუდებელი დახმარების პროგრამის ფარგლებში, ბავშვებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ. ინფორმაციის მისაწოდებლად უნდა დარეკოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 05.

  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე