სიახლეები

კონდიციონერი სახლის ფასადზე – ზეპირი დირექტივები ბათუმის მერიისგან

15.04.2015 • 3318
კონდიციონერი სახლის ფასადზე – ზეპირი დირექტივები ბათუმის მერიისგან

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ  კონდიციონერების გარე ბლოკებთან დაკავშირებით მათი მხრიდან დღემდე მხოლოდ „ზეპირი დირექტივები“ გაიცემოდა და დღესაც ასეა.

„თუ აივანი აქვს სახლს, ვეუბნებით მოქალაქეებს მოხსნან ბლოკები და აივანზე შიგნითა მხრიდან დაალაგონ, მითუმეტეს, თუ ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ჩვენ ასეთ ძეგლებზე რეაგირება გვაქვს. გინდა არ გინდა, ვახსნევინებთ – ასე არ ხდება. ესთეტიკური მხრიდან გამომდინარე ვაკეთებთ რეაგირებას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის – ფასადების დამახინჯება და თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ არის დამახინჯება, ჩამოვახსნევინებთ. ახალაშენებულ სახლზე კი ვერ დაამონტაჟებენ ფასადზე კონდიციონერის გარე ბლოკებს, იმიტომ რომ არ ჩაიბარებს მერია ასეთ სახლს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრისას ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენელმა თენგიზ მესხიძემ.

მისივე თქმით, კანონი არ ავალდებულებს მოქალაქეს ფასადზე კონდიციონერის ბლოკის მოხსნას: “მაგალითად, მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური ვერც ამ ბლოკების დამაგრებაზე და ვერც დემონტაჟზე ნებართვას ვერ გასცემს. ალბათ, საკრებულო დაარეგულირებს ამ საკითხს. ორ ცეცხლს შუა ვართ, ის ხალხიც ცოდვაა და ჩვენგანაც რეაგირება უნდა მოხდეს…“.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უწყებებს უფრო „მკაცრად სთხოვენ და მოსთხოვენ პასუხს“ ფასადის, ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის, ვიდრე „უბრალო ხალხს“.

ყოფილი უშიშროების [ამჟამად შსს-ს] შენობა ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე. 12.04.2015

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ძეგლებთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსაც აწვდიან ინფორმაციას, რათა მოქალაქეებმა „არ დაბურღონ შენობები“ [ცნობისთვის, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე ბათუმის მერიის შენობაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია].

ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობა ლუკა ასათიანის ქუჩაზე. ბათუმი, 12.04.2015

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 150[1]

„თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

იგივე ქმედება, ჩადენილი “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსების, ჯიხურების, დახლების ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებური მონტაჟი ან/და განთავსება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით.

იგივე ქმედება, ჩადენილი “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: