სიახლეები

სასამართლომ შს სამინისტროს „ბათუმელებისთვის“ პრემიების შესახებ ინფორმაციის გაცემა დაავალა

07.04.2015 • 1367
სასამართლომ შს სამინისტროს „ბათუმელებისთვის“ პრემიების შესახებ ინფორმაციის გაცემა დაავალა

 

„თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და უნდა გაუქმდეს“, – წერია სარჩელში, რომელიც მეორე ინსტანციის სასამართლოში შს სამინისტროს ნდობით აღჭურვილმა პირმა თამარ გეგეშიძემ უკვე შეიტანა. 

 

შს სამინისტრო
შს სამინისტრო

გაზეთმა „ბათუმელებმა“ სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის თებერვალში უჩივლა, შს სამინისტროს პრემიებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. თბილისის საქალქაო სასამართლო ამ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ 2015 წლის 27 თებერვალს მოახერხა.

 

საქალაქო სასამართლომ რედაქციის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა „ბათუმელებს“ მიაწოდოს ინფორმაცია უწყებაში გაცემული პრემიების შესახებ.

 

შს სამინისტროში  თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების ოდენობას, მიმღების სახელის, გვარისა და თანამდებობის  მითითებით, რედაქციის ჟურნალისტი 2013 წლის 25 ნოემბრს გამოითხოვა, თუმცა სამინისტრო ამ ინფორმაციას რედაქციას დღემდე არ აწვდის.

 

გაზეთ „ბათუმელების“ ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

 

რედაქციას ასევე აინტერესებდა ინფორმაცია სამინისტროს ბალანსზე რიცხული სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მაღალი თანამდებობის პირთა სარგებლობაში არსებული ავტომანქანების შეკეთებისთვის რა თანხა დაიხარჯა. სამინისტროს განმარტებით, უწყება მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს დოკუმენტაცია სარემონტო სამუშაოების შესახებ, ვინაიდან სამინისტროს ბალანსზე არსებული მანქანები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებში და სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შემთხვევაში, შესაბამისად ამ ინფორმაციის გაცემაზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. სამინისტროს ეს პოზიცია სასამართლომ გაიზიარა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, საქართველოს  კონსტიტუცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი – ეს იმ კანონების ჩამონათვალია, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა გადაწყვეტილების მიღებისას.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: