სიახლეები

საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე: მართლმსაჯულების დამდგენი კომისიის შექმნა აუცილებელია

06.04.2015 • 1477
საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე: მართლმსაჯულების დამდგენი კომისიის შექმნა აუცილებელია

 

 

 

 

„ეს ერთი საპროტესტო აქციაც კარგად აჩვენებს იმ სურათს, რაზეც არაერთხელ ისაუბრა ჩვენმა ორგანიზაციამ. ეს საკითხი იყო წინასაარჩევნო დაპირება დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალის, როდესაც ის აცხადებდა, რომ შეიქმნებოდა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია და ყველა სამართლებრივ პრობლემატიკას შეისწავლიდა. 

 

როგორც გვახსოვს, ამ კომისიის შექმნა  გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც სამთავრობო დონეზე გაჟღერდა, არც კომისიის შექმნისა და არც შესაბამისი კომპენსაციის გაცემის ფინანსური რესურსი არ არსებობს.  

 

თავის დროზე  ვაცხადებდით და ახლაც ვამბობთ, რომ მართლმსაჯულების დამდგენი კომისიის შექმნა იმისათვის არის აუცილებელი, რომ არ მოხდეს მოქალაქეთა შორის კონფლიქტი და გამოირიცხოს ყოველგვარი კონფრონტაცია მოქალაქეებსა და ცალკეულ ადმინისტრაციას შორის, ან მოქალაქეებსა და თანამდებობის პირებს შორის“.

 

იყო თუ არა შეცდომა, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ ცალკეულ პირებზე ჩამორთმეული ქონება მოსამართლეებს ან სხვა მაღალჩინოსნებს საკუთრებაში გადასცა? – როგორც გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, იმ დროს არსებული კანონმდებლობა და დღეს მოქმედი სამართლებრივი ნორმები აძლევს ხელისუფლებას შესაძლებლობას, რომ ჩამორთმეული ქონება საკუთრებაში გასცეს.

 

„გადაცემის მოტივი ბევრი რამ შეიძლება იყოს. მთავარია ის, რისთვის გადაეცემა ქონება მოქალაქეს, ამის შეფასების საშუალება უნდა ჰქონდეს საზოგადოებას. ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ამ ქონების გადაცემისას კანონი დაირღვა.

 

გიორგი პაპუაშვილი ან სხვა რომელიმე პირი, ვისაც გადაეცა ჩამორთმეული ქონება საკუთრებაში არის თუ არა კეთილსინდისიერი მფლობელი, ამაზე პასუხი უნდა გასცეს სასამართლომ.  სამართლებრივად, სახელმწიფოს უფლება ჰქონდა ქონების გადაცემის, პაპუაშვილსაც ჰქონდა უფლება მიეღო ქონება, მაგრამ, რადგან ქონება სადაოა, ამიტომ უნდა შეიქმნას ხარვეზების დამდგენი კომისია, რომელიც შეისწავლოს, როგორ გადაეცემოდა სახელმწიფოს ქონება, რამდენად იყო ეს მოქალაქეთა ნებელობითი აქტი, რადგან არსებობდა ეჭვები, რომ მოქალაქეები იძულებით, გარკვეული ზემოქმედების შედეგად ტოვებდნენ ქონებას.

 

ეს უნდა გახდეს კვლევის საგანი, რადგან  თუ ისევ ჩვენივე გადაწყვეტილებით ჩამოვართმევთ საკუთრებას, ეს მეორე უკიდურესობაში გადაგვიყვანს. სახელმწიფომ შესაძლებელია უხეშად გამოიწვიოს სხვისი ქონების ხელყოფა, რადგან დღეს ამ სადაო ქონებას  სხვა მესაკუთრეები ჰყავს და სახელმწიფოს ვალდებულება მათი საკუთრების დაცვაც  არის“.  

 

შეგახსენებთ – დღეს, 6 აპრილს, როლანდ ბლადაძის ახლობლები საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გიორგი პაპუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასა და ბლადაძისთვის ყოფილი საცხოვრებელი ბინის უკან დაბრუნებას ითხოვდნენ.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: