ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დღეს, 6 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან როლანდ ბლადაძის ნათესავებთან ერთად ბინის ჩამორთმევის საკითხი გააპროტესტეს და საკონსტიტუციო სასამართლის თავმჯდომარის იმპიჩმენტი მოითხოვეს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა 2015 წლის 17 მარტს, უკანონოდ გაასხვისა სახელმწიფოს მიერ გადაცემული ბინა. სადაო ბინა გიორგი პაპუაშვილმა მისი ცოლის დას, ეკა ხოფერიას ყოფილ მეუღლეს მიყიდა, თუმცა ახალი მეპატრონე ბინის რეესტრში გაფორმებას ვერ ახერხებს, რადგან ჩვენ მოვითხოვეთ დოკუმენტაციაზე საჯარო რეესტრს დაედო ხარვეზი. მოვითხოვთ დაიწყოს გიორგი პაპუაჩვილის იმპიჩმენტის საკითხიც ან მან თავად მიიღოს თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება“, – აცხადებს ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი.
როლანდ ბლადაძის ნათესავის განცხადებით, თუკი ხელისუფლება სადაო ბინას უკან არ დააბრუნებს, ბლადაძეები თვითონ მიიღებენ ზომებს.
„სახლი არის უკანონოდ ჩამორთმეული და ნუ დაუტოვებენ თავიანთ შვილებს საშარო საქმეს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაპირებთ ქონების დათმობას. ასი წელი რომ გავიდეს ეს ამბავი მაინც არ დამთავრდება და სანამ არ მომხდარა ანგარიშსწორება და საშინელება არ გაკეთებულა, მანამდე ვთხოვთ ხელისუფლებას ყურადღება მიაქციონ. თორემ, მოხდება საშინელება, მოხდება ხალხის სასამართლო“, – აცხადებს ჟურნალისტებთან როლანდ ბლადაძის ნათესავი მერაბ ბლადაძე.
როლანდ ბლადაძე ოჯახთან ერთად, ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. ბლადაძე სარფის საბაჟოს გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. სააკაშვილის ხელისუფლებამ როლანდ ბლადაძეს გორგილაძის ქუჩაზე არსებული ბინა ჩამოართვა და სახელმწიფოს გადასცა.
საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან